ქალი და კაცი

სულ ცოტა ხუმრობით...

№40

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 15.10, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

წარმოგიდგენთ საინტერესო, ხუმრობით თუ ნახევრად ხუმრობით ნათქვამ გამონათქვამებს, რომლებიც ქალების ხასიათს ნაწილობრივ მაინც ასახავს, თუმცა, ქალებს რას გაუგებ?!

აი, რას ამბობენ ცნობილი ადამიანები — მამაკაცები თუ ქალები ქალებზე, სიყვარულზე, ქორწინებაზე…

ფრედერიკ ბეგბედერი: მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, რომელსაც მინდა, რომ ვუღალატო.

ჭაბუა ამირეჯიბი: არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.

მიგელ დე უნამუნო: ქალი წმინდანია, რომლის გამოც სხვები ცოდვილნი ხდებიან.

უილიამ ფოლკნერი: დიახ, საოცარი ხალხია ეს ქალები. რეალობასთან მწყრალად არიან, სადღაც შორს, სულ მუდამ მიღმა ტრიალებს მათი გონება. ჰოდა, სწორედ ამიტომ სიკვდილი იმათთვის სულ უმნიშვნელო, რაღაც ერთი წამია. სულის გაყრის, ტკივილისა და დაღუპვის წინაშე ამჟღავნებენ ისეთ სიმამაცესა და მხნეობას, იმათთან შედარებით მტირალა ბიჭად გამოჩნდება სულით ხორცამდე სპარტელი მამრიც კი.

მარლენ დიტრიხი: სიყვარულში გამარჯვების კაპიტულაციისგან გარჩევა შეუძლებელია.

ლევან გოთუა: ქალი ხომ ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო იტანს.

ალფრედ ჰიჩკოკი: ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალი საშინელებათა კარგ ფილმს უნდა ჰგავდეს: რაც უფრო მეტი ადგილი რჩება წარმოსახვისთვის, მით უკეთესია.

კოკო შანელი: არ ვიცი, რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერ იმას, რაც მამაკაცებს აქვთ. ქალებს ხომ, ყველაფერთან ერთად, მამაკაცებიც ეკუთვნით.

ჯორჯ ბაირონი: ცრემლი ქალის ფარი და მახვილია.

ბალზაკი: თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი, არ გიყვარს.

კატრინ დენევი: თუ გინდა, მამაკაცის სიყვარული შეინარჩუნო, მას ცოლად არ უნდა გაჰყვე.

რაზე ფიქრობს მამაკაცი

რაზე ფიქრობს მამაკაცი პირველ პაემანზე მაშინ, როცა ქალი რამდენიმე წუთით მაკიაჟის შესასწორებლად გადის?

როგორია მისი პირველი შთაბეჭდილება? ეს არის თემა და შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა მამაკაცებს არ უყვართ. თუმცა, ვინ არ ოცნებობს იმაზე, იცოდეს, რა ხდება ამ დროს მამაკაცის თავში? ქვემოთ მოცემულია კაცის ყველაზე გავრცელებული ფიქრები, რომლებიც შესაძლოა, პირველი პაემნის დროს ძლიერი სქესის წარმომადგენელს გონებაში უტრიალებდეს:

• ყველასთვის ცნობილია, რომ პირველი შეხედულებები და შთაბეჭდილებები ვიზუალური მახასიათებლების მიხედვით ყალიბდება. ვიღაცას შესაძლოა, უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მამაკაცების გარკვეული ნაწილი ქალებს არომატებით განასხვავებს. მეტად უსიამოვნოა, თუ პარტნიორი ქალზე ფიქრობს: „რა ცუდი სუნი ასდის“. ამ შემთხვევაში სუნამოებსა და სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებაზეა საუბარი, რომელთა არომატმაც შესაძლოა, მამაკაცი გააღიზიანოს. ამიტომ პირველ პაემანზე თქვენთვის საყვარელი სუნამო გამოიყენეთ, გადაჭარბებულ არომატებსა და ზედმეტ კრემებზე კი უარი თქვით;

• კარგი იქნება, რაც უფრო მოკლედ ისაუბრებთ იმ თემაზე, რასაც მუშაობა და თანხის გამომუშავება ჰქვია. მოკლედ მოუყევით, რით ხართ დაკავებული და შემდეგ ეს თემა საერთოდ დაივიწყეთ. პირველივე პაემანზე იმაზე საუბარი, რამდენად დაკავებული ხართ და კარიერული წინსვლისთვის რა გეგმები გაქვთ შემუშავებული, ნამდვილად დააფრთხობს თქვენს პარტნიორს და რამდენიმე წუთით მარტო დარჩენის შემთხვევაშიც კარგს არაფერს აფიქრებინებს. ასევე, არ არის საჭირო საუბარი, თუ როგორ არ მოგწონთ თქვენი თანამშრომლები და ხელმძღვანელობა, მაშინ მამაკაცი აუცილებლად იფიქრებს, რომ სხვებისთვის არასასიამოვნო ადამიანი ხართ;

• კარგი იქნება, თუ პირველი პაემანი ერთი ფინჯანი ყავით ჩაივლის. თუ მამაკაცს პირველივე პაემანზე საკმაოდ დიდი გადასახადის გადახდა მოუწევს, იცოდეთ, რომ მეორე პაემანზე შესაძლოა, საერთოდ აღარც კი იფიქროს;

• შესაძლოა, ფიზიკური მონაცემები მამაკაცმა პირველ ადგილზე არ დააყენოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთგვარ მთავარ როლს მაინც ასრულებს. ამიტომ საჭიროა, თქვენი ხასიათის დადებითი მახასიათებლები გამოავლინოთ, რაც გადაფარავს გარკვეულ ვიზუალურ ნაკლს. ამ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად დაფიქრდება ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე;

• როგორც მამაკაცები, ასევე, ქალებიც შორდებიან მეორე ნახევარს. გარკვეული დროის შემდეგ კი უბრალოდ, ხვდებიან, რომ მათ უარი არ უნდა თქვან ახალ პაემანზე. რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, როცა პაემანზე ისეთ ადამიანთან წახვალთ, რომელმაც ეს ნაბიჯი მხოლოდ მოწყენილობის გამო გადადგა, მაგრამ ცდად ღირს;

• არის შემთხვევები, როცა კაცს პირველივე პაემანზე იმდენად მოეწონება ქალი, რომ სისულელეების ლაპარაკს იწყებს, არ ჩაუთვალოთ ეს არასერიოზულობაში, მიეცით საშუალება, სხვა დროს გამოავლინოს თავი;

• შესაძლოა, მამაკაცი იმდენად შეყვარებული იყოს, რომ ამ თემაზე უარყოფითი პასუხის შიშით საუბარიც კი არ უნდოდეს. შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში მას გახსნაში დაეხმაროთ. საკუთარ გრძნობებზე საუბარს აუცილებლად დაიწყებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული