ქალი და კაცი

დიასახლისი თუ საქმიანი ქალი

№21

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალი ან სახლში უნდა იჯდეს, ან კარიერას უნდა მისდევდეს – ვინ იგებს და ვინ იტყუებს თავს ამით? თუ, უბრალოდ, ასე გვასწავლეს. მაგრამ, რეალურად, ორივე გზაზე ქალი რაღაცას კარგავს... და კარგავს თავისი იდენტობის ნაწილს.

დიასახლისი ქალი ხშირად „კომფორტის ზონაში მყოფად“ მიიჩნევა. მასზე ამბობენ: „რა უჭირს, არ მუშაობს. სახლშია და ბედნიერია“. მაგრამ არავინ კითხულობს:

ვინ ამზადებს ყოველდღე? ვინ მართავს და უვლის სახლს? ვინ ზრდის შვილებს? მის შრომას ფასი არ აქვს.

მეორე მხარეს არის საქმიანი ქალი. მას ფული აქვს, დამოუკიდებელია, წარმატებულია. მაგრამ, ღამით, როცა სახლში ბრუნდება, მას ხშირად ელოდება სხვა სახის წნეხი: „საკმარისად კარგი დედა ხარ?“.. „საკმარისად ზრუნავ ოჯახზე?“... იწყება ყველაზე უხილავი ომი… ომი საკუთარ თავთან. რადგან ქალი, რომელიც ცდილობს, ყველაფერი მოასწროს ბოლოს საკუთარ თავს კარგავს.

რა არის სიმართლე?

უნდა დაიჯერო ერთი რამ: საზოგადოებას არ აინტერესებს, რას აირჩევ. ის მაინც გაგასამართლებს.

მსხვერპლი, რომელიც ხმამაღლა არ ლაპარაკობს

„მე სახლში ვარ“ – ეს ფრაზა ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ზოგჯერ ეს არჩევანია. მაგრამ ხანდახან – ჩუმი კომპრომისი, რომელიც მარტივი სულაც არ არის. რადგან ქალი, რომელმაც კარიერა დათმო, იმისთვის, რათა ოჯახი შეენარჩუნებინა, მარტივ გზას არ გადის. ეს არის ქალი, რომელმაც ოცნებები გადადო, რომ სხვისი ცხოვრება გაემარტივებინა. მაგრამ რა ხდება მერე?

წლები გადის… ერთ დღესაც ის სარკეში იყურება და ვეღარ ცნობს საკუთარ თავს. უჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: ვინ არის ის? დედა? ცოლი? დიასახლისი? უბრალოდ, დამლაგებელი? მაგრამ სად არის თავად? ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამას ქალი ხმამაღლა არ ამბობს. რადგან ეშინია შეფასების. ეშინია, რომ ეტყვიან: „ეს ყველაფერი ხომ თავად აირჩიე“.

იმას არავინ ამბობს, რომ თუ არჩევანი გაკეთებულია სხვების ზედმეტი სიყვარულითა და ზრუნვით, შიშით, ზეწოლით ან რაღაც აუცილებლობით – ეს უკვე არჩევანი აღარ არის. არამედ ეს მსხვერპლად შეწირვაა, რომელიც არასოდეს არის მარტივი.

წარმატებული თუ მუდმივად დამნაშავე

საქმიანი ქალი გარედან იდეალურია. მას კარიერა აქვს. შემოსავალი...

დამოუკიდებელია. მაგრამ, რა ხდება შიგნით? იქ, თითქმის, ყოველთვის სხვა რეალობაა. ის მუდმივად რაღაცას ამტკიცებს: სამსახურში – იმას, რომ საკმარისად ძლიერია. ოჯახში – რომ საკმარისად ყურადღებიანია. საკუთარ თავთან – რომ სწორ გზაზეა.

და მაინც... ყოველთვის ვიღაცისთვის რაღაც ისე არ არის. ყველა ურთიერთობაში რაღაც მაინც აკლია. აი, მაგალითად:

• თუ ბევრს მუშაობს – ოჯახს კარგად ვერ უვლის;

• თუ ოჯახს უთმობს დროს – კარიერას კარგავს...

და ეს არასდროს მთავრდება.

საქმიანი ქალი ხშირად მუდმივი დანაშაულის გრძნობით ცხოვრობს. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ რაც უფრო წარმატებულია, მით უფრო დიდია წნეხი.

დიასახლისისა და საქმიანი ქალის დაპირისპირება, რეალურად, ფსიქოლოგიური კონფლიქტის შედეგია, რომელსაც საზოგადოება თავად ქმნის.

ქალს ერთდროულად სთხოვენ, იყოს სრულყოფილი ორ სრულიად განსხვავებულ როლში: იყოს მზრუნველი, ემოციურად ხელმისაწვდომი და ამავე დროს ფინანსურად დამოუკიდებელი, წარმატებული და კონკურენტული.

ეს მოლოდინები ხშირად იწვევს შინაგან დაძაბულობასა და მუდმივ უკმაყოფილებას.

ხშირია საკუთარი თავის დაკარგვის განცდა, თვითრეალიზაციის დეფიციტი და დაფასების ნაკლებობა, რაც დროთა განმავლობაში დაბალ თვითშეფასებას იწვევს.

ვხვდებით ქრონიკულ გადაღლას, დანაშაულის განცდას და ეგრეთ ოდებულ, „არასაკმარისობის სინდრომს“ – განცდას, რომ ვერ აკმაყოფილებს ვერც პროფესიულ და ვერც ოჯახურ მოლოდინებს.

პრობლემა არჩევანში კი არა, იმაშია, რომ ეს არჩევანი ხშირად არ არის თავისუფალი. ჯანსაღი მდგომარეობა იწყება იქ, სადაც ქალი:

• აცნობიერებს საკუთარ სურვილებს;

• ადგენს პირად საზღვრებს;

• წყვეტს საკუთარი თავის შეფასებას სხვისი სტანდარტებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი