ქალი და კაცი

მიყვარს თუ არა

№42

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.11

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგჯერ ყველაფერი თითქოს თავის ადგილზეა: გვერდით გვყავს კარგი ადამიანი, ურთიერთობა მშვიდია, ერთად გეგმავთ მომავალს… და მაინც, ერთ დღეს საკუთარ თავს ეკითხებით:

"მიყვარს თუ, უბრალოდ, მივეჩვიე?“

ეს კითხვა განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როცა ურთიერთობაში აღარ არის ის პირველი პერიოდის პეპლები, საათობით საუბარი და ყოველ შეტყობინებაზე გულის აჩქარება. სწორედ აქ იწყება დაბნეულობა – დამთავრდა სიყვარული თუ, უბრალოდ, შეყვარებულობის ეტაპი დასრულდა? მაგრამ „პეპლები“ ყოველთვის არაა სიყ"ვარულის საზომი. დასაწყისში ყველაფერი ინტენსიურია: გვინდა მუდმივად ერთად ყოფნა, მისი ხმა გვაბედნიერებს, ერთი შეტყობინებაც კი საკმარისია განწყობის შესაცვლელად. შემდეგ ურთიერთობა მშვიდდება. მაგრამ ეს სიყვარულის გაქრობას არ ნიშნავს. როცა მისი ცუდი დღე შენთვის მნიშვნელოვანია, როცა მის წარმატებას საკუთარი გამარჯვებასავით განიცდი და როცა მასთან ყოფნა, უბრალოდ, კარგად ყოფნას ნიშნავს, ესეც სიყვარულია.

ჰკითხე საკუთარ თავს:

* მისი ბედნიერება მართლა მაინტერესებს?

* მინდა, ვიცოდე, რას გრძნობს?

* მის გვერდით საკუთარი თავის გამოხატვა შემიძლია?

* როცა მის მომავალზე ვფიქრობ, იქ საკუთარი თავის არსებობაც მინდა?

თუ პასუხები სულ უფრო ხშირად არის „არა“, შესაძლოა, პრობლემა მხოლოდ ყოველდღიურობაში აღარ იყოს.

და კიდევ ერთი არასასიამოვნო სიმართლე – თითქოს ადამიანი გვიყვარს, მაგრამ მასთან ურთიერთობა აღარ გვინდა. ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს.

სიყვარული არ არის ვალდებულება, რომ ნებისმიერ ფასად დარჩე.

სიყვარული თუ ვალდებულება

„ამდენი წელი ერთად ვიყავით… ახლა როგორ უნდა წავიდე?“

„კარგი ადამიანია, ჩემზე ზრუნავს… იქნებ უნდა დავრჩე?“

„ოჯახს ვერ დავანგრევ, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცას ვეღარ ვგრძნობ“...

ზოგჯერ ყველაზე რთული ურთიერთობა ის არის, რომელშიც არავინ არის ცუდი.

არ გიღალატა, არ გატკინა, არ მოგატყუა... უბრალოდ, ერთ დღეს მიხვდი, რომ იმ სიყვარულმა, რომელიც ოდესღაც ყველაფერს ნიშნავდა, ფორმა შეიცვალა.

და მაშინ ჩნდება ყველაზე მძიმე კითხვა:

თუ კარგი ადამიანია, მაქვს კი უფლება, აღარ მიყვარდეს? საქმე ისაა, რომ სიყვარული მოვალეობა არ არის. ჩვენ ხშირად გვასწავლიან, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობას წლები, საერთო მოგონებები, ოჯახი, შვილები ან უამრავი გადალახული სირთულე უკავშირდება. მაგრამ ერთად გატარებული წლები არ არის კონტრაქტი მომავალ სიყვარულზე.

ადამიანის სიყვარული არ შეიძლება, მოვალეობად იქცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც გულწრფელად გიყვარდა. მადლიერება და სიყვარული ერთი და იგივე არ არის.

შეიძლება, ადამიანის მადლიერი იყო იმისთვის, რაც ერთად გადაიტანეთ. შეიძლება, პატივს სცემდე, შეიძლება, გიყვარდეს, როგორც შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებული ხარ, მასთან დარჩე მხოლოდ დანაშაულის გრძნობის გამო –ზოგჯერ ადამიანები ურთიერთობაში იმიტომ რჩებიან, რომ ეშინიათ, სხვას ტკივილი არ მიაყენონ. და ამ დროს ნელ-ნელა საკუთარ თავს კარგავენ.

ურთიერთობაში გრძნობები იცვლება. დაღლა, სტრესი, ყოველდღიურობა, დაგროვებული წყენა – ყველაფერს შეუძლია, სიყვარულის განცდა დროებით გადაფაროს. ამიტომ ერთი ცუდი პერიოდი ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულის დასასრულს. მაგრამ არსებობს მომენტი, როცა ადამიანი ხვდება:

ნამდვილი ურთიერთობა არ უნდა გვაიძულებდეს მუდმივად საკუთარი თავის ღალატს. და, რაც მთავარია, სიყვარული არ არის სასჯელი იმისთვის, რომ ერთხელ არჩევანი გავაკეთეთ.

ეჭვი – შეძენილი თუ თანდაყოლილი

ზოგი ქალი ეჭვიანობას ხასიათის ნაწილად მიიჩნევს, ზოგი კი საკუთარ თავს პირობას აძლევს: „მე ასეთი არასოდეს გავხდები“. მაგრამ, საკმარისია, ერთ დღეს პარტნიორის ტელეფონზე უცნობი შეტყობინება გამოჩნდეს და ყველაზე მშვიდი ადამიანიც კი აფორიაქდეს.

ეჭვიანობა ურთიერთობების ის სტუმარია, რომელსაც არავინ ეპატიჟება, მაგრამ ზოგჯერ მაინც მოდის. ზოგისთვის ის ბავშვობიდან ნაცნობი ემოციაა, ზოგისთვის კი კონკრეტული ურთიერთობის შემდეგ ჩნდება.

ადამიანები განსხვავებულად ვრეაგირებთ სიყვარულზე, დაკარგვის შიშზე, ყურადღების ნაკლებობაზე. ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად უფრო მგრძნობიარეა და ურთიერთობაში უსაფრთხოების განცდა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, ეჭვიანობის ფორმა და ინტენსივობა მხოლოდ „ხასიათით“ არ განისაზღვრება.

ჩვენი წარსული გამოცდილება, წინა ურთიერთობები, იმედგაცრუებები და ისიც კი, თუ რას გვასწავლიდნენ ბავშვობაში სიყვარულისა და ნდობის შესახებ, შეიძლება, მომავალ ურთიერთობებზე აისახოს. თუ ერთხელ გვიღალატეს, შემდეგ ურთიერთობაში ჩვეულებრივი დაგვიანებული ზარიც კი შეიძლება, ეჭვის მიზეზად იქცეს.

მაინც, რატომ ვეჭვიანობთ?

ხშირად ეჭვიანობის უკან ღალატის ფაქტზე მეტად დაკარგვის შიში დგას.

თუ სხვასთან უფრო ბედნიერია, ერთ დღეს უბრალოდ ადგება და წავა? და მე რა მეშველება?

მაგრამ არის კიდევ ერთი კატეგორია – ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე საერთოდ არ ვეჭვიანობ“. ზოგჯერ ადამიანი იმდენად არის დარწმუნებული საკუთარ თავში და პარტნიორის არჩევანში, რომ ზედმეტი კონტროლის საჭიროებას ვერ ხედავს. ზოგჯერ კი, უბრალოდ, ემოციას არ გამოხატავს. ეჭვიანობა არ იზომება იმით, რამდენჯერ შეამოწმე პარტნიორის ტელეფონი. შეიძლება, ადამიანი ძალიან ეჭვიანი იყოს და ამას საერთოდ არ აჩვენებდეს.

რაც უფრო ხშირად ცდილობს ადამიანი პარტნიორის ქცევის კონტროლს, მით უფრო ნაკლები ადგილი რჩება მას ურთიერთობისთვის. ის, თუ როგორ გამოვხატავთ ეჭვს, ნდობასა და შიშს, ცხოვრების გამოცდილებამაც შეიძლება, ჩამოაყალიბოს.

ამიტომ ფრაზა – „მე ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები“ – ყოველთვის საბოლოო განაჩენი არ არის. შეიძლება, შეიცვალოს დამოკიდებულება, გაჩნდეს მეტი ნდობა, შეიძლება, ადამიანმა ისწავლოს საკუთარი შიშის ამოცნობა...

თუმცა, სადაც სიყვარულია, მაგრამ სიმშვიდე აღარ არის, ეჭვი დიდხანს არ რჩება უბრალო ეჭვად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი