ქალი და კაცი

ვიდრე წარმოგვიდგენია

№39

ავტორი: ნინო წულუკიძე 48 წუთის წინ

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგჯერ გვგონია, რომ სხვა ქალებს ყველაფერი ჩვენზე უფრო მარტივად გამოსდით. ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან. უფრო ლამაზები. უფრო მოწესრიგებულები. უკეთესი დედები, პარტნიორები, პროფესიონალები. თითქოს ჩვენთან ერთად მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა, რომელსაც მუდმივად რაღაც არ ჰყოფნის – ჩვენ თვითონ. მაგრამ საკმარისია, ცოტა ახლოს მიხვიდე იმ „სხვა“ ქალთან და აღმოაჩენ, რომ ისიც ზუსტად იმავეს ფიქრობს.

ის ქალი, რომელსაც ქუჩაში თავდაჯერებული ნაბიჯით ხედავ, შეიძლება, სახლში სარკის წინ იდგეს და საკუთარ სხეულში იმ დეტალს ხედავდეს, რომელიც არ მოსწონს. ქალი, რომელსაც კარიერა აეწყო, შეიძლება ღამით ფიქრობდეს, საკმარისად კარგი დედაა თუ არა... ის, ვისაც იდეალური ურთიერთობა აქვს სოციალურ ქსელში, შეიძლება, საკუთარ სამზარეულოში ჩუმად ტიროდეს.

ჩვენ ერთმანეთის ცხოვრების გარეგნულ ნაწილს ვხედავთ. კვლევები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით, გარეგნობასთან დაკავშირებულმა შედარებამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს როგორც საკუთარი გარეგნობით კმაყოფილებაზე, ისე განწყობაზე.

ყველა ქალს აქვს თავისი „არასაკმარისი“.

ერთს ჰგონია, რომ ზედმეტად მსუქანია.

მეორეს – ზედმეტად გამხდარი; ერთს ეჩვენება, რომ კარიერაში ჩამორჩა. მეორეს ეშინია, რომ კარიერამ ოჯახისთვის დრო წაართვა; ერთს შვილის ყოლა უნდა, მეორეს – საკუთარი თავის პოვნა; ერთს მარტოობა აშინებს, მეორეს – არასწორ ადამიანთან დარჩენა...

და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ქალები შეიძლება ერთ ოთახში ისხდნენ და ერთმანეთის სწორედ იმ მიზეზით შეშურდეთ, რის გამოც თავად იტანჯებიან.

შედარება ყოველთვის დამღლელია – ის მუდმივად გვაიძულებს, საკუთარი ღირებულება სხვის ცხოვრებაში ვეძებოთ. მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ დღეს კონკურენციას შევწყვეტთ? იქნებ სწორედ იქ იწყება ქალების ერთმანეთის მხარდაჭერა, როცა სხვის ცხოვრებას საკუთარი ცხოვრების საზომად აღარ ვიყენებთ.

ქალები ერთმანეთს იმაზე მეტად ჰგვანან, ვიდრე წარმოგვიდგენია. ალბათ, ამიტომ არის ქალისგან ქალისთვის ნათქვამი ერთი უბრალო ფრაზა ზოგჯერ ასეთი ძლიერი – „მე მესმის შენი“.

ყველაზე დიდი თავისუფლება

ზოგჯერ ეს არც სამსახურის შეცვლაა, არც სხვა ქვეყანაში გადასვლა, არც მარტო ცხოვრება და არც ყველასთვის იმის დამტკიცება, რომ „ძლიერი ქალი“ ხარ.

ზოგჯერ თავისუფლება ბევრად უფრო მარტივია. ეს არის მომენტი, როცა ქალი საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას სხვების გარეშე იღებს.

აღარ ეკითხება ყველას: „შენ რას იტყვი?“ უბრალოდ ამბობს: „მე ასე მინდა“. და ამ პატარა წინადადებაში ზოგჯერ მთელი ცხოვრება ეტევა.

კვლევებიც მიუთითებს, რომ ქალის ავტონომია – საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისა და პირადი ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობა – კეთილდღეობის მნიშვნელოვან ნაწილთან არის დაკავშირებული.

მე რა მინდა?

ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი ზოგჯერ ძალიან არაკომფორტულია. თუმცა, თავისუფლება იწყება იქ, სადაც ქალი საკუთარ სურვილს დანაშაულად აღარ აღიქვამს.

ქალის ავტონომიაზე არსებული კვლევები გადაწყვეტილების მიღებას, საკუთარ ჯანმრთელობასა თუ ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ აღარავის სჭირდება შენი აზრი – ესეც მნიშვნელოვანია.

თავისუფალი ქალი არ არის ქალი, რომელიც ყველას აზრს უარყოფს. ის, უბრალოდ, სხვების აზრს საკუთარ გადაწყვეტილებაზე მაღლა აღარ აყენებს. რჩევის მოსმენა ერთია, საკუთარი ცხოვრების სხვისთვის გადაბარება – მეორე.

როცა ქალი სწავლობს საკუთარ თავთან დარჩენას და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას, მას ისეთი საყრდენი უჩნდება, რომელსაც სხვების მოწონება აღარ სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ მას აღარ ეშინია.

ქალის ყველაზე დიდი თავისუფლება ის არ არის, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იცოდეს, რა უნდა, აირჩიოს საკუთარი გზა და არ დაკარგოს საკუთარი თავი ამ გზაზე. სწორედ ეს არის თავისუფლება.

„დაუცველი მამაკაცები“

არსებობს მამაკაცების ერთი საინტერესო კატეგორია, რომელთა ამოცნობაც საკმაოდ მარტივია: როგორც კი ქალი საკუთარ აზრს ამბობს, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ან; უბრალოდ, მის გარეშე ზედმეტად ბედნიერად გამოიყურება, მათ შინაგანად პატარა განგაში ეწყებათ.

„ანუ, ახლა მე აღარ ვჭირდები?“ – ფიქრობს კაცი, რომელიც ხუთი წუთის წინ დარწმუნებული იყო, რომ თანამედროვე ქალს ძლიერი პარტნიორი სჭირდება.

სინამდვილეში კი, ხშირად პრობლემა ქალის სიძლიერე სულაც არ არის. პრობლემა ისაა, რომ მამაკაცმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, ვინ არის თვითონ ამ ურთიერთობაში.

ქალს კარიერა აქვს, საკუთარი შემოსავალი, მეგობრები, ინტერესები, მოგზაურობის სურვილი და, რაც მამაკაცისთვის ყველაზე საშიშია – საკუთარი აზრი.

დამოუკიდებელი ქალი არ ნიშნავს ქალს, რომელსაც მამაკაცი არ სჭირდება. ის, უბრალოდ, ნიშნავს ქალს, რომელსაც მამაკაცი არ სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება ჰქონდეს. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დაუცველი მამაკაცი ხშირად ძლიერ ქალს ეძებს, მაგრამ როცა ასეთ ქალს პოულობს, იწყებს მის „დაპატარავებას“.

* თავიდან მოსწონს ქალის თავდაჯერებულობა. მერე კი ფიქრობს: „ზედმეტად ძლიერია“; თავიდან მოსწონს ქალის პირდაპირობა. მერე ეუბნება: „ქალს ცოტა რბილად საუბარი უხდება“.

თავიდან ამაყობს ქალის წარმატებით. მერე კი მიმართავს: „სამსახური ოჯახზე წინ არ უნდა დააყენო“.

ჯანსაღ ურთიერთობაში კი პარტნიორის წარმატება საფრთხე არ უნდა იყოს: თუ ქალმა მეტი გამოიმუშავა – ეს შენი მარცხი არ არის; თუ მას საკუთარი მეგობრები ჰყავს – ეს შენ წინააღმდეგ შეთქმულება არ არის; თუ მარტო ყოფნაც შეუძლია – ეს არ ნიშნავს, რომ შენთან ყოფნა არ უნდა.

სიყვარული არ არის კონკურსი, სადაც ერთი უნდა იგებდეს და მეორე აგებდეს.

და, ალბათ, ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ ნამდვილად ძლიერი მამაკაცი ქალის სიძლიერეს საფრთხედ კი არ აღიქვამს. მას არ სჭირდება ქალის კონტროლი იმის დასამტკიცებლად, რომ მამაკაცია. არ ეშინია მისი წარმატების, არ ეჯიბრება.

და, რაც მთავარია, არ ცდილობს ქალის ფრთების მოკეცვას მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ უფრო მაღალი გამოჩნდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი