ქალი და კაცი

სიყვარულის გარეშე

№22

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 12.06, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სიყვარული არის გრძნობა, რომლის გარეშეც ადამიანს არსებობა არ შეუძლია. სიყვარული მეგობრებისა და ოჯახის წევრების, საქმის ან შინაური ცხოველის მიმართ ერთია, ხოლო მონათესავე სულის, საყვარელი ადამიანის პოვნა კი – მეორე და უმნიშვნელოვანესი. „ნეტავ მართლა მიყვარს?“ „იქნებ, უბრალოდ, გატაცებაა?“ „შეიძლება, უბრალოდ, თავს მარტოდ ვგრძნობ?“... ვისაც მართლა უნდა ნამდვილი სიყვარულის პოვნა, ახალი ადამიანის გაცნობისას აუცილებლად უსვამს მსგავს კითხვებს საკუთარ თავს.

მოდი, ერთად გავცეთ პასუხი კითხვებს, რომლებიც ახალი ურთიერთობის დაწყებისას თავს იჩენს ხოლმე:

✔️ უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე იყავით – დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სიხარულით მიიჩქარით მასთან შესახვედრად. ცდილობთ, პარტნიორი გააბედნიეროთ. თუ ცუდ ხასიათზეა, ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ თავი კარგად აგრძნობინოთ და ასევე იქცევა ისიც. ეს იდეალური ურთიერთობის დასაწყისია;

✔️უფრო დამყოლი გახდით – როდესაც ორ ადამიანს ნამდვილად უყვარს ერთმანეთი, ისინი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობენ ან ცდილობენ, დათმობაზე წავიდნენ. მაგალითად: ერთ შაბათ-კვირას სახლში, მყუდრო გარემოში ატარებენ, ხოლო მეორე შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მიდიან სასეირნოდ, მეგობრებთან ერთად. მოკლედ, ამ თემაზე არ ჩხუბობენ;

✔️აღარ ფიქრობთ ყოფილ შეყვარებულებზე – ალბათ, ყველას გამოგვიცდია შეყვარებულთან დაშორება, დეპრესია… ზოგჯერ გვგონია, რომ მეორედ ისე აღარ შეგვიყვარდება, როგორც გვიყვარდა. თუმცა, შემდეგ გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გვავიწყებს და შესაძლოა, დღეები ან თვეები ისე გავიდეს, რომ ყოფილი შეყვარებული არც კი გაგვახსენდეს. ყველაზე სასიამოვნო ის შეგრძნებაა, როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ გახსენდება, რომ ყოფილ შეყვარებულზე წუთითაც არ გიფიქრია და ეს უფრო აძლიერებს თქვენს სიყვარულს თქვენი ახალი პარტნიორის მიმართ;

✔️სამომავლო გეგმებს ერთად აწყობთ – როდესაც ერთად გეგმავთ ზამთრის ან ზაფხულის დასვენების დღეებს რამდენიმე თვით ადრე, ან მოგზაურობას რომელიმე ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან მყარია და არც ერთი არ ფიქრობს იმაზე, იქნებით თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთად. ასე რომ, თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი პარტნიორის გრძნობებში, ჰკითხეთ მას, რა გეგმები აქვს ზაფხულისთვის;

✔️ადვილად უმკლავდებით სიძნელეებს – ცხოვრებაში ხშირად გვიწევს კომპრომისებზე წასვლა ან რთული გადაწყვეტილებების მიღება, უკეთესი სამსახურის მოძებნა და კონკრეტული პოზიციის მოპოვება… ეს ყველაფერი გაცილებით იოლია, როდესაც თქვენ გვერდით საყვარელი ადამიანია. სიყვარული წარმატების მიღწევის უდიდესი სტიმულია;

✔️ ემოციურად მშვიდად ხართ – როდესაც გრძნობა ნამდვილია, არ ნერვიულობთ იმაზე, რომ SMS-ზე პასუხის გაცემა დააგვიანა ან იმაზე, საერთოდ გიპასუხებთ თუ არა. როდესაც დარწმუნებული ხართ ერთმანეთის გრძნობებში, იმაშიც დარწმუნებული ხართ, რომ დაგვიანებული პასუხის მიზეზი შესაძლოა, სამსახური, მოუცლელობა ან გამოუვალი სიტუაცია იყოს. იღვიძებთ და იძინებთ მშვიდად და ისტერიულად არ ელოდებით შეტყობინებებს საყვარელი ადამიანისგან.

