თუ ქალის არავის ესმის
ავტორი: ნინო წულუკიძე 14 წუთის წინ
არის დღეები, როცა ქალი იღვიძებს და უკვე დაღლილია. ჯერ არც ყავა დაულევია, არც ტელეფონი აუღია ხელში, მაგრამ შინაგანად ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მთელი სამყარო მის მხრებზეა ჩამოკიდებული. სახლში საქმეებია, სამსახურში – პასუხისმგებლობები, ტელეფონში – უპასუხო შეტყობინებები, თავში კი ათასი ფიქრი ტრიალებს.
და ამ დროს ვიღაც აუცილებლად ეკითხება: „რა გჭირს? ისევ ცუდ ხასიათზე ხარ?“
აი, სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი: ქალი ცდილობს ახსნას, რა აწუხებს, მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ ხვდება, რომ ისევ ვერ გაუგეს. უფრო მეტიც, შეიძლება, ბოლოს თავადაც მოიხადოს ბოდიში იმისთვის, რომ ცუდად გრძნობს თავს.
რატომ ხდება, რომ ქალი ყველას უგებს, ყველას უსმენს და ყველას ემოციურ მდგომარეობას ითვალისწინებს, მაგრამ როცა თავად სჭირდება ერთი თბილი სიტყვა, თითქოს მის გარშემო სმენადაკარგული ადამიანები ჩნდებიან?
შეიძლება იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ყველა მიეჩვია მის სიძლერეს. ის ხომ ყოველთვის აგვარებს პრობლემებს, ამშვიდებს სხვებს, ყოველთვის ახსოვს დაბადების დღეები, ზრუნავს ოჯახზე, მეგობრებს რჩევებს აძლევს და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც გამოსავალს პოულობს. ამიტომ გარშემო მყოფებს ავიწყდებათ, რომ ამ „რკინის ქალბატონს“ ზოგჯერ უბრალოდ ჩახუტება სჭირდება და არა კიდევ ერთი რჩევა.
ქალის დაღლილობას ხშირად ისეთ ფრაზებს ახვედრებენ, როგორიცაა: „ყველას უჭირს“, „ნუ პესიმისტობ“, „შენ ხომ ძლიერი ხარ“ ან – „რა გაქვს სადარდებელი? ყველაფერი ხომ გაქვს!“
თითქოს კარგი სახლი, სამსახური, ოჯახი ან საყვარელი ადამიანები ავტომატურად აუქმებს დაღლის, მარტოობისა და გულისტკენის უფლებას.
მაგრამ ემოციებს ანგარიში არ აქვთ. ვერ ეტყვი გულს, რომ დღეს ცუდად ყოფნა არ შეიძლება, რადგან გუშინ ყველაფერი კარგად იყო.
ხანდახან ქალს უნდა, რომ უბრალოდ, ბოლომდე მოუსმინონ, შუაში არ გააწყვეტინონ და არ დაუწყონ იმის მტკიცება, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა.
მაშინ, იქნებ დროა, საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა: ხომ არ ცდილობ, მთელი ცხოვრება ყველასთვის მოსახერხებელი იყო, საკუთარი სურვილების ხარჯზე?
ქალს ხომ არ ევალება, ყოველთვის მხიარული იყოს, ყველა კონფლიქტი მოაგვაროს, ყველას წყენა აიტანოს და თან ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად აქვს. არც იმის დამტკიცება სჭირდება, რომ კარგი პარტნიორია, კარგი დედაა, კარგი შვილია ან კარგი მეგობარია.
ზოგჯერ მას შეუძლია, უარი თქვას, გადაიფიქროს, დაისვენოს, არ უპასუხოს შეტყობინებას იმავე წამს და საღამოს, უბრალოდ, საყვარელი სერიალი ჩართოს ისე, რომ არავის აუხსნას, რატომ არ აქვს დღეს საუბრის თავი.
