უხილავი კოალიცია
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 14.06
არსებობს ერთი ფენომენი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელია – „ცოლის დაქალები“. ეს არ არის, უბრალოდ, მეგობრების ჯგუფი. ეს არის ემოციური მხარდაჭერის ცენტრი, კრიზისების მართვის შტაბი და ზოგჯერ… სტრატეგიული საბჭოც.
ქმრები ხშირად ვერ ხვდებიან, რატომ არის საჭირო „ის ოთხშაბათის ყავა“, რომელიც სამ საათს გრძელდება და ბოლოს სრულდება ფრაზით: „აუ, როგორ მსუბუქად ვარ ახლა“. სიმართლე ისაა, რომ ამ შეხვედრებზე წყდება ბევრად მეტი, ვიდრე, უბრალოდ, დღის ამბები. იქ განიხილება ურთიერთობები, კარიერა, ბავშვები, ფინანსები და რა თქმა უნდა, თავად ქმრებიც.
ცოლის დაქალები არიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ისტორიას შენზე უკეთაც კი იცნობენ. მათ იციან, როდის ხარ მართალი და როდის, უბრალოდ, ემოციური. ზოგჯერ გაჩერებენ, ზოგჯერ გაძლევენ ბიძგს – მაგრამ თითქმის არასდროს გტოვებენ მარტო.
იუმორით რომ ვთქვათ, ქმრისთვის „დაქალებთან შეხვედრა“ ნიშნავს: „დღეს ჩემი ყველა შეცდომა დეტალურად განიხილება“. რეალურად კი, ეს არის სივრცე, სადაც ქალი საკუთარ თავს იბრუნებს. იქ ის აღარ არის მხოლოდ ცოლი, დედა ან თანამშრომელი, იქ ის არის, უბრალოდ, ადამიანი, რომელსაც ესმის და რომლისაც ესმით.
და რაც მთავარია – ცოლის დაქალები ხშირად იმაზე გულწრფელები არიან, ვიდრე თავად ქმარი. ისინი არ მოგერიდებიან გითხრან: „ჰო, აქ შენც შეცდი“… და სწორედ ეს სიმართლეა ის, რაც ამ მეგობრობას განსაკუთრებულს ხდის.
ბოლოს კი ერთი მარტივი დასკვნა: თუ ქალს ძლიერი დაქალები ჰყავს, დიდი შანსია, რომ მას მეუღლესთან უფრო ჯანმრთელი ურთიერთობა ექნება. იმიტომ, რომ ბედნიერი ქალი უკეთესი პარტნიორიც არის.
როდის კვდება სიყვარული
ხშირად გვგონია, რომ სიყვარული ერთ კონკრეტულ დღეს მთავრდება. იმ დღეს, როცა ერთ-ერთი მიდის, როცა ხმამაღალი კამათი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, როცა ვიღაც ამბობს: „აღარ მიყვარხარ.“
მაგრამ რეალობაში სიყვარული ასე იშვიათად კვდება. ის ერთ დღეში არ ქრება. არ იშლება მოულოდნელად. სიყვარული ნელა მთავრდება. თითქმის შეუმჩნევლად. ის ისე ქრება, როგორც ოთახიდან სინათლე შებინდებისას – ვერ ამჩნევ ზუსტად რომელ წამს დაბნელდა, მაგრამ ერთ მომენტში ხვდები, რომ უკვე ბნელა.
ურთიერთობის დასრულება ყოველთვის იქ არ იწყება, სადაც ადამიანები ერთმანეთს დაშორებას უცხადებენ. ხშირად ის ბევრად ადრე იწყება:
* პირველად მაშინ, როცა ერთმანეთის მოსმენას წყვეტთ.
* როცა კითხვას სვამ არა იმიტომ, რომ პასუხი გაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ფორმალობა შეასრულო. – „როგორ ხარ?“
- „კარგად.“
და ამ დიალოგში აღარ არის ნამდვილი ინტერესი. არამედ მხოლოდ ჩვევა.
სიყვარული კი სწორედ ინტერესით ცოცხლობს, იმ სურვილით, რომ ყოველდღე თავიდან აღმოაჩინო ადამიანი და როცა ეს სურვილი ქრება, ურთიერთობაში სიცარიელე ჩნდება.
მეორე მნიშვნელოვანი ნიშანია გულგრილობა.
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ სიყვარულის საპირისპირო სიძულვილია. სინამდვილეში ეს გულგრილობაა.
სანამ გაბრაზებს, სანამ გტკენს, სანამ რეაქციას იწვევს, ჯერ კიდევ არსებობს ემოციური კავშირი. მაგრამ, როცა მის ქცევას აღარანაირი შიდა მოძრაობა არ მოჰყვება, რაღაც უკვე დასრულებულია.
ეს არის მომენტი, როცა ჩხუბიც კი აღარ გინდა.
სიყვარული მაშინაც კვდება, როცა ურთიერთობაში ქრება უსაფრთხოება.
* როცა ადამიანი ვეღარ გრძნობს, რომ ის მიღებულია საკუთარი ნამდვილი სახით;
* როცა იწყებს დამალვას. ფილტრაციას, თითოეული სიტყვის ფრთხილად შერჩევას;
თუ ურთიერთობაში საკუთარ თავს ვეღარ ეკუთვნი, იქ სიყვარული თანდათან სუსტდება.
არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.
როცა ადამიანი ვეღარ ხედავს მეორე ადამიანს საკუთარ მომავალში, ხშირად სიყვარული უკვე დასასრულისკენ მიდის, თუმცა, ის შეიძლება, ისევ იყოს გვერდით.
შეიძლება, ისევ ერთად იძინებდნენ. მაგრამ შინაგანად მათ შორის დრო გაჩერებულია, არაფერი ახალი აღარ შენდება.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ზოგჯერ სიყვარული კვდება მაშინ, როცა ადამიანები ამას არ აღიარებენ. ისინი აგრძელებენ ყოფნას ერთად:
* ერთ ჭერქვეშ;
* ერთ ფოტოში;
* ერთ სოციალურ სტატუსში...
მაგრამ უკვე სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.
რატომ ხდება ასე?
იმიტომ, რომ დასასრულის აღიარება ძალიან რთულია.
როცა სიყვარული მთავრდება, ადამიანს მხოლოდ პარტნიორი არ ეკარგება. ეკარგება წარმოდგენა იმ მომავალზე, რომელიც ამ ურთიერთობასთან ჰქონდა დაკავშირებული. და ამიტომ ბევრი არჩევს ფორმის შენარჩუნებას შინაარსის გარეშე. თუმცა სიყვარული ფორმალობას ვერ იტანს და კვდება, როცა ურთიერთობაში აღარ არის ცოცხალი კავშირი და როცა ადამიანები მხოლოდ გვერდიგვერდ არსებობენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