მარტივი და გენიალური

მოიგეთ ქალის გული მარტივად. წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ და შესრულება არ დაგეზაროთ... და რაც მთავარია, ღიმილი არ დაგავიწყდეთ!

✔️ მიმართეთ სახელით – საკუთარი სახელით მიმართვა ძალიან სასიამოვნოდ აღიქმება. სახელი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი ამქვეყნად არსებობის ფაქტის ერთ-ერთი დამადასტურებელი. დამტკიცებულია ისიც, რომ ტიტულის, სტატუსის, წოდების გამოყენება მიმართვის დროს ადამიანში დადებით ემოციებს იწვევს;

✔️მოუსმინეთ – მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმინოთ ადამიანს, მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით. მაშინვე ნუ ეტყვით ამის შესახებ, შეიძლება, რაიმეში იპოვოთ კიდეც საერთო ინტერესები. მოგვიანებით კი შეეცადეთ, აუხსნათ მას თქვენი პოზიცია.

✔️ დაუქნიეთ თავი თანხმობის ნიშნად – როცა ადამიანს ვესაუბრებით და თან, თავს ვაქნევთ, ამით ერთგვარად ვუბიძგებთ დაიჯეროს ჩვენი სიმართლე. შესაბამისად, მეტი შანსია იმისა, რომ დაეთანხმოს ჩვენს არგუმენტებს და არ შეგვეწინააღმდეგოს;

✔️გაიმეორეთ თანამოსაუბრის ნათქვამი – ამ ხერხს ფსიქოლოგები იყენებენ. ისინი ჯერ ყურადღებით უსმენენ ადამიანს, შემდეგ კი მისი მონათხრობის პერიფრაზირებას აკეთებენ. ამგვარად იბმება ერთგვარი კავშირი მათ შორის. შეეცადეთ, ეს ტექნიკა მეგობრებთანაც გამოიყენოთ და ისინი თქვენთან გაცილებით კომფორტულად იგრძნობენ თავს;

✔️გაიმეორეთ მისი მოქმედებები – როგორც გამონათქვამების, ასევე ოპონენტის მოქმედებების გამეორება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაში. ადამიანის ბუნებაში დევს, რომ უკეთ მოეპყროს იმას, რომელიც რაღაცით მაინც ჰგავს. თითქოს კიდევ ერთხელ ადასტურებთ ადამიანის მნიშვნელობას და თქვენთან ისიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს;

✔️ თანამოსაუბრის დაღლილობა თქვენი კოზირია – დაღლილი ადამიანისგან უფრო ადვილია თხოვნაზე დადებითი პასუხის მიღება. რადგან მისი ფსიქიკური ენერგიის დონე იკლებს. ნუ ელით თქვენი თხოვნის პირდაპირ იმ წუთში შესრულებას, უფრო სავარაუდოა, რომ მას ხვალ, დასვენების შემდეგ შეგისრულებთ;

✔️ ითხოვეთ დახმარება – ნუ შეგრცხვებათ დახმარების თხოვნა. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები დახმარებაზე უარს იმ მიზეზით არ ამბობენ, რომ ფიქრობენ, ერთ დღესაც შეიძლება თავადაც დასჭირდეთ რაღაცის თხოვნა. სთხოვეთ პარტნიორს უაზრო და განუხორციელებელი რამ. რა თქმა უნდა, იგი უარს გეტყვით. გარკვეული დროის შემდეგ კი თამამად შეგიძლიათ გაახმოვანოთ თქვენი ნამდვილი თხოვნა. ის თქვენს წინა თხოვნაზე უარის გამო უხერხულად იგრძნობს თავს და ამ თხოვნას აუცილებლად შეგისრულებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი