დამოკიდებულება თუ სიყვარული
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 31.05
ურთიერთობის დასაწყისში თითქმის ყველაფერი სიყვარულს ჰგავს. მონატრება, მუდმივი ფიქრი, პარტნიორის გარეშე ყოფნის სირთულე, სურვილი, რომ ყოველ წუთს მასთან იყო – ეს ემოციები იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ადამიანს უჭირს გაარჩიოს, რეალურ სიყვარულთან აქვს საქმე თუ ემოციურ დამოკიდებულებასთან.
სიყვარული და დამოკიდებულება გარეგნულად ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში ადამიანი ძლიერ ემოციურ კავშირს განიცდის. ორივე შემთხვევაში არსებობს მონატრება, მიჯაჭვულობა, სიახლოვის სურვილი... მაგრამ, განსხვავება იწყება, სადაც ჩნდება თავისუფლება. სიყვარული ადამიანს ავსებს. დამოკიდებულება – აცარიელებს.
როცა გიყვარს, შენს ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი სივრცეებიც არსებობს: საკუთარი ინტერესები, მეგობრები, განვითარება, პირადი მიზნები. ურთიერთობა შენს ცხოვრებას ამდიდრებს, მაგრამ არ ხდება მისი ერთადერთი საყრდენი.
დამოკიდებულების დროს კი ყველაფერი ერთ ადამიანზე კონცენტრირდება. მისი განწყობა განსაზღვრავს შენს ემოციურ მდგომარეობას. მისი ყურადღება ხდება მთავარი საწვავი, რომლის გარეშეც თავს დაკარგულად გრძნობ.
ყველაზე საგანგაშო ნიშანი ის არის, როცა ურთიერთობაში ყოფნა აღარ არის არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. ადამიანი ფიქრობს, რომ მის გარეშე ვეღარ იცხოვრებს. მაგრამ ეს უკვე აღარ არის სიყვარული. არამედ, ეს არის შიში.
ხშირად დამოკიდებულება ბავშვობიდან მოდის – იმ გარემოდან, სადაც სიყვარული მუდმივი და უსაფრთხო არ იყო.
ასეთ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში ადამიანი ქვეცნობიერად ეძებს კავშირს, რომელიც მის შინაგან სიცარიელეს შეავსებს. სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი შეცდომა. პარტნიორი არ არის ის, ვინც შენს შიგნით არსებულ ყველა დეფიციტს შეავსებს.
ჯანსაღ ურთიერთობაში ორი სრულფასოვანი ადამიანი ერთიანდება. არაჯანსაღში კი ერთი მეორის ხარჯზე ცდილობს საკუთარი ემოციური დეფიციტის შევსებას.
თუ ხშირად გეშინია, რომ მიგატოვებენ, თუ მუდმივად გჭირდება იმის დამტკიცება, რომ უყვარხარ, თუ საკუთარ ღირებულებას მისი ყურადღებით ზომავ, ღირს საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: ეს სიყვარულია თუ დამოკიდებულება?
სიყვარული გაძლევს სივრცეს, დამოკიდებულება გახრჩობს. და ყველაზე მნიშვნელოვანი – სიყვარული შენს თავს არ გაკარგვინებს.
როცა „უშენოდ ვერ ვძლებ“
კულტურამ, ფილმებმა და რომანტიკულმა ისტორიებმა გვასწავლა:
* თითქოს, ნამდვილი სიყვარული ორი ადამიანის სრულად შერწყმას ნიშნავს;
* თუ ვიღაცის გარეშე ვერ სუნთქავ, ეს განსაკუთრებული გრძნობაა;
* თუ მისი არყოფნა ტკივილს გაყენებს, ეს სიყვარულის სიღრმეა... მაგრამ სინამდვილეში, ფრაზა „უშენოდ ვერ ვძლებ“, ხშირად სიყვარულზე მეტად დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
სიყვარული არ ანადგურებს ადამიანის ინდივიდუალობას. როცა ურთიერთობაში ხარ და მაინც ინარჩუნებ საკუთარ თავს, ეს ჯანსაღი კავშირია. მაგრამ, როცა შენს სამყაროს მთლიანად მეორე ადამიანი ავსებს – ეს უკვე საფრთხის ნიშანია.
დამოკიდებულ ურთიერთობაში ხშირად ჩნდება მუდმივი შფოთვა. ადამიანი ელოდება შეტყობინებას. ამოწმებს, როდის და ვისთან იყო ბოლოს ჩართული ონლაინ. ანალიზს უკეთებს ხმას, ტექსტს, ემოციას. მისი თითოეული ქცევა ხდება მისი ემოციური მდგომარეობის განმსაზღვრელი. ეს მდგომარეობა ძალიან დამღლელია, თანაც, სახიფათო.
ის ქმნის ილუზიას, რომ ძლიერად გიყვარს. რეალურად კი, ხშირად, უბრალოდ, მისი დაკარგვის შიში გაკონტროლებს.
რატომ ხდება ასე?
იმიტომ, რომ დამოკიდებულების ფესვი ხშირად დაბალ თვითშეფასებაშია. როცა ადამიანს შინაგანად არ აქვს საკმარისი თვითღირებულების განცდა, ის იწყებს მის ძიებას ურთიერთობაში. პარტნიორის ყურადღება ხდება მტკიცებულება: „მე მნიშვნელოვანი ვარ!“ მაგრამ, ეს ძალიან მყიფე საფუძველია. როგორც კი ეს ყურადღება მცირდება, ადამიანი ინგრევა. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარული ასეთ მყიფე სისტემაზე არ დგას. სიყვარული არის არჩევანი. დამოკიდებულება – საჭიროება.
სიყვარულში შენ შეგიძლია თქვა: „მინდა, რომ ჩემთან იყო“.
დამოკიდებულებაში კი ეს ასე ჟღერს: „მჭირდება, რომ ჩემთან იყო“.
ეს განსხვავება, ერთი შეხედვით, მცირეა, მაგრამ ფსიქოლოგიურად – უზარმაზარი.
ურთიერთობა უნდა იყოს ადგილი, სადაც შენ ხარ ბედნიერი და არა ადგილი, რომლის გარეშე შენი არსებობა წარმოუდგენელია.
ყველაზე რთული სიმართლე
რატომ გვიყვარდება ხოლმე ჩვენი დამოკიდებულება ადამიანზე და არა თავად ადამიანი.
ყველაზე რთული სიმართლე, რომლის აღიარებაც ადამიანს ურთიერთობაში უწევს, არის ის, რომ ზოგჯერ მას ადამიანი კი არ უყვარს, არამედ მასზე დამოკიდებულება.
ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ურთიერთობა სავსეა ემოციური რყევებით.
ერთ დღეს დიდი სითბოა, მეორე დღეს – სიცივე.
ერთ დღეს ყურადღებაა, მეორე დღეს – დისტანცია.
ასეთი დინამიკა ტვინში ძალიან ძლიერ ქიმიურ რეაქციებს იწვევს. არაპროგნოზირებადი ყურადღება ქმნის ძლიერ მიჯაჭვულობას. ადამიანი მუდმივად ელოდება შემდეგ „დოზას“ – სიყვარულის, სითბოს, ყურადღების... ეს ძალიან ჰგავს დამოკიდებულების მექანიზმს. და სწორედ ამიტომ, ასეთი ურთიერთობიდან წამოსვლა ხშირად განსაკუთრებით რთულია. არა იმიტომ, რომ ეს სიყვარულია. არამედ იმიტომ, რომ იქ ემოციური მიჯაჭვულობაა.
სიყვარულს არ სჭირდება მუდმივი დრამა არსებობის დასამტკიცებლად.
თუ ურთიერთობაში მუდმივად ნერვიულობ, ეჭვიანობ, შფოთავ და ამ ყველაფერს „ვნებას“ არქმევ – ღირს დაფიქრება. იქნებ ეს სიყვარული კი არა, ემოციური დამოკიდებულებაა?
ბევრი ადამიანი მიჩვეულია აზრს, რომ ძლიერი სიყვარული აუცილებლად ტკივილს უნდა მოიცავდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი მითია. ჯანსაღი სიყვარული სიმშვიდით გავსებს. მასში ადგილი აქვს ნდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას. თუ ურთიერთობა შენს ენერგიას მუდმივად შთანთქავს, თუ საკუთარი თავი მის ფონზე იკარგება, თუ შენი განწყობა მთლიანად მის ქცევაზეა დამოკიდებული – ეს სიგნალია.
სიყვარული არ გთხოვს საკუთარი თავის დაკარგვას. ის გაძლევს სივრცეს, იყო უფრო ნამდვილი. და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, არის:
თუ ეს ადამიანი ხვალ წავა, მე სიყვარულს დავკარგავ თუ საკუთარ თავს?
ამ კითხვაზე პასუხი ხშირად ყველაფერს ცვლის, თანაც ცვლის უკეთესობისკენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





