ქალი და კაცი

მამაკაცის ჭირვეულობის ფაზები, როგორ გადაიქცევა ზრდასრული კაცი ხანდახან დიდ ბავშვად

№34

ავტორი: ნინო წულუკიძე 15 წუთის წინ

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალები ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცის ხასიათის ამოცნობა რთულია. სინამდვილეში, სულაც არა. უბრალოდ, მამაკაცებს აქვთ საკუთარი სეზონური ცვლილებები, მთვარის ფაზები და, რაც მთავარია, ჭირვეულობის პერიოდები. ეს ის მომენტებია, როცა კაცი, რომელსაც სამსახურში რთული პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია, სახლში მოულოდნელად ვერ ხვდება, სად დევს მისი წინდა.

პირველი ფაზაა „არაფერი მჭირს“. ქალი მაშინვე ხვდება, რომ რაღაც სჭირს. მამაკაცი კი, როცა ეკითხები: „რა მოხდა?“ მშვიდად პასუხობს: „არაფერი.“ „აბა რატომ ხარ ჩუმად?“ – „უბრალოდ ჩუმად ვარ.“ ამ დროს ქალი ჩვეულებრივ დუმდება. არა იმიტომ, რომ პასუხი მიიღო, არამედ იმიტომ, რომ მიხვდა, გამოძიება ახლა იწყება და მთავარი ეჭვმიტანილი თავად მამაკაცია.

მეორე ფაზაა „მე თვითონ ვიცი“. ამ ეტაპზე ნებისმიერი რჩევა აღიქმება, როგორც პირადი შეურაცხყოფა. ქალი ეუბნება: „იქნებ ქოლგა წაიღო, წვიმას აპირებს“. პასუხი მყისიერია: „მე თვითონ ვიცი“. კაცი სახლში ბრუნდება სრულიად სველი. და ჭკვიანი ქალი უკვე აღარ ამბობს: „მე ხომ გეუბნებოდი“. იმიტომ არა, რომ ეს სიმართლე არ იქნება, არამედ მშვიდი საღამოს ფასი იცის.

მესამე ფაზა – „ყველაფერი მაღიზიანებს“. ამ დროს მამაკაცი შეიძლება, გააღიზიანოს მაცივრის კარმა, ტელევიზორის ხმამ, ამინდმა, ჩაიში შაქრის რაოდენობამ... აქ ჭკვიანი ქალი ხვდება – ზედმეტი კითხვა საკუთარი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ჭირვეული მამაკაცის ამოცნობის კიდევ ერთი ზუსტი მეთოდი ის არის, რომ მას პასუხი აქვს ყველაფერზე, მაგრამ არც ერთი პასუხი არ არის სწორი. „რა გინდა სადილად?“ – „არ ვიცი.“ „ხორცი?“ – „არა.“ „თევზი?“ – „არა.“ „სალათა?“ – „სადილი მინდა, სალათა – არა“. ქალი ჩერდება და ფიქრობს: „მაშინ რატომ არ მითხარი, რა გინდა?“ პასუხი კი, როგორც წესი, ისტორიულია: „უნდა მიხვდე“.

მეოთხე ფაზას შეიძლება, ვუწოდოთ „ძველი ამბების გახსენება“. კამათი იწყება შვიდი წლის წინანდელი შემთხვევით. ქალს შეიძლება, აღარაფერი ახსოვს, მამაკაცს კი ახსოვს ყველაფერი, განსაკუთრებით ის, რაც თავის სასარგებლოდ შეუძლია გამოიყენოს. ამ ფაზაში ყველაზე გონივრული სტრატეგიაა, არ შეეკამათო ფაქტებს, რომელთა არსებობაც აღარ გახსოვს.

საბოლოოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდეს. მთავარია, ვიცოდეთ, როდის არის საჭირო პასუხი, როდის – ჩახუტება და როდის ჯობს, უბრალოდ, ჩაი დავუდგათ წინ და გავეცალოთ. რადგან მამაკაცის ჭირვეულობას, როგორც ჩანს, ერთი უნივერსალური წამალი აქვს: ცოტა სივრცე, ცოტა იუმორი და ქალი, რომელმაც უკვე იცის – ესეც გაივლის.

ოჯახური ცხოვრება, ანუ როგორ უნდა გადაურჩნენ ერთმანეთს ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ

ოჯახური ცხოვრება, ერთი შეხედვით, მარტივი რამაა: ორი ადამიანი შეხვდა, შეუყვარდა ერთმანეთი, იქორწინეს და დაიწყეს ერთად ცხოვრება. ფილმებში სწორედ აქ მთავრდება ისტორია. რეალურ ცხოვრებაში კი სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი.

ქორწილის შემდეგ აღმოაჩენ, რომ სიყვარული, თურმე, მხოლოდ „მიყვარხარ“ არ ყოფილა. სიყვარული ისიცაა, როცა დილით საწოლიდან ადგომამდე ერთმანეთს ეჯიბრებით, ვინ უფრო დიდხანს იწვეს საბანში. სიყვარულია კითხვა: „დღეს რა ვჭამოთ?“, რომელსაც ზოგიერთ ოჯახში ყოველდღიურად სვამენ და წლების განმავლობაში მაინც ვერ პოულობენ პასუხს.

ოჯახური ცხოვრების პირველი დიდი ბატალია, რა თქმა უნდა, დაკარგული ნივთებია.

– ჩემი გასაღები სად არის?

– იქ, სადაც დადე.

– მე იქ არ დამიდია.

– აბა სად დადე?

– არ ვიცი. ამიტომ გეკითხები.

ქალი იწყებს ძებნას და ხუთ წუთში პოულობს.

– აი, აქ ყოფილა.

მამაკაცი იღებს გასაღებს და სრულიად მშვიდად ამბობს:

– აშკარად შენ შეინახე, აბა, ასე მალე როგორ იპოვე?

ქალი ჩუმდება. ამ დროს მას უკვე ორი არჩევანი აქვს: იცინოს ან იკამათოს. გამოცდილი ცოლი იცინის. ახალბედა ჯერ კიდევ კამათობს.

მეორე ბატალია ტელევიზორის პულტია.

პულტი შეიძლება, იყოს მაგიდაზე, დივანზე, ბალიშის ქვეშ ან კაცის ხელში. მაგრამ თუ ქალი იკითხავს:

– პულტი სად არის?

პასუხი იქნება:

– სადღაც აქ..

თუმცა ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ომი იწყება მაშინ, როცა ერთ-ერთი ამბობს:

„არაფერი მჭირს“.

ეს „უწყინარი“ წინადადება განსაკუთრებით საშიშია.

ამ „არაფერს“ ზოგჯერ ისეთი გაგრძელება მოჰყვება, რომ...

მოკლედ, ყველაფრის მიუხედავად, ოჯახური ცხოვრება სწორედ ამ პატარა ბატალიებისგან შედგება. ორი განსხვავებული ადამიანი ცდილობს, ერთ სახლში იცხოვროს – თავისი ხასიათით, ჩვევებით, სიჯიუტით, დუმილითა და უცნაური წესებით.

ის ოჯახი კი არ არის ბედნიერი, სადაც არასდროს კამათობენ. ბედნიერი ოჯახია ის, სადაც კამათის შემდეგ მაინც გახსოვთ, რატომ აირჩიეთ ერთმანეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი