ქალი და კაცი

მამაკაცის მოხიბვლის მოკლე გზა

№44

ავტორი: ნინო წულუკიძე 35 წუთის წინ

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ანუ რა იზიდავს მას სინამდვილეში

ყველა ქალს ერთხელ მაინც უფიქრია, არსებობს თუ არა საიდუმლო, რომელიც მამაკაცის გულისკენ უმოკლეს გზას გვაპოვნინებს. ერთი მზერა, ერთი ფრაზა, განსაკუთრებული ჩაცმულობა თუ ის აუხსნელი ქიმია, რომელიც ზოგჯერ პირველივე შეხვედრისას ჩნდება? წესები თითქოს არსებობს – როგორ მოვიქცეთ, რა ვთქვათ, როდის გავჩუმდეთ და რამდენად ხელმისაწვდომები ვიყოთ, რომ მამაკაცს ჩვენი დაპყრობის სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ იქნებ მთავარი საიდუმლო სულაც არ არის იმაში, როგორ მოვაწონოთ თავი სხვას.

ხშირად გვგონია, რომ მამაკაცის მოსახიბლავად საჭიროა განსაკუთრებული სტრატეგია: უნდა ვიყოთ იდუმალები, თუმცა არა ზედმეტად ცივები; ყურადღებიანები, მაგრამ არა მომთხოვნები; თავდაჯერებულები, თუმცა ისე, რომ მის ეგოს საფრთხე არ შევუქმნათ... თითქოს ურთიერთობა უხილავ თამაშს ჰგავს, რომელშიც ყველა ნაბიჯი წინასწარ უნდა გავთვალოთ.

სინამდვილეში კი, ყველაზე მიმზიდველი ხშირად ის ქალია, რომელსაც აქვს ინტერესები, საყვარელი საქმე, საკუთარი შეხედულებები, სურვილები... ჰყავს მეგობრები და ის არ ცდილობს, ყველა წინადადებაში მამაკაცს დაეთანხმოს. არც იმის ეშინია, რომ განსხვავებული აზრის გამო ის აღარ მოეწონებათ.

მამაკაცის მოხიბვლის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა გულწრფელი ინტერესია. მოუსმინე, დაუსვი კითხვები, გაიგე, რა აინტერესებს, მაგრამ საუბარს დაკითხვად ნუ აქცევ. გაუზიარე საკუთარი ამბებიც. ფლირტი ხომ – ეს არის მზერა, იუმორი, მსუბუქი თამაში და შეგრძნება, რომ ერთმანეთის გაცნობა ორივეს გსიამოვნებთ.

ნუ ეცდები, მისთვის იდეალური ქალი გახდე. თუ სპორტი არ გიყვარს, ნუ მოაჩვენებ თავს სპორტის მოყვარულად. თუ ხმაურიანი წვეულებები გღლის, მხოლოდ მის გამო ნუ გახდები ყველა საღამოს წვეულების დედოფალი. ურთიერთობის დასაწყისში შექმნილი როლი ადრე თუ გვიან დამღლელი ხდება.

რა თქმა უნდა, გარეგნობა, ჩაცმულობა და ქარიზმა პირველ შთაბეჭდილებაზე გავლენას ახდენს, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელებას მხოლოდ გარეგნული მიმზიდველობა ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, როგორ გრძნობთ თავს ერთმანეთის გვერდით, შეგიძლიათ თუ არა თავისუფლად საუბარი და არის თუ არა ინტერესი ორმხრივი.

თუ ვიღაცას არ მოეწონე, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ლამაზი, საინტერესო ან სასურველი ხარ. ზოგჯერ, უბრალოდ, არ ემთხვევა ხასიათი, მოლოდინები ან ცხოვრების ეტაპები.

ასე რომ, თუ მაინც გინდა, იცოდე მამაკაცის მოხიბვლის მოკლე გზა, პასუხი მარტივია: იყავი მოვლილი, იყავი ცოცხალი, იყავი საინტერესო – პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. ნუ ითამაშებ ისეთ ადამიანს, როგორიც არ ხარ, მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცის გემოვნებაში ჩაეტიო.

მეგობრები თუ ოჯახი

ანუ, წავიდეთ თუ არა დაქალებთან უიქენდზე ქმრის გარეშე?

„ქმრის გარეშე მიდიხარ?“ – ზოგჯერ ამ კითხვაში უფრო მეტი ეჭვი იმალება, ვიდრე უბრალო ცნობისმოყვარეობა. თითქოს გათხოვილ ქალს პირადი დასვენების უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მას მეუღლესთან ერთად გეგმავს. მეგობრებთან ორი დღით წასვლა კი უკვე რაღაცის ახსნას, გამართლებას ან, უარეს შემთხვევაში, დანაშაულის განცდას მოითხოვს.

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: დაქალები დიდი ხანია, გეგმავენ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გატარებას. კარგი სასტუმრო, ღვინო, ბევრი საუბარი, მუსიკა, სიცილი და ის თავისუფლება, რომელიც ზოგჯერ ყოველდღიურობისგან მოშორებით გვახსენებს, რომ მხოლოდ დედები, ცოლები და თანამშრომლები არ ვართ. თქვენც გინდათ წასვლა, მაგრამ ერთი კითხვა მეუღლის მხრიდან – „ოჯახთან ყოფნა აღარ გინდა?“ – და ყველაფერი თავდაყირა დგება. :

აი, აქ იწყება მთავარი დილემა – სად მთავრდება ოჯახური ერთგულება და სად იწყება პირადი სივრცე?

ქორწინება ორი ადამიანის ერთობლივი ცხოვრებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველა მეგობარი, ინტერესი და დასვენების ფორმა აუცილებლად საერთო უნდა ჰქონდეთ. ჯანსაღ ურთიერთობაში, სიახლოვესთან ერთად, პირადი სივრცეც არსებობს. მეუღლეებს შეუძლიათ, უყვარდეთ ერთმანეთი და ამავე დროს ჰყავდეთ სხვა მეგობრები, ჰქონდეთ განსხვავებული სურვილები და დრო, რომელსაც ერთმანეთის გარეშე ატარებენ. პირადი საზღვრებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაშ, უნდა წავიდეთ თუ არა დაქალებთან უიქენდზე ქმრის გარეშე? პასუხი მარტივია: თუ ამის სურვილი გაქვს, ოჯახური პასუხისმგებლობები შეთანხმებული გაქვთ და შენი წასვლა არ არღვევს საერთო გეგმებს, მხოლოდ იმიტომ არ უნდა თქვა უარი, რომ გათხოვილი ხარ.

თუმცა, თავისუფლება არ ნიშნავს, რომ პარტნიორის გრძნობები საერთოდ არ უნდა გაითვალისწინო. საუბარი და შეთანხმება კონტროლს არ უნდა დაემსგავსოს. არცერთმა პარტნიორმა არ უნდა იგრძნოს, რომ მეგობრებთან შეხვედრისთვის ნებართვის აღება უწევს.

სხვა საკითხია, თუ უიქენდი ოჯახური პრობლემებისგან გაქცევის საშუალებად იქცევა. თუ წასვლა მხოლოდ იმიტომ გინდა, რომ სახლში ყოფნა აღარ შეგიძლია, შესაძლოა, დასვენებაზე მეტად ურთიერთობის გადახედვა გჭირდებოდეს.

მეგობრობა ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია – არა მხოლოდ ქორწინებამდე, არამედ მის შემდეგაც. ზოგჯერ სწორედ დაქალებთან გულწრფელი საუბარი გვაძლევს ემოციურ მხარდაჭერას, ახალ პერსპექტივას და იმ შეგრძნებას, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ყოველდღიური მოვალეობებისგან არ შედგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი