ეგოიზმი თუ შინაგანი ჯანმრთელობა
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.06
ბევრ ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმთან, ამპარტავნობასთან ან საკუთარი თავის ზედმეტ გაფეტიშებასთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, ყველაზე ნაკლებად ცდილობს სხვებზე აღმატებულად წარმოაჩინოს თავი. მას, უბრალოდ, არ სჭირდება მუდმივად სხვისი აღიარება იმისთვის, რომ საკუთარი ღირებულება იგრძნოს.
საკუთარი თავის სიყვარული იწყება ძალიან მარტივი რამით – საკუთარი თავის მიღებით. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებებს ვერ ხედავდეს. პირიქით, ის კარგად იცნობს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს, მაგრამ ამის გამო საკუთარ თავს არ სჯის. იცის, რომ შეცდომა ადამიანის ბუნებრივი ნაწილია და რომ სრულყოფილება არ არსებობს.
რამდენჯერ დაგვიწყია დღე საკუთარი თავის კრიტიკით? არ მომწონს ჩემი გარეგნობა, არ მომწონს ჩემი კარიერა, არ მომწონს ჩემი ცხოვრება... თითქოს საკუთარ თავს ყველაზე მკაცრი მოსამართლის თვალით ვუყურებთ. თუმცა საინტერესოა, რომ სხვების მიმართ გაცილებით შემწყნარებლები ვართ. მეგობარს რომ იგივე პრობლემა ჰქონდეს, ალბათ, დავამშვიდებდით, ვეტყოდით, რომ ყველაფერი გამოსწორდება. საკუთარ თავს კი ხშირად იმ თანაგრძნობასაც არ ვჩუქნით, რომელსაც სხვებისთვის ვიმეტებთ.
საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს, რომ შენს საჭიროებებსაც ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებ, როგორსაც სხვებისას. ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ „არას“ თქმა შეგიძლია, როცა რაღაც შენს საზღვრებს არღვევს. ნიშნავს, რომ დასვენებას იმსახურებ, რომ დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის და რომ შენი ბედნიერებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარშემო მყოფების.
საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი უყვართ, უფრო ჯანსაღ ურთიერთობებსაც ქმნიან. ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული სხვის შეფასებაზე და ნაკლებად ეშინიათ მარტო დარჩენის. როცა საკუთარი თავის გვერდით ყოფნა შეგიძლია, სხვებთან ურთიერთობაც თავისუფალი და გულწრფელი ხდება.
საკუთარი თავის სიყვარული ყოველდღიური არჩევანია, იყო საკუთარი თავის მოკავშირე და არა მტერი და სწორედ ამით იწყება შინაგანი სიმშვიდე.
მნიშვნელოვანი ურთიერთობა
საკუთარი თავის სიყვარული – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.
ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები მოდიან და მიდიან. იცვლება სამსახური, გარემო, ინტერესები, ზოგჯერ კი ყველაზე ახლობელი ადამიანებიც. მაგრამ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე ჩვენთან რჩება – ეს ჩვენ თვითონ ვართ.
მიუხედავად ამისა, ყველაზე ნაკლებ დროს სწორედ საკუთარ თავთან ურთიერთობის განვითარებას ვუთმობთ. ვსწავლობთ, როგორ ვიყოთ კარგი პარტნიორები, მშობლები, მეგობრები, თანამშრომლები, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, როგორ ვიყოთ საკუთარი თავის მეგობრები.
საკუთარი თავის სიყვარული იწყება პატივისცემით. იმით, რომ საკუთარ ემოციებს ყურადღებას ვაქცევთ. როცა მოწყენილები ვართ, თავს უფლებას ვაძლევთ, ეს ვიგრძნოთ. როცა დავიღალეთ, ვაღიარებთ, რომ დასვენება გვჭირდება. როცა რაღაც გვტკივა, საკუთარ თავს არ ვეუბნებით: „გადაგივლის“, არამედ ვუსმენთ.
ბევრი ადამიანი მთელი ცხოვრება ცდილობს, ყველას ასიამოვნოს. ეშინია, ვინმეს იმედის გაცრუების, ამიტომ საკუთარ სურვილებს მუდმივად გვერდზე დებს. მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს შინაგან უკმაყოფილებად და გადაღლილობად იქცევა.
საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს, რომ საკუთარ საზღვრებს იცავ. იცი, რაზე ხარ თანახმა და რაზე – არა. არ გეშინია იმის თქმა, რომ რაღაც არ მოგწონს. არ გრძნობ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ საკუთარ კეთილდღეობაზეც ზრუნავ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდე, საკუთარი თავის სიყვარული არ ნიშნავს, იყო იდეალური. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გვერდით რჩები, მაშინაც კი, როცა შეცდომას უშვებ; მაშინაც, როცა მარცხდები; მაშინაც, როცა ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც დაგეგმე.
საბოლოოდ, ცხოვრების ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს არა ის, როგორ გვექცევიან სხვები, არამედ ის, როგორ ვექცევით საკუთარ თავს.
და თუ არსებობს სიყვარული, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყოველდღიურ ზრუნვას, ეს სწორედ საკუთარი თავის სიყვარულია.
ტყუილად დაელოდები
დიახ, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, ბედნიერებას სხვებისგან ტყუილად დაელოდები
ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება მაშინ მოვა, როცა ცხოვრებაში „ვიღაც“ გამოჩნდება. როცა იპოვის სიყვარულს, შექმნის ოჯახს, მიაღწევს წარმატებას ან მიიღებს იმ აღიარებას, რომელსაც ელოდება. მაგრამ არსებობს ერთი სიმართლე, რომელსაც ცხოვრება ადრე თუ გვიან ყველას ასწავლის – ვერავინ შეგიყვარებს ისე, რომ საკუთარი თავის სიყვარული ჩაგინაცვლოს.
როცა ადამიანი საკუთარ ღირებულებას მხოლოდ მის მიმართ სხვების აზრით განსაზღვრავს, ის მუდმივად დამოკიდებული ხდება გარე სამყაროზე: ერთი კომპლიმენტი ბედნიერს ხდის, ერთი კრიტიკა კი – ანგრევს; ერთი ყურადღებიანი ჟესტი ძალას მატებს, ერთი უყურადღებობა კი თვითშეფასებას უკარგავს.
ასეთი დამოკიდებულება ძალიან დამღლელია, იმიტომ, რომ სხვები ყოველთვის ვერ შეძლებენ ჩვენთან ყოფნას. ყველას თავისი ცხოვრება, პრობლემები და საზრუნავი აქვს. თუ შინაგანად ცარიელები ვართ, მუდმივად ვერავინ შეძლებს ამ სიცარიელის ამოვსებას.
საკუთარი თავის სიყვარული სწორედ მაშინ იძენს მნიშვნელოვან როლს, როდესაც იცი, ვინ ხარ, რა ღირებულებები გაქვს და რატომ ხარ საჭირო. ამ დროს სხვისი სიყვარული სასიამოვნო დამატება ხდება და არა სასიცოცხლო აუცილებლობა.
ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს სხვები აღარ სჭირდება. პირიქით, ჩვენ სოციალური არსებები ვართ და სიყვარული, მეგობრობა და მხარდაჭერა აუცილებელია. მაგრამ დიდი განსხვავებაა იმაში, აუცილებელია ვინმე ჩვენს ცხოვრებაში თუ იმისთვის გვჭირდება, რომ საერთოდ ღირებულად ვიგრძნოთ თავი.
საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს, რომ შენი ბედნიერების გასაღები სხვის ჯიბეში აღარ დევს. შენ შეგიძლია, იყო ბედნიერი მაშინაც, როცა მარტო ხარ. შეგიძლია, შეაფასო საკუთარი მიღწევები სხვისი ტაშის გარეშეც. შეგიძლია, საკუთარ თავს უთხრა: „მე საკმარისი ვარ.“
და სწორედ ამ მომენტიდან იწყება ნამდვილი თავისუფლება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





