გვინდა ის... ჩვენი ადამიანი
ავტორი: ნინო წულუკიძე 54 წუთის წინ
წლების შემდეგ სიყვარული შეიძლება, აღარ იყოს ყოველკვირეული ვახშამი ძვირად ღირებულ რესტორანში. სამაგიეროდ, მან იცის, როგორი დღე გქონდა და სახლში დაბრუნებისას შენი რომელი საყვარელი საჭმელი დაგახვედროს.
სიყვარული შეიძლება, იყოს დილით ჩუმად მომზადებული ყავა. შეიძლება, იყოს ექიმთან წაყოლა. შეიძლება, იყოს ღამის სამ საათზე წამოდგომა, როცა ბავშვს სიცხე აქვს. შეიძლება, იყოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო კითხვა: „დაღლილი ხარ?“ და ზოგჯერ ამ ორ სიტყვაში უფრო მეტი სიყვარულია და მეტს ნიშნავს, ვიდრე პირველ თვეში ნათქვამი ასი „მიყვარხარ“, იმიტომ, რომ წლების შემდეგ სიყვარული სიტყვებიდან ქმედებებში გადადის.
თუმცა, წლები მხოლოდ სიყვარულს არ აძლიერებს. ზოგჯერ ისინი იმასაც აჩენს, რაც თავიდან ვერ დავინახეთ – უთქმელ წყენას. დაუმთავრებელ კამათს, დაგროვილ იმედგაცრუებას, ასევე, იმ ფრაზებს, რომლებიც მაშინ, უბრალოდ, გავატარეთ და წლების შემდეგ უკვე ტკივილად გვიბრუნდება. ამიტომ ხანგრძლივი ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული არ არის. ეს არის ერთმანეთის ხელახლა არჩევა.
მთავარია, იცოდე ჭეშმარიტება, რომ ადამიანი, რომელიც ათი წლის წინ შეგიყვარდა, დღეს ზუსტად იგივე ადამიანი აღარ არის და არც შენ ხარ იგივე.
შენ შეიცვალე. ისიც შეიცვალა. შენი სურვილები შეიცვალა. მისი პრიორიტეტები შეიცვალა.
თქვენი სხეულებიც შეიცვალა.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა, შეხედულებები, გეგმები, ოცნებები – ბევრი რამ შეიცვალა.
და თუ ურთიერთობა ამ ცვლილებებს ვერ მიჰყვა, შეიძლება ერთ დღეს ორი ადამიანი ერთ სახლში ცხოვრობდეს და მაინც ძალიან შორს აღმოჩნდეს ერთმანეთისგან.
ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეტაპი ურთიერთობაში ის მომენტია, როცა ადამიანი ფიქრობს: „ის არსად წავა“. ვიწყებთ ფიქრს, რომ რადგან წლები გავიდა, ერთმანეთის სიყვარული ავტომატურად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სიყვარული ავტომატური არ არის.
ქორწინების მოწმობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სამუდამოდ შენი სიყვარული „ეკუთვნის“. ურთიერთობას ყურადღება და მოვლა სჭირდება, როგორც სახლს, როგორც სხეულს, როგორც მეგობრობას, როგორც საკუთარ თავს.
დიახ, წლების შემდეგ სიყვარული უფრო ნაკლებად იდეალურია და უფრო ნამდვილი. წლების შემდეგ უკვე იცნობ მის ყველა ვერსიას.
და თუ ამ ყველაფრის ცოდნის მიუხედავად მაინც გინდა მასთან ყოფნა – ეს უკვე სხვა სახის სიყვარულია. აქ აღარ გიყვარს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც შენს წარმოსახვაში შექმენი, გიყვარს ნამდვილი ადამიანი, მისი ნაკლით, მისი უცნაურობებით, მისი ჩვევებით, მისი წარსულით. სწორედ ეს არის სიყვარულის ყველაზე რთული და ყველაზე ლამაზი ფორმა.
იმისთვის, რომ საკუთარი დღე სასიამოვნო გახადო
ერთ დროს კაფეში ქალის მარტო ჯდომას უცნაურად უყურებდნენ. თითქოს ქალს იმისთვის სჭირდებოდა კაფეში წასვლა, რომ იქ აუცილებლად ვინმეს შეხვედროდა.
დღეს კი სულ უფრო ხშირად ვხედავთ სრულიად სხვა სურათს: ქალი შედის კაფეში, თავად ირჩევს მაგიდას, უკვეთავს საყვარელ ყავას, ტელეფონს ჩანთაში დებს, ფანჯარაში იყურება და არავის ელოდება. არავის არაფერს უმტკიცებს. უბრალოდ, ყავას სვამს.
ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო სცენა სინამდვილეში საკმაოდ ბევრს ამბობს ქალზე. კვლევები აჩვენებს, რომ მარტო კაფეში ყოფნა აუცილებლად მარტოობას არ ნიშნავს. სპეციალურად ყავის კულტურაზე ჩატარებულ კვლევაში მონაწილეები მარტო ყავის დალევის პროცესს აღწერდნენ, როგორც სასურველ, სასიამოვნო და თვითრეფლექსიისთვის სასარგებლო გამოცდილებას.
სასიამოვნო ცხოვრების ყველა ეპიზოდს თანამონაწილე არ სჭირდება. ზოგიერთი მომენტი მხოლოდ შენია და სწორედ აქ იწყება თავისუფლება.
მარტო კაფეში პირველად ჯდომა ბევრ ქალს რეალურად აშინებს. შეიძლება, უცებ აღმოაჩინო, რომ თითქოს მთელი დარბაზი შენ გიყურებს. მაგრამ სინამდვილეში არავინ გიყურებს. ადამიანები საკუთარი ცხოვრებით არიან დაკავებული: ვიღაც შეყვარებულს ელოდება, ვიღაც ტელეფონშია ჩამძვრალი, ვიღაც კი შეიძლება ზუსტად შენსავით მარტო ზის და ფიქრობს, რომ ყველა მას აკვირდება.
ფსიქოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ ადამიანები ხშირად ზედმეტად აფასებენ იმას, რამდენად მკაცრად შეაფასებენ სხვები მათ, როცა საზოგადოებრივ სივრცეში მარტო არიან. სწორედ ამ მოლოდინმა შეიძლება, აქციოს მარტო კაფეში ჯდომა უფრო რთულ გამოცდილებად, ვიდრე რეალურად არის. ამიტომ, პირველი ყავა შეიძლება, ცოტა უხერხული იყოს.
მეორე — უკვე საინტერესო.
მესამე კი — საოცრად სასიამოვნო.
მარტო ყავის დალევას კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს – ის გაძლევს საშუალებას, საკუთარ თავთან დარჩე. შეგიძლია, უბრალოდ, იჯდე, უყურო ქუჩას, მოუსმინო მუსიკას... ხშირად სწორედ ასეთი პატარა პაუზები გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, რეალურად რას ვგრძნობთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





