როდის ვამბობთ „მაპატიე“ და რას ვგულისხმობთ სინამდვილეში
ავტორი: ნინო წულუკიძე 10 წუთის წინ
გვგონია, თუ პირველები ვიტყვით „მაპატიე“, ეს ნიშნავს, რომ დავნებდით, დავმარცხდით ან საკუთარ სიმართლეზე უარი ვთქვით. სინამდვილეში კი გულწრფელი ბოდიში სისუსტე კი არა, ემოციური სიმწიფის ნიშანია.
რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა? იმიტომ, რომ ზოგჯერ მას მარცხთან ვაიგივებთ.
ურთიერთობაში ყველაზე რთული ზოგჯერ არა წყენის მიყენება, არამედ იმის აღიარებაა, რომ მას გული ვატკინეთ. სიტყვა „ბოდიში“ სულ რამდენიმე ასოსგან შედგება, მაგრამ მის წარმოთქმას ხშირად დიდი სიამაყის დაძლევა სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მართალია.
თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმისთვის, რაც ვატკინეთ ადამიანს და არა იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად შევინარჩუნოთ ურთიერთობა. სხვაა, როცა ხმას ავუწიეთ, უსამართლოდ მოვექეცით ან დაუფიქრებელი სიტყვით ვაწყენინეთ საყვარელ ადამიანს და სხვა – როცა მხოლოდ იმიტომ გვიწევს თავის მართლება, რომ საკუთარი აზრი გვქონდა ან საზღვრების დაცვა გადავწყვიტეთ.
ხშირად ურთიერთობაში პირველი ბოდიშის მთქმელი ის ხდება, ვისაც დაკარგვის უფრო მეტად ეშინია. ის თმობს, ჩუმდება, საკუთარ წყენას ივიწყებს და შერიგების პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს. თავიდან ეს სიყვარულის დიდ გამოხატულებად ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა, მტკივნეულ ჩვევად იქცეს: ერთი მუდმივად აწყენინებს, მეორე კი მუდმივად პატიობს. ასეთ ურთიერთობაში „მაპატიე“ პრობლემის მოგვარება კი არა, ერთი და იმავე წრის დასაწყისი ხდება.
მაშ, როდის არის ბოდიში ნამდვილად საჭირო? მაშინ, როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენმა საქციელმა ან სიტყვებმა სხვა ადამიანი დააზიანა; როცა მზად ვართ, მოვუსმინოთ მის წყენას თავის მართლების გარეშე და, რაც მთავარია, შევცვალოთ ის ქცევა, რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია, რადგან ბოდიშს ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მას ცვლილებაც მოჰყვება.
და კიდევ ერთი კითხვა: ვინ უნდა მოიხადოს ბოდიში პირველმა? მან, ვინც უფრო მეტად არის დამნაშავე, თუ მან, ვისაც ურთიერთობის გადარჩენა უფრო მეტად სურს? იქნებ პასუხი იმაშია, რომ პირველობა არც ერთის ვალდებულება არ უნდა იყოს. ჯანსაღ ურთიერთობაში ორივე ადამიანს უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება ისე, რომ ამისთვის საკუთარი ღირსების დათმობა არ დასჭირდეს.
საბოლოოდ, სიყვარული არ ნიშნავს, რომ არასდროს ვაწყენინებთ ერთმანეთს. სიყვარული ნიშნავს, რომ წყენის შემდეგ ერთმანეთის მოსმენა, შეცდომის აღიარება და გამოსწორება შეგვიძლია.
ურთიერთობა, რომელშიც არასდროს ტირიან
ზოგჯერ გვგონია, რომ ბედნიერი წყვილები არასდროს ჩხუბობენ, ერთმანეთს არასდროს აწყენინებენ და საღამოს ყოველთვის ჩახუტებულებს სძინავთ. თითქოს ნამდვილი სიყვარული ის არის, სადაც ცრემლებს ადგილი არ აქვს, წყენა მალევე ქრება და ორი ადამიანი ერთმანეთის ყველა სურვილს უსიტყვოდ ხვდება.
მაგრამ რეალური ცხოვრება ფილმის სცენარი არ არის. ზოგჯერ ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისგანაც ყველაზე მეტ სითბოს ველოდებით. ზოგჯერ გვინდა, ჩაგვეხუტოს, მაგრამ ის დუმს. გვინდა, გვკითხოს, რა გვჭირს, მაგრამ ვერ ამჩნევს. და მაშინ, როცა სინამდვილეში მხოლოდ ერთი თბილი სიტყვა გვჭირდება, ერთმანეთისგან შორს ვდგებით – გულით, თუმცა, შეიძლება, ერთ ოთახში ვიყოთ.
ბედნიერი ურთიერთობა ის არ არის, რომელშიც არასდროს ტირიან;
ბედნიერ ურთიერთობაში ცრემლებიც არის, მაგრამ იქ ცრემლები ყოველდღიურობის წესად არ იქცევა.
იქ შეიძლება იკამათოთ, გაბრაზდეთ, ერთმანეთს დროებით გაერიდოთ, მაგრამ შემდეგ საუბრის სურვილი ისევ გქონდეთ. შეიძლება, ერთმა იტიროს, მეორემ კი მაშინვე ვერ გაიგოს, რა ატკინა, თუმცა მოგვიანებით მაინც შეეცადოს მის მოსმენას. შეიძლება, შეცდომებიც დაუშვათ, მაგრამ არც ერთი არ ცდილობდეს, მეორეს თავისი უპირატესობა მუდმივად დაუმტკიცოს.
ხანდახან ბედნიერი ურთიერთობა სულაც არ ჰგავს რომანტიკულ სურათს. ის შეიძლება, ჩვეულებრივი დილა იყოს, როცა საყვარელი ადამიანი ყავას გიმზადებს. შეიძლება, უხმო ჩახუტება იყოს რთული დღის შემდეგ. შეიძლება, უბრალო შეტყობინება — „მოხვედი?“ „ჭამე რამე?“ „როგორ ხარ?“ – რომელიც გახსენებს, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ.
ბედნიერ ურთიერთობაში არ გეშინია საკუთარი ემოციების. შეგიძლია, იტირო ისე, რომ ამის გამო სუსტად არ ჩაგთვალონ. შეგიძლია, თქვა, რა გტკივა, ისე, რომ დაცინვის ან დამცირების არ გეშინოდეს. შეგიძლია, არ დაეთანხმო საყვარელ ადამიანს და მაინც იცოდე, რომ შენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია.
ყველაზე დიდი ბედნიერება ის კი არ არის, რომ საყვარელ ადამიანთან არასდროს იტირებ, არამედ ის, რომ რთულ წუთებში მარტო არ იგრძნობ თავს. რომ შენს ცრემლებს გულგრილად არ შეხედავენ და შენც შეძლებ, მის ტკივილს მოუსმინო.
სიყვარული ყოველთვის ვერ აგვაცილებს ტკივილს, მაგრამ ჯანსაღ ურთიერთობაში არ უნდა გვიწევდეს იმის მტკიცება, რომ ჩვენი ტკივილი მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





