ქალი და კაცი

მხიარული თუ სერიოზული

№23

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

როგორ გგონიათ, ბოლოს და ბოლოს მაინც ვის აირჩევს კაცი – მხიარულს თუ სერიოზულს? – ეს კითხვა ქალების სამყაროში თითქმის მარადიულია.

ანუ, როგორი ქალები მოსწონთ კაცებს – მხიარულები? მსუბუქები? სერიოზულები? მშვიდები? კარგი იუმორით... თუ ცოტა „რთული“ ქალები?

სიმართლე კი ისაა, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი თავიდან ერთ ქალს ირჩევს… და ცხოვრებისთვის – სრულიად სხვას. ეს არაა მითი.

საქმე ისაა, რომ მხიარული ქალი ხშირად სწრაფად იქცევს ყურადღებას. ის დასამახსოვრებელია. მის გვერდით ემოციებია, ენერგიაა, თავისუფლებაა. ასეთ ქალთან კაცს ცხოვრება უფრო მსუბუქი ეჩვენება. მაგრამ როცა ურთიერთობა სერიოზულ ელფერს იძენს, კაცები იწყებენ სხვა რაღაცების ძებნას:

* სტაბილურობას;

* სიმშვიდეს;

* ემოციურ უსაფრთხოებას;

* ნდობას.

მაგრამ ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ არჩევანი აუცილებლად ორს შორის უნდა გაკეთდეს: ან მხიარული ხარ, ან სერიოზული. თითქოს არჩევანიც მარტივია. არადა ყველაზე ძლიერი კომბინაცია სწორედ ამ ორის შერწყმაა. ქალი, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად იყოს მხიარული, მაგრამ საკუთარი თავის ფასი იცოდეს; იხუმროს, მაგრამ ზედაპირული არ გამოჩნდეს; თბილი, მაგრამ არა სუსტი; ემოციური, მაგრამ არა ქაოსური.

სინამდვილეში, კაცებს ყველაზე მეტად ის ქალები ამახსოვრდებათ, ვისთანაც თავისუფლად და მარტივად იყვნენ. არა იდეალურები, არა „ინსტაგრამულად სწორი“, არამედ ნამდვილები, რადგან ურთიერთობას ბოლოს მაინც არა ხასიათის ერთი კონკრეტული ტიპი, არამედ ემოციური შეგრძნება იგებს.

და კაცსაც, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ბოლოს სწორედ ის ქალი რჩება გულში, ვის გვერდითაც ყველაზე ნამდვილი იყო.

მათთან თამაში არ გამოვა

რატომ ეშინიათ კაცებს ძალიან სერიოზული ქალების? მოდი, ვისაუბროთ გულახდილად. არსებობენ ქალები, რომლებიც ოთახში შესვლისთანავე ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მათთან თამაში არ გამოვა.

არიან მშვიდები, თავდაჯერებულები, ზედმეტს არ ლაპარაკობენ. არ ცდილობენ ყველასთვის თავის მოწონებას… და რაც მთავარია, არ იცინიან ყველაფერზე.

უცნაურია, მაგრამ ასეთ ქალებს კაცები ხშირად ეთაყვანებიან კიდეც და იმავდროულად უფრთხიან.

რატომ? იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ქალი ბევრ მამაკაცში შიშს აღვიძებს. რადგან მან იცის, რომ ასეთ ქალთან რთულია მანიპულაცია, რთულია „ნახევრად ყურადღებით“ ურთიერთობა; რთულია თამაშები.

ის კითხვებს სვამს, ამჩნევს დეტალებს და ყველაზე საშიში – იცის საკუთარი თავის ფასი.

ბევრი კაცი თავიდან სწორედ ასეთ ქალზე ამბობს: „ის ძალიან მაგარია“... მაგრამ შემდეგ უკან იხევს, იმიტომ, რომ ზოგ მამაკაცს ისეთი ქალი უფრო მოსწონს, რომელიც მასზეა დამოკიდებული, როცა ქალი ბევრს პატიობს, როცა მის განწყობაზეა აწყობილი.

ძალიან სერიოზული ქალი კი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მის ცხოვრებაში კაცს „ცენტრალური ადგილი“ არ ექნება... და აქ ჩნდება ყველაზე საინტერესო პარადოქსი.

კაცებს მოსწონთ ძლიერი ქალი… სანამ ეს ძალა რეალურად მათ არ შეეხება. მაგრამ მოდი, ვიყოთ გულწრფელები – მუდმივად სერიოზულობაც დამღლელია. ურთიერთობაში მუდმივი სიმკაცრე სიცივეს ქმნის. ხანდახან კაცს უნდა ქალი, რომელიც უბრალოდ, გაიცინებს. დაძაბულობას მოხსნის. ყველაფერს „ინტერვიუდ“ არ გადააქცევს. საბოლოოდ, ყველაზე ბედნიერი ურთიერთობები იქ იქმნება, სადაც ქალი არც როლშია შესული და არც ნიღაბს ირგებს, თავისუფლად ცხოვრობს.

რეალურად, ყველაზე მიმზიდველი ქალი ის არის, ვისთანაც კაცს მშვიდადაც შეუძლია ყოფნა და საკუთარი თავის განვითარებაც არ უჭირს.

კომპლიმენტი თუ გაფრთხილება

„ძალიან მხიარული ხარ“ – როგორ გგონიათ, ეს კომპლიმენტია თუ გაფრთხილება?

არსებობს ერთი უცნაური მომენტი, რომელიც თითქმის ყველა ქალს ერთხელ მაინც ჰქონია ცხოვრებაში – როცა კაცს თავიდან ძალიან მოსწონს შენი ენერგია, სიცილი, ხალისი, იუმორი… და მერე უცებ გესმის მისგან ფრაზები:

• „ცოტა სერიოზულად ვერ იქნები?“

• „ყველაფერზე ხუმრობა აუცილებელია?“

•„არასდროს ხარ მშვიდად? დამღალე“...

ამ დროს კი ქალი ფიქრობს: ანუ თავიდან რაც მოსწონდა, ახლა აღარ მოსწონს?

სიმართლე ისაა, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი თავდაპირველად სწორედ მხიარული ქალისკენ იწევს. რატომ? იმიტომ, რომ მასთან მარტივია. არ არის მუდმივი დაძაბულობა. არ გიწევს სიტყვების ფრთხილად შერჩევა. შეგიძლია, იცინო, იყო თავისუფალი, ლაღი და არ ითამაშო.

მხიარული ქალი ოთახში ენერგეტიკას ცვლის. მის გვერდით ყოფნა ხშირად „დასვენებას“, დღესასწაულს ჰგავს... მაგრამ აქ იწყება ყველაზე საინტერესო.

კაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ მხიარული ქალი ზედაპირულია. თითქოს ქალი, რომელიც ბევრს იცინის, ნაკლებად სიღრმისეულია. და... ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. რადგან ხშირად ყველაზე ღრმა ადამიანები ყველაზე ბევრს ხუმრობენ. იუმორი ბევრისთვის თავდაცვის ფორმაცაა, ზოგისთვის – ინტელექტის ფორმა, ზოგისთვის – გადარჩენის.

მეორე მხრივ, ზედმეტად სერიოზულ ქალსაც თავისი „მისტიკა“ აქვს. ის უფრო მიუწვდომელი ჩანს. კაცი ფიქრობს, რომ ასეთი ქალი სტაბილურია, მოწესრიგებული, ემოციურად კონტროლირებადი. მაგრამ რეალურ ურთიერთობაში მხოლოდ სერიოზულობა დიდხანს ვერ მუშაობს. ურთიერთობას ჰაერიც სჭირდება. ხანდახან – სისულელეც. უაზრო სიცილიც სასიამოვნოა ღამის ორ საათზე. მოულოდნელი ფრაზებიც... და ის განცდაც, რომ ცხოვრებას მხოლოდ „პრობლემების გადაჭრის რეჟიმში“ არ უყურებთ.

საბოლოოდ, კაცები ხშირად არც „მხოლოდ მხიარულ“ ქალს ირჩევენ და არც „მხოლოდ სერიოზულს“.

მათ იზიდავთ ქალი, რომელსაც ორივე ერთნაირად შეუძლია. ანუ, ქალი, რომელსაც სერიოზულ თემაზე საუბარიც შეუძლია და შუა საუბარში სიცილიც. იმიტომ, რომ ყველაზე მიმზიდველი არა იდეალური ხასიათია, არამედ ცოცხალი ენერგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი