ქალი და კაცი

სრულიად უნებლიეთ

№31

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 13.08

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალების დიდი ნაწილი, სრულიად უნებლიეთ, ხშირად უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელთა „წყალობითაც“ მამაკაცები თავქუდმოგლეჯილები გარბიან მათგან.

შეცდომა პირველი – ნუ დატვირთავთ მას თქვენი პრობლემებით. კაცს ისე არაფერი აშინებს, როგორც ქალის ბედზე პასუხისმგებლობის აღება. ამ დროს თავს, ცოცხალ ადამიანად კი არ გრძნობს, არამედ სხვისი პრობლემების მომგვარებელ მოწყობილობად. თანაც, არ ესმის, რატომ უნდა მოაგვაროს მან ვიღაცის პრობლემები.

შეცდომა მეორე – ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „ტელეფონი მიჭედავს, უკვე დაძველდა, მაგრამ ახლის ფული არ მაქვს“, „მალე ჩემი დაბადების დღეა. გადახდა მინდა, მაგრამ საშუალება არ მაქვს“... მამაკაცი აღიქვამს მესიჯად – „შენგან მხოლოდ ფული მჭირდება“.

შეცდომა მესამე – ურთიერთობის დასაწყისშივე იმის თქმა, რომ მხოლოდ ისეთ მამაკაცთან გსურთ ურთიერთობა, რომელსაც თქვენ მიმართ სერიოზული განზრახვა აქვს, მისი დაფრთხობის კიდევ ერთი გზაა. ის ჯერ მხოლოდ გსწავლობთ, გაკვირდებათ, თქვენ კი ლამის პირდაპირ ეუბნებით, ან ცოლად მომიყვან, ან უნდა დავშორდეთო. ასეთ შემთხვევაში კაცების 90 პროცენტი გაქცევას არჩევს, რათა ვინმემ ცხვარივით არ ჩააბას საბელი.

შეცდომა მეოთხე – ძველი სიყვარულის, წინა ქორწინების, ურთიერთობების კოშმარად გახსენება, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი მამაკაცი იყო. პოტენციური პარტნიორისთვის ლამის გაცნობისთანავე იმის მოყოლა, თუ რა მძიმე ცხოვრება გამოგატარათ ყოფილმა ქმარმა (ან შეყვარებულმა), მამაკაცების უმეტესობაზე ნეგატიურად მოქმედებს.

სხვათა შორის, ამავე პრინციპით მოქმედებენ დამსაქმებლებიც კანდიდატთან გასაუბრებისას: არავის მოსწონს, როდესაც ვაკანსიის მძებნელი თავის წინა დამსაქმებელს ლანძღავს – ეს ცუდი ტონია. მამაკაცს, რომლის წინაშეც თქვენს ყოფილ პარტნიორს „აშავებთ“, მშვენივრად ესმის, რომ თუ თქვენს შორისაც მოხდება რამე სერიოზული კონფლიქტი, მასაც ლაფის დასხმა ელის.

დაბოლოს, როგორც ფსიქოლოგები წერენ, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაცნობა, რათა მიხვდნენ, ნამდვილი მეწყვილე იპოვეს თუ სრულიად განსხვავებულ ადამიანთან აქვთ საქმე. ნუ ეცდებით, თავი ძალიან კარგი მხრიდან წარმოაჩინოთ. იმედგაცრუება ყოველთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ის, რომ თავიდანვე ისეთი დაგინახოთ მამაკაცმა, როგორიც სინამდვილეში ხართ. წარმატებული და ბედნიერი ურთიერთობების საიდუმლო პარტნიორების ორმხრივი გულწრფელობა, პატიოსნება და გახსნილობაა.

იგრძენი განსხვავება

ყველა ქალს უნდა, რომ მამაკაცებს მოსწონდეთ – ეს ქალის ბუნებაა, თუმცა ასეთ დროს თავის დაკარგვა ადვილია. მერე კი, მოგვიანებით აცნობიერებს, რამდენად დაუფასებელია მამაკაცისგან. ის მხოლოდ ბოლოს ხვდება, რომ მამაკაცს მასთან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვის სურვილი ჰქონდა და ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.

ზოგჯერ, როცა ვგრძნობთ, რომ სასურველი ვართ, ჩვენ იმდენად შეპყრობილი ვართ ამ მომენტით, საკუთარი თავის დაფასება გვავიწყდება. მერე კი უფლებას ვაძლევთ სხვებს, არასწორად მოგვექცნენ. ზოგადად, ადამიანებს ყურადღების ცენტრში ყოფნა გვსიამოვნებს. თუმცა, ეს არის კმაყოფილების მომენტალური შეგრძნება და მეტი არაფერი.

იცით თუ არა, რეალურად რა განსხვავებაა იმ დამოკიდებულებებს შორის, როცა მამაკაცისთვის დროებით ხართ სასურველი და როცა გაფასებთ?

დაფასება უფრო რთულია, ამას უფრო მეტი დრო სჭირდება. იყო სასურველი და დაფასებული — ორი სხვადასხვა რამეა, თუმცა, მეორე ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტული.

ნუ იქნებით მამაკაცთან მხოლოდ იმის გამო, რომ მას ტკბილი სიტყვების თქმა შეუძლია, რომლებიც ასე ძალიან მოგწონთ და რომლებიც სხვების თვალში თქვენთვის ნასროლი ტალახია და მეტი არაფერი.

ნუ ჩაუვარდებით მკლავებში ისეთ მამაკაცს, რომელიც არ გაფასებთ და უფრო მეტად იმაზე ფიქრობს, როგორ გაატაროს ღამე თქვენს საწოლში და არა იმაზე, რას გრძნობთ, როცა არ გირეკავთ და არ გკითხულობთ. არასოდეს აიტანოთ ეს!

შესაძლოა, მოსწონდეთ მამაკაცს, მაგრამ მისი სიტყვები არაფერს არ უნდა ნიშნავდეს თქვენთვის, სანამ მისგან დაფასებასა და პატივისცემას არ იგრძნობთ, როცა თქვენს ცხოვრებაში ისეთ ადამიანს უშვებთ, ვინც არ გაფასებთ და პატივს არ გცემთ, ამით, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ ამჟღავნებთ უპატივცემულობას. არასოდეს მისცეთ უფლება მამაკაცს, რომ გამოგიყენოთ, რადგან თუ ამას ერთხელ დაუშვებთ, მისი მხრიდან თქვენი გამოყენების მცდელობა ყოველთვის განმეორდება.

ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება. ამის შემდეგ დაინახავთ, რამდენად ღირებული ადამიანი ხართ, კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გაგიჩნდებათ საკუთარი თავის მიმართ და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...