ყოველთვის რაღაც ახალი
ავტორი: ნინო წულუკიძე 46 წუთის წინ
არსებობენ ქალები, რომლებთან საუბარიც არასდროს მოგბეზრდება. შეიძლება, წლები იცნობდე, მაგრამ მათთან შეხვედრისას მაინც გიჩნდება განცდა, რომ რაღაც ახალი უნდა გაიგო. მუდმივად ახალი ისტორია აქვთ, ახალი იდეა, ახალი გატაცება, ახალი წიგნი, რომელიც წაიკითხა ან ადამიანი, რომელმაც რაღაც ასწავლათ.
სწორედ ასეთ ქალებზე ამბობენ ხოლმე: „არ ვიცი, რა აქვს ასეთი, მაგრამ მასთან არასდროს მოიწყენ“.
საქმე არც განსაკუთრებულ სილამაზეშია, არც მუდმივ მხიარულებაში და არც იმაში, რომ ქალი ყოველდღე რაღაც სანახაობრივს აკეთებდეს.
საინტერესოა ქალი, რომლის ცხოვრებაშიც სულ რაღაც ხდება. საინტერესო ადამიანი ის არის, ვინც ცხოვრებას აკვირდება, ფიქრობს, ინტერესდება, ეკითხება, სწავლობს... მას სამყაროს მიმართ ცნობისმოყვარეობა არ დაუკარგავს.
და პრობლემა სულაც არ არის საუბრის თემების ნაკლებობა. ურთიერთობაში სიახლე მაშინ ჩნდება, როცა ორი ადამიანი ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს, მაგრამ ცალკე სამყაროსაც ქმნის. შენ გაქვს შენი დღე. მას – თავისი.
საკუთარი ინტერესები ქალს განსაკუთრებულს ხდის, ამიტომ ნუ გახდებით ურთიერთობის ერთადერთი პერსონაჟი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა სიყვარულში არის, როცა ქალი ნელ-ნელა ყველაფერს ურთიერთობას უკავშირებს. მხოლოდ სიყვარული, როგორი ძლიერი და ლამაზიც უნდა იყოს, ვერ შეავსებს ადამიანის მთელ ცხოვრებას.
დაიბრუნე საკუთარი ცხოვრება
ქალი არ გაქრება სიყვარულში, თუ საკუთარ თავს არ დათმობს
არის მომენტი, როცა ქალი ერთ დღეს სარკეში იყურება და უცნაურად ნაცნობ, მაგრამ მაინც უცხო სახეს ხედავს.
ყველაფერი თითქოს კარგად არის: ჰყავს საყვარელი მეუღლე, ოჯახი, სამსახური, ყოველდღიური საქმეები, მაგრამ სადღაც ამ ყველაფერს შორის გაქრა ის ქალი, რომელიც ოდესღაც საკუთარი სურვილებით ცხოვრობდა.
ადრე დადიოდა მეგობრებთან, მარტო სეირნობდა, რაღაცებს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდა, ჰქონდა პატარა ოცნებები, გეგმები, ინტერესები.
ახლა კი მისი დღის მთავარი კითხვა შეიძლება, ასეთი იყოს „მას დღეს რა უნდა?“ და იკარგება კითხვა: „მე რა მინდა?“
სიყვარული არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი ცხოვრების დათმობას
ჩვენ ხშირად გვასწავლიან, რომ როცა გვიყვარს, ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ საყვარელი ადამიანისთვის – დავუთმოთ დრო, შევეგუოთ, გავითვალისწინოთ, მოვერგოთ.
და როცა ყველა გადაწყვეტილებას იწყებ ფრაზით — „მას ხომ არ ეწყინება?“ როცა მეგობრებთან შეხვედრას აუქმებ, რადგან მასთან ყოფნა „უფრო მნიშვნელოვანია“, როცა საკუთარ ინტერესებს ნელ-ნელა თმობ, რადგან „ახლა სხვა პრიორიტეტები მაქვს“, ერთ დღეს შეიძლება, აღმოაჩინო, რომ ურთიერთობა შეინარჩუნე, მაგრამ საკუთარი თავი დაკარგე.
ყველაზე რთული ის არის, რომ ხშირად ამას სიყვარულის სახელით ვაკეთებთ. საკუთარი ცხოვრების დაბრუნება ყოველთვის გრანდიოზული გადაწყვეტილებით არ იწყება.
* წადი იმ კაფეში, რომელიც მოგწონს;
* დაურეკე მეგობარს, რომელსაც დიდი ხანია, არ შეხვედრიხარ;
* დაიწყე ცეკვა, კითხვა, სპორტი, ხატვა ან ის საქმე, რომელიც ოდესღაც გიყვარდა;
* მოიწყვე საღამო, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის...
და რაც მთავარია, ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ ამ ყველაფრის გამო.
ქალს არ სჭირდება განსაკუთრებული მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარ თავთან დრო გაატაროს. ჯანსაღ ურთიერთობაში ორი ადამიანი ერთმანეთს არ ანაცვლებს.
ისინი ერთმანეთს ავსებენ.
როგორ არ მოვბეზრდეთ საყვარელ მამაკაცს
არის ურთიერთობის ერთი უცნაური ეტაპი, რომელსაც თავიდან ვერავინ ამჩნევს. ჯერ ერთმანეთით ვერ ძღებით: დილიდან საღამომდე წერილები, ზარები, მესიჯები – „სად ხარ?“, „როდის გნახავ?“ „მომენატრე“... და ის საოცარი პერიოდი, როცა მის გარეშე სამი საათიც კი საუკუნედ გეჩვენება. მერე კი, ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობ, მისი ყველა ჩვევა იცი, უკვე წინასწარ ხვდები, რას იტყვის და ზოგჯერ მისი ფრაზის დასრულებაც კი შეგიძლია.
სწორედ აქ ჩნდება ქალის ყველაზე ჩუმი შიში: „ნეტავ არ მოვბეზრდე“.
ზოგჯერ სიყვარული სწორედ ის მომენტია, როცა დილით გაღვიძებული ქალი სრულიად დაუვარცხნელი თმით, დაღლილი სახითა და ყავის ჭიქით ხელში ისევ საინტერესო რჩება იმ კაცისთვის, რომელმაც მისი ყველა ვერსია უკვე ნახა. მაგრამ როგორ არ მოვბეზრდეთ საყვარელ მამაკაცს?
• პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი შეიძლება, ცოტა მოულოდნელი იყოს – ნუ ეცდებით, მუდმივად საინტერესო იყოთ.
დიახ, ზუსტად ასე. ქალი, რომელიც ყოველ დილით ფიქრობს, როგორ მოიქცეს, რა ჩაიცვას, რა თქვას, როგორი იყოს, რომ კაცს არ მობეზრდეს, ბოლოს ყველაზე მეტად საკუთარ თავს ბეზრდება. ურთიერთობა კი, რომელიც მუდმივ „შთაბეჭდილების მოხდენაზე“ დგას, ძალიან დამღლელი ხდება. მამაკაცს, რომელსაც ქალი უყვარს, იდეალური პერსონაჟი არ სჭირდება. მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც საკუთარი ცხოვრება აქვს. ანუ...
არ შეწყვიტოთ ურთიერთობა მეგობრებთან, არ თქვათ უარი თქვენს საქმეზე, არ მიატოვოთ ის ჰობი, რომელიც ურთიერთობამდე გქონდათ.
ხანდახან მარტო დალიეთ ყავა, წადით სადმე მეგობართან, წაიკითხეთ წიგნი, რომელიც მას კი არა თქვენ გაინტერესებთ და ერთი საღამო საკუთარ სამყაროში გაატარეთ. უცნაურია, მაგრამ სწორედ ამ დროს იწყება მონატრება. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთის ცხოვრებაში ყველაფერს იკავებს, მათ შორის სივრცე აღარ რჩება. ხოლო სადაც სივრცე არ არის, იქ მონატრებასაც უჭირს არსებობა.
კიდევ ერთი საიდუმლო: არ მოუყვეთ მამაკაცს თქვენი ყოველი ნაბიჯი.
ქალს პატარა საიდუმლოებები უხდება. სად იყავით, ვის შეხვდით, რა საინტერესო ამბავი მოხდა – არ არის აუცილებელი ყველაფერი იმავე წამს მოუყვეთ.
ასევე, საჭიროა რომანტიკა, რომელიც ყოველდღიური საოჯახო საქმეების სიაში იკარგება. ზოგჯერ საკმარისია ერთი მოულოდნელი შეტყობინება შუადღისას: საღამოს ცოტა ხომ არ დავლიოთ?
და კიდევ – ქალი, რომელიც წლების შემდეგაც იცვლება, სწავლობს, კითხულობს, ინტერესდება სამყაროთი და ახალი რაღაცების აღმოჩენა შეუძლია, იშვიათად ხდება „მობეზრებული წიგნი“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





