კაცს სხვანაირად უყვარს?
ავტორი: ნინო წულუკიძე 36 წუთის წინ
ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ალბათ, ასე ჟღერს: „თუ ვუყვარვარ, რატომ არ ამბობს?“ ქალი ელოდება სიტყვებს, ემოციებს, ჟესტებს, ყურადღებას. შეიძლება, კაცი შენ გვერდით იდგეს, საქმით გაჩვენებდეს სიყვარულს და ვერ ხვდებოდეს, რატომ არის საჭირო ყველაფრის ხმამაღლა თქმა.
არსებობს მოსაზრება, რომ კაცსა და ქალს სიყვარული, უბრალოდ, სხვადასხვანაირად ესმით. ქალი სიყვარულს ხშირად ემოციურ სიახლოვეში, საუბარში, ყურადღებასა და სიტყვებში ეძებს. კაცმა კი შეიძლება; სიყვარული პასუხისმგებლობის აღებით, ზრუნვით, პრობლემის მოგვარებით ან, უბრალოდ, გვერდით ყოფნით გამოხატოს. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“ არსებობს.
სქესი ბოლომდე ვერ განსაზღვრავს სიყვარულის გამოხატვის ფორმას. უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის ხასიათი, აღზრდა, გამოცდილება, ურთიერთობის მოდელი და ის, თუ როგორ ისწავლა ემოციების გამოხატვა ბავშვობიდან.
ზოგი კაცი დღეში რამდენჯერმე ამბობს „მიყვარხარ“. ზოგი ამას თითქმის არასდროს ამბობს, მაგრამ იცის, როდის დაგჭირდება დახმარება, გახსოვს თუ არა ექიმთან ვიზიტი, ხომ არ გაცივდები და როგორ შეგიმსუბუქოს რთული დღე.
ზოგისთვის სიყვარული სიტყვებია, ზოგისთვის – მოქმედება, ზოგისთვის – დაცულობისა და სიმშვიდის შექმნა. სწორედ აქ ჩნდება ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუგებრობა, რადგან ხშირად სხვის სიყვარულს ჩვენი სიყვარულის ენით ვზომავთ.
თუ ქალი ფიქრობს, რომ სიყვარული ყურადღებაა, არ არის გამორიცხული, ვერ დაინახოს ის ზრუნვა, რომელსაც პარტნიორი მოქმედებებით გამოხატავს. ხოლო კაცმა შეიძლება; ვერ გაიგოს, რატომ არის მნიშვნელოვანი პატარა კომპლიმენტი, მოულოდნელი შეტყობინება ან, უბრალოდ, კითხვა – „როგორ ხარ?“ და ზოგადად – გულწრფელი საუბარი.
ამიტომ ზოგჯერ პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანს არ უყვარხარ. პრობლემა შეიძლება, იყოს ის, რომ მისი სიყვარულის გამოხატვის ფორმა შენთვის ადვილად წასაკითხი არ არის.
შესაძლოა; კაცს მართლაც სხვანაირად უყვარდეს, სიტყვებზე მეტად მოქმედებებს აძლევდეს უპირატესობას, შეიძლება, გრძნობებზე საუბარი უჭირდეს, მაგრამ შენ გვერდით ყოფნას ყველაზე დიდ სიყვარულად მიიჩნევდეს.
როგორია კარგი ცოლი
„კარგი ცოლის“ შესახებ წარმოდგენები თაობიდან თაობას გადაეცემა. მან უნდა იცოდეს: როგორ მოაწყოს სახლი, როგორ მოამზადოს ქმრის საყვარელი კერძი, როგორ დახვდეს მას სამსახურიდან დაბრუნებულს, როგორ მოიქცეს სტუმრებთან და, რაც მთავარია, როგორ არ „გააბრაზოს“ ქმარი.
მაგრამ საინტერესოა, რატომ ვსვამთ ამ კითხვას თითქმის ყოველთვის ქალთან მიმართებით?
რატომ არ ვეკითხებით საკუთარ თავს – როგორია კარგი ქმარი?
თანამედროვე ურთიერთობაში კარგი ცოლი არ არის ქალი, რომელიც ყოველთვის დათმობაზე მიდის. არც ის, ვინც კამათს გაურბის მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში სიმშვიდე შეინარჩუნოს. და ნამდვილად არ არის ის, ვინც საკუთარი სურვილების, კარიერის, მეგობრებისა და პირადი სივრცის დათმობას სიყვარულის აუცილებელ პირობად მიიჩნევს.
კარგი ცოლი, უპირველესად, კარგი პარტნიორია. ის შეიძლება, იყოს მზრუნველი, მაგრამ არ არის ვალდებული, მუდმივად იყოს მომვლელი. შეიძლება, უყვარდეს ქმარი, მაგრამ ჰქონდეს საკუთარი აზრი. შეიძლება, ოჯახი მისთვის მნიშვნელოვანი იყოს და იმავდროულად, საკუთარი პროფესიული მიზნებიც ჰქონდეს. შეიძლება, ზოგჯერ დაღლილი იყოს, გაბრაზდეს, არ ჰქონდეს საუბრის სურვილი და უბრალოდ თქვას: „დღეს მარტო ყოფნა მჭირდება“.
ეს ყველაფერი სიყვარულს არ აუქმებს. ურთიერთობაში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ დგება, როცა ქალი იწყებს ფიქრს, რომ „კარგი ცოლის“ სტატუსის შესანარჩუნებლად საკუთარი თავი უნდა შეზღუდოს. ნაკლები ილაპარაკოს, ნაკლები მოითხოვოს, ნაკლები იოცნებოს, ნაკლები იმუშაოს, ნაკლებად გაერთოს.
საბოლოოდ კი შეიძლება, სახლში ყველაფერი იდეალურად იყოს, მაგრამ ამ სახლში მცხოვრები ქალი საკუთარ თავს ვეღარ ცნობდეს.
კარგი მეუღლე არ არის ის, ვინც კონფლიქტს არასდროს ქმნის. კარგი მეუღლეა ადამიანი, რომელსაც შეუძლია, კონფლიქტის დროს შეურაცხყოფის გარეშე საუბარი, მოსმენა, საკუთარი შეცდომის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა. ურთიერთობის სიმტკიცე იმაში კი არ ჩანს, რამდენად იშვიათად კამათობთ, არამედ იმაში, როგორ იქცევით მაშინ, როცა ერთმანეთისგან განსხვავებული ხართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