და არა, ეს ეგოიზმი არ არის. ეს საკუთარი თავის ადამიანად აღქმაა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ქალი ხშირად სწორედ მაშინ იწყებს უკეთესად ცხოვრებას, როცა ყველასთვის საკუთარი განწყობის ახსნას წყვეტს. არა იმიტომ, რომ გულგრილი ხდება, არამედ იმიტომ, რომ ხვდება: მისი გრძნობები რეალურია მაშინაც კი, როცა სხვებს მათი გაგება უჭირთ.
როცა სურვილებზე უარს სხვების გამო ვამბობთ
იყო დრო, როცა უნდოდა წითელი კაბა, სპონტანური მოგზაურობა, მეგობრებთან დილამდე საუბარი და კვირა დილით მაღვიძარის გარეშე გაღვიძება. ხანდახან უნდოდა, უბრალოდ, ლამაზად გამოწყობილიყო, სახლიდან გასულიყო და არავის წინაშე ყოფილიყო ვალდებული, აეხსნა, სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა და როდის დაბრუნდებოდა.
მაგრამ მერე გაიზარდა. უფრო სწორად, გაიზარდა მისი პასუხისმგებლობები, სხვისი მოლოდინები და იმ საქმეების სია, რომლებიც თითქოს მხოლოდ მას უნდა შეესრულებინა.
ჯერ ერთი სურვილი გადადო, მერე მეორე… ბოლოს კი ისე შეეჩვია ფრაზას – „არა უშავს, სხვა დროს“, რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ეუბნებოდა, რა უნდოდა სინამდვილეში.
ყველაზე დიდი მსხვერპლი ყოველთვის ის არ არის, რასაც ქალი სხვებისთვის აკეთებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი დანაკარგი ისაა, რის უფლებასაც საკუთარ თავს აღარ აძლევს.
საინტერესოა, რომ ქალის სურვილების გაქრობა ხშირად შეუმჩნევლად იწყება. არავინ მოდის და არ ეუბნება: „ახლა შენი ცხოვრება სხვებს უნდა მიუძღვნა“.
ქმარს დასვენება სჭირდება – ის თავის გეგმებს ცვლის; შვილს რაღაც უნდა – საკუთარ სურვილს გვერდზე სწევს; მეგობარი დახმარებას სთხოვს – დაღლილობის მიუხედავად, მიდის; სამსახურში დამატებითი საქმე გამოჩნდა – თანხმდება, რადგან არ უნდა, ვინმემ იფიქროს, რომ არასაკმარისად მონდომებულია.
და ასე, პატარა დათმობებით, ქალი ნელ-ნელა ხდება ყველასთვის მოსახერხებელი ადამიანი.
მას აქებენ კიდეც: როგორი მზრუნველი ხარ, ყველაფერს როგორ ასწრებ, შენს იმედზე ყოველთვის შეიძლება ყოფნა! ამ კომპლიმენტებში კი ერთი უხილავი ხაფანგია – რაც უფრო ხშირად ხარ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მით უფრო უკვირთ, როცა ერთხელ მაინც ამბობ: „დღეს არ შემიძლია“.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ მდგომარეობაში ქალი ხშირად სხვებს არც ადანაშაულებს. პირიქით, საკუთარ თავს ეუბნება, რომ ასეა საჭირო, ახლა ამის დრო არ არის, ჯერ სხვები უნდა იყვნენ კარგად და მერე თვითონაც მოიცლის.
მაგრამ ეს „მერე“ რატომღაც არასდროს მოდის.
მერე შვილები გაიზრდებიან. მერე სამსახურში საქმეები დალაგდება. მერე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მერე ქმარი ნაკლებად დაკავებული იქნება. მერე მეტი დრო გამოჩნდება.
და ერთ დღეს შეიძლება, აღმოაჩინო, რომ წლები გავიდა, შენ კი საკუთარი ცხოვრების დაწყებას ელოდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





