სახიფათო ილუზია სიყვარულში
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.05
„მე შევცვლი მას“ – ეს არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ურთიერთობაში. მაგალითად, ის თავიდან სხვანაირი ჩანს. ცოტა უხეში? თქვენ კი ამბობთ: არა უშავს, ეს არაფერია. ყურადღებიანი არაა? ამასაც გამართლებას უძებნით: მერე რა, გამოსწორდება. პასუხისმგებლობას გაურბის? თქვენ ისევ ამართლებთ: არაფერია, უბრალოდ, დრო სჭირდება. და სწორედ აქ იწყება ისტორია, რომელიც შეიძლება, ბევრ ქალს ეცნო კიდეც.
„მე შევცვლი მას“ – ეს არ არის უბრალოდ ფიქრი. ეს არის მოლოდინი, რომელიც ნელ-ნელა რეალობას ცვლის, მაგრამ ისე არა, როგორც გვინდა ან როგორც წარმოგვედგინა.
როცა ურთიერთობაში შედიხარ იმ იმედით, რომ ადამიანი მომავალში უკეთესი გახდება, რეალურად უგულებელყოფ იმას, რაც უკვე თვალწინ გაქვს. რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე.
ადამიანები იცვლებიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა. ისინი იცვლებიან მაშინ, როცა თავად ხედავენ პრობლემას და თავად სურთ ცვლილება.
სიყვარული არ უნდა იყოს „პროექტი“, სადაც ერთ მხარეს მუდმივად აქვს იმედი, რომ მეორე „ნელ-ნელა დაიხვეწება “. მაგრამ ყველაზე მტკივნეული მომენტი დგება მაშინ, როცა ხვდები, რომ დრო გავიდა, ძალა დახარჯე, ემოცია ჩადე… და ის ისევ ისეთია, როგორიც თავიდან იყო. იმედგაცრუება კი ზოგჯერ ურთიერთობისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება, ხოლმე.
ამიტომაც დაფიქრდით – თქვენ ადამიანი გიყვართ, თუ მასში არსებული პოტენციალი. რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს ისეთი, როგორც თქვენ შეაფასეთ.
არა უშავს, მერე გამოვასწორებ
ურთიერთობის დასაწყისში პარტნიორს ბევრ რამეს ვპატიობთ. ზოგჯერ იმიტომ, რომ არ გვინდა, ვიყოთ მარტო. ხშირად კი იმიტომ, რომ უბრალოდ, გვიყვარს. მაგრამ არსებობს ზღვარი, სადაც „მიმტევებლობა“ ნელ-ნელა თავის მოტყუებად იქცევა. მერე კი იწყება დაუსრულებელი ძიება, რომ „გაამართლო “ მისი არცთუ მისაღები ქმედებები.
•ის არ გისმენს – არა უშავს;
•არ გიფასებს – მერე ისწავლის;
•გტკენს – მაგრამ შეიცვლება...
და ასე გადის დრო.
ქალი ელოდება. აწყობს სცენარებს – როგორ „გამოსწორდება“ ყველაფერი, როგორ გახდება ის უფრო მზრუნველი, უფრო პასუხისმგებელი, უფრო ის ადამიანი, ვინც თავიდან წარმოიდგინა. მაგრამ რეალობა ხშირად სხვანაირია – ადამიანი არ იცვლება, რადგან მისთვის ეს ქმედებები პრობლემა საერთოდ არ არის.
ამასობაში კი, სანამ ერთი მხარე ცდილობს „გამოსწორებას“, მეორე, უბრალოდ, აგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც აქამდე.
საბოლოოდ კი ის, ვინც ელოდა, რჩება დაღლილი, იმედგაცრუებული და პასუხგაუცემელი კითხვით – „რატომ არ დავინახე თავიდან ეს ყველაფერი?“
პასუხი მარტივია, მაგრამ რთულად მისაღები: იმიტომ, რომ გინდოდა დაგენახა არა ის, ვინც იყო, არამედ ის, ვინც შეიძლებოდა, ყოფილიყო.
შენ არ ხარ მისი ცვლილების მიზეზი
არის აზრი, რომელისაც ბევრს ჯიუტად სჯერა: „სწორი“ ქალი თუ შეხვდება, მამაკაცი აუცილებლად შეიცვლება, თანაც უკეთესობისკენ.
ეს იდეა რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხშირად ძალიან მტკივნეულ შედეგამდე მიდის.
ქალი იწყებს მცდელობას, პარტნიორი მამაკაცის გარდასაქმნელად. საკუთარ თავს არწმუნებს – უფრო მეტი მოთმინება, მეტი მხარდაჭერა, მეტი დათმობა. და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.
ქალი ჯიუტად ფიქრობს, რომ თუ საკმარისად ეცდება, ის შეიცვლება. მაგრამ სიმართლე სხვაა: ცვლილებები არ მოდის გარედან.
შენ შეიძლება, იყო მხარდაჭერა, მოტივაცია, გვერდში მდგომი ადამიანი, მაგრამ ვერ იქნები მიზეზი, რის გამოც ვინმე ფუნდამენტურად შეიცვლება.
ხოლო როცა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე გადაგაქვს, ნელ-ნელა კარგავ საკუთარ საზღვრებს.
იწყებ შეგუებას იმასთან, რაც ადრე მიუღებელი იყო. ამართლებ იმას, რაც გტკენს. ბოლოს კი ხვდები – მთელი ეს დრო ცდილობდი არა ურთიერთობის გადარჩენას, არამედ იმ ადამიანის შექმნას, რომელიც რეალურად არ არსებობდა.
გახსოვდეთ: ნამდვილი ურთიერთობა არ იწყება ვინმეს „გამოსწორების“ სურვილით. ის იწყება მიღებით ან პირიქით – არ მიიღო ის, რასაც იცი, რომ ვერ შეეგუები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





