ის, ვინც ყველაზე მეტად გვტკენს
ავტორი: ნინო წულუკიძე 52 წუთის წინ
უცნაური ამბავია – კაცი, რომელიც ყოველდღე გწერს, ყურადღებას გაქცევს, პატივს გცემს, ხშირად მოსაწყენი ხდება. ხოლო ის, ვინც ორ დღეში ერთხელ გიპასუხებს, გაუჩინარდება, ისევ დაბრუნდება და ბოლოს დაგადანაშაულებს, რომ ყველაფერი შენი ბრალია თავიდან არ გადის.
რატომ?
ფსიქოლოგები ამას ემოციურ დეფიციტს უწოდებენ.
ადამიანი ყველაზე მეტად იმას ებღაუჭება, რაც მუდმივად აკლია. როდესაც პარტნიორის სიყვარული სტაბილურია, ტვინი მშვიდდება. როდესაც სიყვარული დოზებად მოდის, იწყება დამოკიდებულება. ეს უკვე აღარ არის სიყვარული. ეს უფრო ნარკოტიკს ჰგავს. რამდენიმეწუთიანი სითბო საკმარისია იმისთვის, რომ რამდენიმეკვირანი ტკივილი დაივიწყო.
სწორედ ამიტომ ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხშირად ამბობენ: „მაგრამ ისეთი კარგი მომენტებიც გვქონდა...“
რა თქმა უნდა. სხვანაირად ვერ დაგაკავებდა. თუ თავიდანვე ცუდი იქნებოდა, პირველივე დღეს წახვიდოდი.
ტოქსიკური ურთიერთობა ყოველთვის პატარა ბედნიერებებისა და დიდი ტკივილების მონაცვლეობაა. სწორედ ამიტომ ტოვებს ასეთი ურთიერთობა ყველაზე ღრმა კვალს.
ადამიანი კი არა იმ ემოციაზე ხდები დამოკიდებული, რომელსაც ის იწვევს.
და რაც უფრო იშვიათად იღებ სიყვარულს, მით უფრო ძვირფასი გგონია.
სიყვარულს არასოდეს უნდა სჭირდებოდეს დამსახურება. თუ ყოველდღე უნდა ამტკიცო, რომ სიყვარულის ღირსი ხარ, ეს უკვე სიყვარული აღარ არის. ეს ბრძოლაა. ბრძოლაში კი ჰარმონიული ოჯახები არ იქმნება.
საშიში სიტყვა – „მოითმინე...“
„ახლა რთული პერიოდი აქვს”, „მოითმინე“, „ყველა კაცი ასეთია“, „ერთ დღეს შეიცვლება“...
რამდენ ქალს დაუკარგავს ამ ფრაზებით საკუთარი ცხოვრების საუკეთესო წლები.
ტოქსიკური ურთიერთობა არასოდეს იწყება ყვირილით. ის იწყება ძალიან ლამაზი სიყვარულით. სწორედ ამიტომ არის საშიში. პირველ თვეებში ის იდეალურია. გეუბნება, რომ განსაკუთრებული ხარ, რომ შენნაირი არასოდეს შეხვედრია, რომ შენ გარეშე ვერ იცხოვრებს... შემდეგ კი იწყება კონტროლი: ვინ დაგირეკა? რატომ ჩაიცვი ასე? რატომ არ მიპასუხე? რატომ შეხვდი მეგობარს?.. შემდეგ მოდის შეურაცხყოფა, შემდეგ – დუმილი, შემდეგ – ისევ ბოდიში, ყვავილები, ჩახუტება... და ყველაფერი თავიდან იწყება.
ამას ფსიქოლოგები „ძალადობის ციკლს“ უწოდებენ.
ყველაზე რთული ის არის, რომ ამ ეტაპზე მსხვერპლს უკვე აღარ სჯერა საკუთარი თავის. ჰგონია, რომ ყველაფერში თავად არის დამნაშავე – უფრო კარგი ცოლი რომ ყოფილიყო, უფრო მშვიდი, უფრო ლამაზი, უფრო ყურადღებიანი, მაშინ ყველაფერი გამოსწორდებოდა. მაგრამ სიმართლე სხვაგვარია. ადამიანი, რომელიც სიყვარულს ყოველდღე ტკივილით გიმტკიცებს, ერთ დღეს სასწაულებრივად არ იცვლება. შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ პრობლემას თავად აღიარებს. სიყვარული არასოდეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც საკუთარი თავის დაკარგვა გიწევს.
ნამდვილი სიყვარული არ გთხოვს, ყოველდღე დაამტკიცო, რომ მისი ღირსი ხარ. ის, უბრალოდ, გაძლევს განცდას, რომ არავიზე ნაკლები არ ხარ და ძალიანაც უნდა უყვარდეთ. და, ალბათ, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება სიყვარულსა და ტოქსიკურ დამოკიდებულებას შორის.
სიყვარულის მახე
„არ მწერს უკვე მესამე დღეა, ალბათ, რაღაც დაემართა“,
„დღეს ისევ ცივად მელაპარაკა, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ“,
„ყველასთვის უხეშია, ჩემთან, უბრალოდ, რთული ხასიათი აქვს“...
თუ ამ ფრაზებიდან რომელიმე ერთხელ მაინც გითქვამთ, დიდი ალბათობით, ტოქსიკური ურთიერთობის ზღვარზე ყოფილხართ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიყვარული ადამიანს დაცულობის, სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას უნდა აძლევდეს. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხშირად პირიქით ხდება – რაც უფრო მეტ ტკივილს გვაყენებს ადამიანი, მით უფრო ძლიერად ვეფლობით ამ გრძნობაში.
რატომ?
საქმე ისაა, რომ ადამიანის ტვინი ყოველთვის ლოგიკით არ მოქმედებს. როდესაც პარტნიორი ერთ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევს, მეორე დღეს კი სრულიად გვაიგნორებს, ტვინი მუდმივ მოლოდინში გადადის. სწორედ ეს გაურკვევლობა წარმოშობს ძლიერ ემოციურ დამოკიდებულებას.
ეს იგივე მექანიზმია, რომელიც აზარტულ თამაშებში მუშაობს – არ იცი, როდის „მოიგებ”. ამიტომ თამაშს არ წყვეტ.
ასეა ტოქსიკურ სიყვარულშიც.
დღეს გაწყენინებს. ხვალ ბოდიშს მოგიხდის. ზეგ ისევ გაქრება.
მეოთხე დღეს ყვავილებს მოგიტანს.
და შენ გგონია, რომ ეს სიყვარულია.
სინამდვილეში კი შენი ემოციები მუდმივი სტრესის ქვეშაა.
ყველაზე სახიფათო ის არის, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი სიყვარულსა და ტკივილს ერთმანეთთან აიგივებს.
იწყებს ფიქრს: „თუ ასე ძალიან მტკივა, ალბათ ძალიან მიყვარს”. არადა ეს სიყვარული აღარ არის. ეს უკვე დამოკიდებულებაა.
ტოქსიკურ პარტნიორებს თითქმის ყოველთვის ერთი საერთო თვისება აქვთ – მათ შეუძლიათ, თავი გაგრძნობინონ სამყაროს ყველაზე ბედნიერ ადამიანად და რამდენიმე საათში – ყველაზე უსარგებლოდ.
სწორედ ეს ემოციური „ამერიკული მთებია”, რაც ადამიანს ურთიერთობიდან წასვლის საშუალებას აღარ აძლევს.
ყველაზე ხშირად ასეთ ურთიერთობებში ადამიანები წლების განმავლობაში რჩებიან იმ იმედით, რომ „ერთ დღეს შეიცვლება“. მაგრამ ფსიქოლოგები ერთ რამეს ამბობენ: ადამიანი მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა თავად უნდა და არა მაშინ, როცა ვიღაც ძალიან უყვარს.
სიყვარული არასოდეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც ყოველდღე საკუთარი თავის გადარჩენა გიწევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



