ბედნიერია თუ, უბრალოდ, ყველას ასე ჰგონია
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 09.08
გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანს – კარგი სამსახური. საკუთარი მანქანა, მოვლილი გარეგნობა, წარმატება, ღიმილი. ყველას ჰგონია, რომ ასეთ ქალს ცხოვრებაში ყველაფერი აქვს. მაგრამ სინამდვილეში? დიახ, სინამდვილეში სწორედ ძლიერი ქალები ამბობენ ყველაზე იშვიათად ხმამაღლა, რომ დაიღალნენ.
ისინი მიჩვეულები არიან, პრობლემები თავად მოაგვარონ და არავინ შეაწუხონ, არ იტირონ, არ აჩვენონ სისუსტე.
საზოგადოებამ თითქოს მათ ერთი როლი მიანიჭა – ყოველთვის ძლიერები უნდა იყვნენ. თუმცა ადამიანს მუდმივად ძლიერად ყოფნა არ შეუძლია.
ყველაზე დიდი შეცდომაც სწორედ აქ იწყება. როდესაც ქალს აღარავინ ეკითხება – როგორ ხარ? იმიტომ, რომ ყველას ჰგონია, ის ყოველთვის კარგად არის.
ფსიქოლოგების თქმით, ემოციური გადაღლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ ეს მუდმივი პასუხისმგებლობის გრძნობაა.
ძლიერი ქალი ხშირად ყველას პრობლემებს აგვარებს:
•ოჯახის;
•მეგობრების;
•სამსახურის;
•ბავშვების;
•მშობლების...
მაგრამ ბოლოს საკუთარ თავზე დრო აღარ რჩება. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ საზოგადოება ძლიერ ქალს იშვიათად პატიობს შეცდომას.
•თუ იტირა – „გატყდა“;
•თუ დაიღალა – „ისეთი ძლიერი არ ყოფილა“.
•თუ დახმარება ითხოვა – „შეიცვალა“.
არადა, ძლიერი ქალი რობოტი არ არის. ისიც იღლება, ისიც ნერვიულობს, ისიც შეიძლება ღამე ტიროდეს. უბრალოდ, ამას ძალიან ცოტა ადამიანი ხედავს.
და, ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ის ურთიერთობაა, სადაც ძლიერ ქალსაც შეუძლია, იყოს უბრალოდ ქალი.
მკაცრი ქალი – სინამდვილეში ყველაზე მგრძნობიარე
„ძალიან მკაცრია...“
ამ ფრაზას ხშირად ამბობენ ქალებზე, რომლებიც საკუთარ წესებს არ თმობენ, არ პატიობენ ტყუილს, არ იტანენ უპატივცემულობას, არ ცხოვრობენ სხვისი სურვილებით...
მაგრამ ძალიან იშვიათად სვამენ კითხვას:
რატომ გახდა ასეთი?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანების უმეტესობა მკაცრი არ იბადება. მკაცრები ხდებიან. მრავალი იმედგაცრუების შემდეგ, ღალატის შემდეგ, გამოუცხადებელი სიყვარულის შემდეგ, აშკარა გამოყენების შემდეგ.
როდესაც ადამიანი ბევრჯერ ენდობა და ბევრჯერ იმედგაცრუებული რჩება, ბოლოს სწავლობს საზღვრების დაწესებას. გარედან ეს სიმკაცრედ ჩანს. სინამდვილეში კი ეს თავდაცვაა. მკაცრი ქალი იშვიათად ხმაურობს. ის, უბრალოდ, ჩუმად მიდის. არ უხსნის, არ ეხვეწება, არ ამტკიცებს, რომ მართალია. მას უკვე ეს ეტაპი გავლილი აქვს. ალბათ, სწორედ ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ასეთ ქალებს სიყვარული არ შეუძლიათ. არადა, ყველაფერი პირიქით არის. უბრალოდ, შემთხვევით ადამიანებს გულს აღარ უხსნიან. მათი ნდობის მოპოვება რთულია. მაგრამ თუ ერთხელ შეგიშვეს საკუთარ სამყაროში, ეს ყველაზე ერთგული ადამიანია. ძლიერი საზღვრები გულგრილობას არ ნიშნავს, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი თავის ფასი იცის. ალბათ, ამიტომაა, რომ ყველაზე მკაცრი ქალები ხშირად ყველაზე სათუთი ადამიანები არიან. უბრალოდ, ამას მხოლოდ ის ხედავს, ვინც მათ გარეგნულ სიმტკიცეს მიღმა ჩახედვას შეძლებს.
რატომ აშინებს ზოგ მამაკაცს თავდაჯერებული ქალი
„ძალიან ძლიერი ხარ...“ – ეს სიტყვები ერთი შეხედვით, კომპლიმენტია. მაგრამ ხშირად ამ სიტყვების უკან სულ სხვა შინაარსი იმალება. ქალი, რომელიც საკუთარ აზრს ხმამაღლა ამბობს, ფინანსურად დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებებს თავად იღებს და საკუთარი ცხოვრება სხვისი ნებართვის გარეშე აქვს აწყობილი, ბევრისთვის ჯერ კიდევ „რთულ ქალად“ მიიჩნევა.
რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, თითქოს ქალი აუცილებლად უნდა ელოდოს მამაკაცის გადაწყვეტილებებს, მის მხარდაჭერას და მისი ცხოვრების მთავარი მიზანი ოჯახის გარშემო ტრიალი იყოს.
თავდაჯერებული ქალი ამ წესებს არღვევს. მას შეუძლია უარი თქვას. შეუძლია, წავიდეს. შეუძლია, არ აირჩიოს ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ დარჩეს. სწორედ ეს აშინებთ ადამიანებს, რომლებიც ურთიერთობაში სხვის კონტროლს არიან მიჩვეული.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თავდაჯერებული ქალი რეალურად არავის ებრძვის. ის, უბრალოდ, საკუთარ საზღვრებს იცავს. მისთვის სიყვარული არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას. საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად ასეთ ქალებს „ცივებს“, „ამაყებს“, „მიუწვდომლებს“ ან „კარიერისტებს“ ეძახიან. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ისინი, უბრალოდ, საკუთარ თავს სცემენ პატივს და პარტნიორს
•არ ურეკავენ ათჯერ;
•არ უმოწმებენ ტელეფონს;
•არ ეხვეწებიან;
•არ ეშინიათ მისი დაკარგვის...
რადგან იციან, რომ ღირსეული ურთიერთობა შიშზე არასოდეს შენდება.
ბევრი ქალი თავდაჯერებული არ იბადება. ასეთები ცხოვრების შემდეგ ხდებიან, ზოგჯერ – ღალატის შემდეგ ან იმედგაცრუების შემდეგ. იმ ურთიერთობების შემდეგ, სადაც საკუთარი თავი დაკარგეს. სწორედ ამიტომ მათი სიმტკიცე ხშირად ტკივილისგან არის დაბადებული.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ძლიერი მამაკაცები ასეთ ქალებს საერთოდ არ უფრთხიან. პირიქით, მათთვის ეს ქალი პარტნიორია და არა კონკურენტი. შიში მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც საკუთარ თავში თავდაჯერება არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



