ფრაზა, რომელსაც მამაკაცები არასწორად თარგმნიან
ავტორი: ნინო წულუკიძე 55 წუთის წინ
ამბობენ, ქალისა და მამაკაცის ტვინი განსხვავებულად მუშაობსო. ამას მეცნიერები იკვლევენ. მაგრამ არსებობს ერთი სფერო, სადაც, მგონი, მეცნიერებაც კი უძლურია. ეს არის ქალის ფრაზების თარგმნა.
არა, ქალები საიდუმლო ენაზე არ საუბრობენ. უბრალოდ, ზოგჯერ სიტყვებს ემოციები ახლავს, ემოციებს – კონტექსტი, კონტექსტს კი – ის ამბავი, რომელიც ორი კვირის წინ მოხდა და თქვენ უკვე დაგავიწყდათ.
მოდი, ვნახოთ რამდენიმე ყველაზე ცნობილი „ქალური გამოთქმა“.
„როგორც გინდა“
მამაკაცის თარგმანი: „შესანიშნავია, გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო“.
ქალის ვერსია: „იმედია, ახლა მაინც მიხვდები, რომ ეს იდეა არ მომწონს.“
„არაფერი მაქვს ჩასაცმელი“
მამაკაცი ოთახში იყურება და ხედავს გარდერობს, რომელიც პატარა ბუტიკს ჰგავს.
ქალი კი ერთ კონკრეტულ პრობლემას ხედავს: „არაფერი მაქვს ისეთი, რაც დღეს ჩემს განწყობასა და სიტუაციას შეეფერება“. ეს ორი სრულიად განსხვავებული წინადადებაა.
„ხუთ წუთში მზად ვიქნები“
ამ ფრაზას თავისი დროის სარტყელი აქვს. ხუთი წუთი შეიძლება, მართლაც ხუთი წუთი იყოს... ან შეიძლება, ნიშნავდეს: „ახლა მხოლოდ ტუში დამრჩა... მერე საყურეები... მერე ჩანთა... მერე მაინც სხვა ფეხსაცმელს ჩავიცვამ...“
„არ მშია“
ამ ფრაზის თქმის შემდეგ ქალმა შეიძლება, თქვენი კარტოფილი ფრის ზუსტად ნახევარი მიირთვას.
„არაფერი მიყიდო“
ეს მართლაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ძვირად ღირებული საჩუქარი არ უნდა.
მაგრამ... ერთი პატარა ყვავილი, საყვარელი შოკოლადი, ხელით დაწერილი ბარათი.
აი, ამას ნამდვილად შეუძლია დღის გადარჩენა.
„კარგად ვარ“
თუ ეს ფრაზა ნათქვამია ღიმილით, დიდი ალბათობით, ყველაფერი მართლა კარგად არის. თუკი ეს ფანჯარაში ყურებისას, სამწამიანი პაუზის შემდეგ თქვა, შეიძლება, ეს საუბრის დასაწყისი იყოს და არა დასასრული.
„შენ აირჩიე“
ეს ძალიან მზაკვრული წინადადებაა. რადგან როცა მამაკაცი არჩევანს აკეთებს, პასუხად ხშირად ისმის: „არა, ეგ არა!“
ამ დროს მამაკაცი ფიქრობს: „მაშინ რატომ მითხარი, მე ამერჩია?“
ქალი კი ფიქრობს:
„უბრალოდ, მინდოდა, ჩემი აზრითაც დაინტერესებულიყავი“.
„მე არ ვბრაზობ“
აქ მთავარი ტექსტი კი არა, ინტონაციაა. თუ ამ ფრაზას სამწამიანი სიჩუმე უსწრებს, შესაძლოა, ჯერ მხოლოდ პროლოგში ხართ.
„გააკეთე, როგორც გინდა“
ეს არ არის სრული თავისუფლება. ეს უფრო გამოცდაა - პატარა, უხმო, უსიტყვო, მაგრამ მაინც გამოცდა.
„არაფერია“
ოჯახური ცხოვრების ისტორიაში ეს, ალბათ, ყველაზე ცნობილი სიტყვაა. მამაკაცები ხშირად ფიქრობენ, რომ ამით თემა დასრულდა.
ქალები კი ხშირად გულისხმობენ:
„ჯერ მზად არ ვარ ამაზე სასაუბროდ“.
და ეს ორი რამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
დიახ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ყველაზე დიდი პრობლემა ხშირად არა სიყვარული, არამედ ზუსტად თარგმნაა.
მამაკაცები ფიქრობენ, რომ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. სინამდვილეში კი, ყველაზე ბედნიერი წყვილები ისინი არიან, ვინც არც მინიშნებების გამოცნობას ცდილობენ და არც აზრების კითხვას.
რატომ ახსოვს ქალს, რატომ არ ახსოვს კაცს
საიდან იწყება ორი სამყაროს დაპირისპირება? ქალს ახსოვს ყველაფერი, მამაკაცს – არა. ანუ, ქალს ახსოვს არა მხოლოდ სიტყვები, ტანსაცმელიც, ამინდიც, ისიც, რესტორანში რომელ სიმღერას ასრულებდნენ. იმ დღეს რომ მიმტანმა ზედმეტად პილპილიანი კერძი მოიტანა, ეგეც.
კაცს კი ამ დროს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა აქვს: „მანქანის გასაღები სად დავდე?“
და ეს კითხვა, როგორც წესი, დღეში რამდენჯერმე ისმის. ქალის მეხსიერება ფოტოალბომივით მუშაობს. ქალს შეუძლია გითხრათ: იმ დღეს ლურჯი პერანგი გეცვა, იმ პერანგზე ერთი ღილი აკლდა.
ამ დროს მამაკაცი გაოცებული უყურებს – ყველაფერი როგორ ახსოვს?
პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ქალებს დეტალები უყვართ. რადგან, სწორედ დეტალებით აგებენ ისტორიებს.
კაცების მეხსიერება ცოტა სხვანაირია. მათ ახსოვთ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მანქანის ძრავის მოცულობა, მეგობრის ტელეფონის ნომერი, რომელიც უკვე ათი წელი, აღარ გამოუყენებიათ.
მაგრამ...
საყიდლების სია? – არა.
დაბადების დღის თარიღი? – შეიძლება.
საიუბილეო თარიღი? – აქ უკვე ღმერთის იმედად არიან.
ყველაზე საინტერესო კი კამათის დროს ხდება.
ქალი ამბობს: ხუთი წლის წინაც ზუსტად ასე მოიქეცი.
კაცი გაოცებულია.
და მაინც...
სიმართლე რომ ვთქვათ, ქალებს ყველაფერი იმიტომ კი არ ახსოვთ, რომ საოცარი მეხსიერება აქვთ. უბრალოდ, რაც გულს ეხება, ტვინიც აღარ ივიწყებს. მოულოდნელი კომპლიმენტი, სიურპრიზი ან ის ერთი ყვავილი, რომელიც სრულიად უმიზეზოდ აჩუქეთ – ასეთი ამბები თაროზე არ იდება, გულში ინახება.
სხვათა შორის, ქალებიც ხშირად ვერ უგებენ მამაკაცებს. როგორ შეიძლება, ადამიანი სამი საათი მშვიდად უყურებდეს ფეხბურთს?
ან რატომ ახსოვს მანქანის საბურავის ზომა ზეპირად, მაგრამ საკუთარი ქორწილის წლისთავი ტელეფონის შეხსენების გარეშე – არა.
მაგრამ, ბედნიერ წყვილებს ერთი საერთო თვისება აქვთ:
ქალი აღარ ითვლის, რამდენჯერ დაავიწყდა ქმარს ნაგვის გადაყრა.
კაცი კი აღარ ამტკიცებს, რომ ის ამბავი „ასე არ ყოფილა“. რადგან ბოლოს ორივე ერთ დასკვნამდე მიდის.
ქალს ახსოვს ყველაფერი.
კაცს – თითქმის არაფერი.
მაგრამ თუ ორივეს ახსოვს, რატომ შეუყვარდათ ერთმანეთი, დანარჩენი უკვე წვრილმანებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




