ქალი და კაცი

თავი რომ მოაწონოთ

№19

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 22.05, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ეს რჩევები მამაკაცებისთვისაა. თქვენს რჩეულზე რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ, საჭიროა გაცნობისთანავე დაიწყოთ მისი პიროვნების შესწავლა. დროთა განმავლობაში ისე უნდა მიეჩვიოთ ქალების ამოცნობას, რომ ინტუიციის დონეზე მიხვდეთ, რა ტიპს მიეკუთვნება ესა თუ ის ქალბატონი, რა სურს და ასე შემდეგ. ქალები აფასებენ, როცა კაცი ხვდება, თუ რა სურთ მათ;

იყავით ყურადღებით – გაარკვიეთ, რა მოსწონს მას, რა იტაცებს, რით არის დაინტერესებული. მოაყოლეთ მას ბევრი რამ, უსმინეთ, დაიმახსოვრეთ და თქვენვე მიხვდებით, თუ როდის, რა სიტუაციაში გამოიყენოთ მოსმენილი ინფორმაცია. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობასა და სტილზე. ქალების უმეტესობა ამას აქცევს ყურადღებას. არ არის აუცილებელი გეცვათ ძვირად ღირებული ტანსაცმელი, გქონდეთ მაღალფასიანი აქსესუარები, რომ ქალზე ეფექტის მოხდენა შეძლოთ, მაგრამ ვერაფრით მოახერხებთ მის დაინტერესებას თუ არ იცვამთ სუფთად ან თქვენგან არასასიამოვნო სუნს იგრძნობს.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ხალხში ტრიალებთ და ვისთან მეგობრობთ. ურთიერთობის რაღაც ეტაპზე მაინც მოგიწევთ, გააცნოთ მას თქვენი მეგობრები. როდესაც გყავს კარგი სამეგობრო წრე, ხარ დაფასებული, ეს უდიდესი პლუსია.

აიცანით მისი ახლო სამეგობროც. ეს დაგეხმარებათ, უფრო მეტი გაიგოთ მის შესახებ. ყოველთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ დაქალები მის რჩეულზე. იმისათვის, რომ პასუხი იყოს ისეთი, როგორიც გინდათ, იმოქმედეთ – მის დაქალებზე დადებითი ეფექტი უნდა მოახდინოთ. ის მათ აუცილებლად ჰკითხავს რჩევას თქვენთან დაკავშირებით.

იყავით თავდაჯერებული – თითქოს ბანალურად ჟღერს, მაგრამ გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა გსურთ, რატომ გსურთ, როდის გსურთ. არ იკამათოთ, უბრალოდ, ყოველთვის მოკლედ თქვით საკუთარი აზრი, მნიშვნელოვანია, იცოდეთ და ჩამოყალიბებული გქონდეთ, რა ტიპის ურთიერთობა გსურთ ქალთან, რომელიც მოგწონთ. მამაკაცმა უნდა მისცეს ფორმა იმ ურთიერთობას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

ნათქვამია, თუ ქალის გაღიმება შეძელი, მისი გულის მოპოვებასაც შეძლებო. პოზიტიური ადამიანები, რომლებსაც ჯანსაღი იუმორის გრძნობა აქვთ და საჭირო დროს, საჭირო სიტუაციაში მოზომილად და მოსწრებულად ახერხებენ კითხვა-პასუხს - ყოველთვის პოპულარობით სარგებლობენ. გქონდეთ საკუთარი სტილი. ნუ მოაბეზრებთ თავს ზედმეტი სიცილითა და უკბილო ხუმრობებით. ეცადეთ, საკუთარი ტალანტის წარმოსაჩენად სწორად შეარჩიოთ დრო, ადგილი და სიტუაცია.

მარტივად ასახსნელი

პირადი ურთიერთობები ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ არის ბევრი ნიუანსი, რაც ყველა ურთიერთობაშია გასათვალისწინებელი. გირჩევთ, გაამახვილოთ ყურადღება ამ პუნქტებზე:

👉 სწორად შეაფასეთ სიტუაცია, ჩამოყალიბდით, რას ელით ამ ურთიერთობისგან – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ აპირებთ ხანგრძლივ ურთიერთობას და თავიდანვე გაქვთ გადაწყვეტილი მცირე დროით გქონდეთ ფლირტი, სხვა მიდგომა და ქმედებებია საჭირო;

👉 დააკვირდით მამაკაცს, დაახასიათეთ ის – რა მოსწონს, რაზე ლაპარაკობს ხშირად, რით არის დაინტერესებული. თითქმის ყველა კაცს უყვარს და სიამოვნებს, როდესაც მას ეკითხებიან რჩევას. შეაფასეთ პოტენციური პარტნიორი ობიექტურად. ამისათვის კი მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

👉 დაუსვით მას გონივრული კითხვები და რაც მთავარია, მოუსმინეთ. ამ კუთხით, ქალებს ერთი დიდი ნაკლი აქვთ. ურთიერთობისას, ისინი იმდენად არიან გართული, რომ მოსმენა ავიწყდებათ. მიეცით საშუალება ილაპარაკოს.

აცადეთ, გამოთქვას თავისი აზრი და შეხედულებები და თუ თქვენსას დაემთხვა, დაეთანხმეთ;

👉 იყავით თავშეკავებული. თქვენმა ზედმეტმა ცოდნამ შესაძლოა, მამაკაცების უმეტესობა დააფრთხოს. ნუ იქნებით ბანალური. აგრძნობინეთ, რომ გამორჩეული სამყარო და ინტერესები გაქვთ. იმისათვის, რომ არჩევანი თქვენზე გააკეთოს, კაცმა უნდა დაინახოს თქვენში ის ხასიათი და თვისებები, რასაც სხვა ქალებში ვერ ხედავს.

ამისათვის საჭიროა იყოთ თავდაჭერილი, მოზომილი და გქონდეთ საკუთარი დამოკიდებულებები და პრინციპები.

ძალიან ადვილია მსუბუქი ურთიერთობის წამოწყება, ბევრად მარტივი, ვიდრე ხანგრძლივისა და სერიოზულის. ბევრი კაცი ერიდება პასუხისმგებლობას, ამიტომ მცირეა იმის ალბათობა, რომ მარტივი ტიპის ურთიერთობაში მამაკაცი არ აგყვეთ. იყავით ხალისიანი, შეეცადეთ ითამაშოთ სიტუაციებით. აგრძნობინეთ მას, რომ მოგწონთ მის გვერდით ყოფნა, იყავით პირადპირი და გახსნილი. ხაზი გაუსვით, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერობა, მაგრამ არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ მასზე ხართ დამოკიდებული.

გაიღიმეთ ხშირად, ნუ დააკისრებთ არარეალურ პასუხისმგებლობას. მამაკაცები ხშირად ერიდებიან ვალდებულებებს. აგრძნობინეთ, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, იმიტომ ხდება, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა.

ქალი უნდა იყოს ბუნებრივად ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა. ბევრ ქალს ჰგონია, რომ რაც მეტ ტონალურს წაისვამს, რაც უფრო მეტად შეღებილი იქნება და რაც მეტად გამომწვევად ჩაიცვამს ან მაღალ ქუსლებზე იქნება შემოსკუპებული, მით უფრო დიდ ეფექტს მოახდენს სასურველ მამაკაცზე. იყავით მაქსიმალურად ბუნებრივი და ეს ძალიან დაგეხმარებათ ურთიერთობაში.

დაუკვირდით თქვენს „სხეულის ენას“, იმოძრავეთ დახვეწილად და ქცევებიც გააკონტროლეთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ტიპის ურთიერთობაში. უნდა გამოირჩეოდეთ ორიგინალური და დახვეწილი მანერებით. იყავით გემოვნებიანი და გქონდეთ თქვენი სტილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი