ქალი და კაცი

ბოლოს და ბოლოს, ფრთები გაშალეთ

№31

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.08

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

კარის დახურვის ხმა თითქოს ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ამჯერად სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ბავშვი, რომელსაც წლების განმავლობაში სკოლაში აცილებდით, ღამით საბანს უსწორებდით და ათასჯერ ეკითხებოდით – „ჭამე?“, უკვე საკუთარ გზას დაადგა.

პირველი დღეები უცნაურია. ოთახში ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ სიჩუმე ხმაურობს. ყავის ფინჯანი აღარ ცივდება, რადგან აღარავინ გეძახით. თითქოს რაღაც დასრულდა.

წლების განმავლობაში თქვენ სხვისი განრიგით ცხოვრობდით. იცოდით გაკვეთილების ცხრილი, უნივერსიტეტის გამოცდები, მეგობრების დაბადების დღეები... ახლა კი პირველად შეგიძლიათ საკუთარი კალენდარი შეავსოთ. ჩაწეროთ: „დღეს მე მინდა, კინოში წავიდე“ ან „შაბათს სპა, კვირას – ღვინის ტური“...

თავიდან შეიძლება დანაშაულის განცდაც გაჩნდეს. თითქოს დედას არ ეკადრება საკუთარი თავისთვის ცხოვრება. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ესაა. ბედნიერი დედა ყოველთვის საუკეთესო მაგალითია.

შეიძინეთ კაბა, რომელიც აქამდე „სად ჩავიცვას“ გამო არ იყიდეთ. იმოგზაურეთ. გაიცანით ადამიანები. იცეკვეთ. იცინეთ... შვილებს ყველაზე მეტად სწორედ თქვენი ღიმილი დაამახსოვრდებათ.

როცა ისინი დამოუკიდებლები გახდნენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან მისიას. ახლა კი დროა, საკუთარი ცხოვრების მთავარი გმირი ისევ თქვენ გახდეთ.

თავისუფლების მისამართი

არსებობს ერთი მითი, რომელსაც ქალები ხშირად იჯერებენ – თითქოს შვილების წასვლის შემდეგ ცხოვრება უფერულდება. სინამდვილეში კი, სწორედ მაშინ იწყება ფერადი სეზონი.

ახლა შეგიძლიათ, ქმარს ისევ პაემანი დაუნიშნოთ. დიახ, იმავე კაცს, რომელსაც ოდესღაც მთელი ღამე ელაპარაკებოდით და ახლა მხოლოდ იმას ეკითხებოდით – „პური იყიდე?“

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ ისევ გიყვართ მუსიკა, მთები, თეატრი და გრძელი საუზმეები. შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ მეგობრებთან სიცილი საუკეთესო თერაპიაა.

ნუ შეგეშინდებათ ახალი ჰობის. ცეკვა, იოგა, ფოტოგრაფია, მებაღეობა, საკუთარი პატარა ბიზნესი... ასაკი არასოდეს ყოფილა ოცნებების მტერი. ერთადერთი მტერი გადადებაა.

და კიდევ ერთი საიდუმლო: შვილები გაცილებით მშვიდად არიან, როცა იციან, რომ დედა ბედნიერია. ისინი აღარ ღელავენ თქვენზე და სიამოვნებით გისმენენ, როცა თქვენც საინტერესო ისტორიები გაქვთ მოსაყოლი.

ცარიელი ბუდე? იქნებ, უბრალოდ, სივრცეა, სადაც ბოლოს და ბოლოს საკუთარი ცხოვრება უნდა მოაწყოთ.

რისთვისაც არასოდეს გეცალათ

ქალებს ხშირად ჰგონიათ, რომ ორმოცდაათის შემდეგ მთავარი უკვე მოხდა. სინამდვილეში, სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე გაბედული გადაწყვეტილებები სწორედ ამ ასაკში მიიღება.

ბავშვები გაიზარდნენ, გამოცდილება დაგიგროვდათ, შეცდომების აღარ გეშინიათ – ეს კი უდიდესი ფუფუნებაა.

ახლა შეგიძლიათ, დილით ისე გაიღვიძოთ, რომ არავის სადილი არ გაამზადოთ; შეგიძლიათ, წიგნი შუადღემდე იკითხოთ და ამის გამო ბოდიში არავის მოუხადოთ; შეგიძლიათ, ბილეთი იყიდოთ და მარტო იმოგზაუროთ.

ბევრი ქალი სწორედ ამ ასაკში იწყებს სწავლას, იცვლის პროფესიას, ხსნის პატარა კაფეს, ქმნის ხელნაკეთ ნივთებს, წერს წიგნს ან პირველად იღებს პროფესიულ ფოტოსესიას. რატომ? იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს დრო საკუთარ თავს ეკუთვნის.

გახსოვდეთ, დედობა არასოდეს მთავრდება, მაგრამ ის აღარ ნიშნავს საკუთარი სურვილების დავიწყებას. თქვენი შვილებისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი თქვენი ბედნიერებაა.

ასე რომ, თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ – „ახლა რაღა დროს ჩემი ცხოვრებაა?“ – სარკეში ჩაიხედეთ და გაუღიმეთ საკუთარ თავს. საუკეთესო წლები ხშირად სწორედ მაშინ იწყება, როცა მათ აღარ ველოდებით.

50+ – ყველაზე საინტერესო ასაკი

„როცა დრო მექნება...“

რამდენჯერ უთქვამს ეს ფრაზა ქალს საკუთარი თავისთვის? ალბათ, ასჯერ, შეიძლება ათასჯერ. „როცა ბავშვები წამოიზრდებიან...“, „როცა სკოლას დაამთავრებენ...“, „როცა უნივერსიტეტში ჩააბარებენ...“, „როცა სამსახურს დაიწყებენ ...“

ერთ დღესაც კი დგება ის დილა, როდესაც სახლში სიჩუმეა. არავინ ჩქარობს, არავინ გეძახით: „დედა, ჩემი მაისური სად არის?“ ან „დღეს სადილად რა გვაქვს?“ და უცებ აღმოაჩენთ, რომ მთელი დღე თქვენს განკარგულებაშია. უცნაური შეგრძნებაა. თავიდან შეიძლება, ცოტა სევდიანიც. თითქოს ვიღაცამ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური დაასრულა.

... მაგრამ სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო.

ქალები ძალიან ხშირად საკუთარ ცხოვრებას აჩერებენ – ჯერ შვილებისთვის, მერე მეუღლისთვის, მერე მშობლებისთვის, მერე სამსახურისთვის... ბოლოს კი სარკეში იყურებიან და საკუთარ თავს ეკითხებიან: „მე სად დავიკარგე?“... თქვენ არსად დაკარგულხართ. უბრალოდ, ძალიან დიდხანს ზრუნავდით სხვებზე.

50 წლის შემდეგ პირველად მოდის დრო, როცა შეგიძლიათ, საკუთარი სურვილები ხმამაღლა წარმოთქვათ და ამის გამო თავი დამნაშავედ აღარ იგრძნოთ. სურვილები ეგოიზმი არ არის. ეს საკუთარი თავის პატივისცემაა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სწორედ ამ ასაკში ქალები ყველაზე თავდაჯერებულები ხდებიან. აღარ ცდილობენ, ყველას მოაწონონ თავი; აღარ ნერვიულობენ იმაზე, რას იტყვის მეზობელი ან ნათესავი. უკვე ზუსტად იციან, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და ვისთან უნდათ დროის გატარება.

თქვენს შვილებსაც უკვე აღარ სჭირდებათ დედა, რომელიც ყოველდღე მათ პრობლემებს აგვარებს. მათ სჭირდებათ ქალი, რომელსაც ბედნიერების არ ეშინია. ქალი, რომელიც საკუთარი ცხოვრებით ტკბება. სწორედ ასეთი დედა აძლევს შვილებს ყველაზე დიდ სიმშვიდეს.

ხშირად გვგონია, რომ ბედნიერებას ახალგაზრდობაში აქვს ვადა. არადა, ასაკს ბედნიერებასთან საერთო არაფერი აქვს.

რაც მთავარია, არასოდეს თქვათ: „უკვე გვიანია.“ ..

50 წელი არ არის ფინიშის ხაზი. ეს ის ასაკია, როცა ქალს ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, ყველაზე ნაკლები კომპლექსი და, ხშირად – ყველაზე მეტი თავისუფლება.

ახლა იწყება ის ცხოვრება, რომლისთვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ, არ გეცალათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი