ქალი და კაცი

ამდენი წელია, ერთად ვართ

№36

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 20.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სიყვარული მხოლოდ იმიტომ არ უნდა შეიცვალოს, რომ წლები გავიდა. „ამდენი წელია, ერთად ვართ“ არ შეიძლება, გახდეს უყურადღებობის გამართლება. წლები არ აძლევს ადამიანს უფლებას, დაგამციროს. არც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეეგუო სიცივეს, უპატივცემულობას ან მუდმივ უგულებელყოფას.

სიყვარული შეიძლება, შეიცვალოს, მაგრამ პატივისცემა არ უნდა გაქრეს. შეიძლება „პეპლები“ „გაფრინდნენ“ შეიძლება, ყოველდღე აღარ გენატრებოდეს, შეიძლება, საათობით აღარ საუბრობდეთ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არსებობს სითბო, ნდობა, მეგობრობა, სურვილი, რომ პარტნიორი ბედნიერი იყოს, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული, უბრალოდ, სხვა ეტაპზე გადავიდა. დიახ, წლების შემდეგ შეიძლება, ის თავიდან შეგიყვარდეს. ოღონდ უკვე სხვანაირად. ერთ დღეს შეხედავ და გაიფიქრებ: „რამდენი რამ გამოვიარეთ.“

და მიხვდები, რომ სიყვარული ისიც ყოფილა, როცა რთულ დღეს ერთმანეთისთვის კარი გაგიღიათ, როცა ერთ-ერთს არ ჰქონდა ძალა და მეორემ აიღო მისი ტვირთის ნაწილი... როცა იჩხუბეთ, მაგრამ მაინც დაუბრუნდით სასაუბროდ, როცა ერთმანეთს აპატიეთ, როცა გაიზარდეთ, როცა შეიცვალეთ და მიუხედავად ყველაფრისა, ისევ გადაწყვიტეთ: „შენთან ერთად მინდა“. იქნებ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული, როცა წლების შემდეგ ხვდები, რომ არსად წასულა, ის, უბრალოდ, გაიზარდა.

პირველ წლებში სიყვარული გვაბრუებს. წლების შემდეგ კი, თუ ის ნამდვილია, გვამშვიდებს. ეს სიმშვიდე ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ის პირველი პეპლები მუცელში.

როგორი მამაკაცი გვინდა რეალურად

ალბათ, ბევრჯერ გვითქვამს, როგორი მამაკაცი გვინდა გვერდით: ძლიერი, თავდაჯერებული, წარმატებული, მზრუნველი, რომანტიკული… მაგრამ როცა ურთიერთობებზე რეალურად ვსაუბრობთ, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ქალს სჭირდება ადამიანი, ვის გვერდითაც საკუთარ თავს არ დაკარგავს.

დიახ, ჩვენ გვინდა მამაკაცი, რომლის გვერდითაც არ მოგვიწევს მუდმივად იმის მტკიცება, რომ სიყვარულს ვიმსახურებთ, რომელიც სიტყვებით კი არა, საქციელით გვაჩვენებს, რომ ჩვენი ადგილი მის ცხოვრებაში ნამდვილად არის.

გვინდა მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მოსმენა მაშინაც კი, როცა გაბრაზებული, დაღლილი ან მოწყენილი ვართ. ადამიანი, რომელიც ჩვენს ემოციებს „დრამას“ არ დაარქმევს და ჩვენს სისუსტეს ჩვენ წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

გვინდა მამაკაცი, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს. თუ ამბობს, მაშასადამე, გააკეთებს. თუ ვერ აკეთებს, ამასაც გულწრფელად იტყვის, რადგან საბოლოოდ, ყველაზე მიმზიდველი თვისება შესაძლოა, სწორედ სანდოობა იყოს.

დიახ, გვინდა ძლიერი მამაკაცი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ძალას მის უხეშ დემონსტრირებაში ხედავს. ძლიერი ის არის, ვისაც შეუძლია, ბოდიშის მოხდა, საკუთარი შეცდომის აღიარება, რთულ საუბარში დარჩენა და პრობლემისგან გაქცევის ნაცვლად მისი გადაჭრა.

გვინდა სიყვარული, რომელიც მშვიდობას მოგვიტანს და არა მუდმივ გაურკვევლობას. აღარ გვინდა ურთიერთობები, სადაც ერთი დღე გვაგრძნობინებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვართ, მეორე დღეს კი გვაიძულებენ, ვიფიქროთ, საერთოდ ვჭირდებით თუ არა.

გვინდა მამაკაცი, რომელიც ჩვენ გვერდით დგომას საკუთარი თავისუფლების დაკარგვად არ აღიქვამს. პირიქით, რომელსაც ესმის, რომ ჯანსაღ ურთიერთობაში ორი დამოუკიდებელი ადამიანი ერთიანდება.

და, ალბათ, ყველაზე მეტად გვინდა ადამიანი, რომლის გვერდითაც შეგვიძლია ვიყოთ, უბრალოდ, ჩვენ – მაკიაჟის, იდეალური განწყობის, ყოველთვის ძლიერი და უშეცდომო ქალის როლის გარეშე.

უფრო ღრმა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

რა არის შინაგანი სიმშვიდე…

შინაგანი სიმშვიდეა, როცა საკუთარი თავის მიღება შეგიძლიათ, როცა მარტო დარჩენის აღარ გეშინიათ, როცა არ გჭირდებათ მუდმივად ვინმეს ყურადღება, მოწონება ან აღიარება... როცა სხვისი წარმატება თქვენს წარუმატებლობას აღარ ნიშნავს, როცა სხვა ქალის სილამაზე თქვენს სილამაზეს არაფერს აკლებს, როცა შეგიძლიათ, დაინახოთ ვიღაცის წარმატება და გულწრფელად უთხრათ – „მიხარია შენი ამბავი“.

მოდი, ვკითხოთ საკუთარ თავს: რისთვის გვინდა ჩვენი დროის გამოყენება?

შეგიძლიათ, ორი საათი გაატაროთ სხვისი ცხოვრების განხილვაში თუ ეს ორი საათი საკუთარ თავზე დახარჯოთ – წაიკითხოთ, ივარჯიშოთ, იმუშაოთ, მეგობარს შეხვდეთ, შვილთან ითამაშოთ, პარტნიორთან ისაუბროთ, ახალი რამ ისწავლოთ, უბრალოდ, დაისვენოთ.

შეგიძლიათ, სხვის ცხოვრებაში ეძებოთ პასუხები ან საკუთარი თავისთვის შექმნათ ის, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. როცა ქალი ამ არჩევანს აკეთებს, ნელ-ნელა იცვლება მისი სამყაროც. მას აღარ სჭირდება ხმაურიანი გარემო იმისთვის, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს. აღარ სჭირდება ყველასთვის რაღაცის დამტკიცება. აღარ სჭირდება იცოდეს, რას იტყვიან მასზე სხვები. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხდება, რას ამბობს ის საკუთარ თავზე, როცა სარკეში იყურება.

ასეთი ქალი შეიძლება ძალიან ბევრს საუბრობდეს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან; შეიძლება, უყვარდეს სიცილი, ისტორიების მოყოლა, ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრული შეკრებები, მაგრამ ერთი რამ იცვლება – ის აღარ იყენებს სხვის პირად ცხოვრებას საკუთარი სიცარიელის შესავსებად. მას აქვს თემები, რომლებზეც საუბარი ნამდვილად ღირს. ამიტომ, თუ ოდესმე აღმოაჩენთ, რომ აღარ გაინტერესებთ სხვისი ცხოვრების დეტალები, ნუ იფიქრებთ, რომ გულგრილი გახდით. შესაძლოა, უბრალოდ, გაიზარდეთ. შესაძლოა, თქვენი საკუთარი ცხოვრება იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ სხვისი ცხოვრების განხილვისთვის დრო აღარ დაგრჩათ. და ეს ცუდი სულაც არ არის. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ნიშანი იმისა, რომ საკუთარ თავთან მშვიდობა იპოვეთ. ამისთვის ნამდვილად ღირს მთელი ენერგიის დახარჯვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი