ქალი და კაცი

სიყვარული, მიზიდულობა...

№17

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.05, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ სიყვარული მხოლოდ 4 წელს გრძელდება. მას, პატარა ბავშვის მსგავსად, დრო სჭირდება, რათა დამოუკიდებელი სიარულიდან სირბილზე გადავიდეს და თვალსაწიერის გაფართოებაზე იზრუნოს.

ზოგიერთი ფსიქოლოგის მოსაზრებით, სიყვარულს სამი კომპონენტი ახასიათებს:

👉ინტიმურობა, რაც ამ კონტექსტში, თანამოაზრეობას, ურთიერთპატივისცემასა და გადაჯაჭვულობას უფრო ნიშნავს;

👉ვნება – ანუ, მოულოდნელად განვითარებული სექსუალური ლტოლვა, რომელიც, როგორც წესი, წლების შემდეგ სუსტდება და სტაბილური ხდება;

👉თავდადება-ერთგულება, რასაც საბოლოოდ მივყავართ სრულიად გაცნობიერებულ გადაწყვეტილებამდე, სამუდამოდ დავუკავშიროთ მეორე ადამიანს ჩვენი ცხოვრება და მის გვერდით ვიყოთ ჭირსა და ლხინში.

მეცნიერთა ისტერია, რაღა თქმა უნდა, გრძნობების სფეროსაც შეეხო. და ისინი სიყვარულის „სტატისტიკურად დასაბუთებულ“ ნაირსახეობებზე მსჯელობენ.

👉რომატიკული სიყვარულის დროს ვეჭვიანობთ, სექსუალურად გვიზიდავს ფიზიკური მონაცემები და არა პარტნიორის „შინაარსი“, ვაგებთ არარეალურ გეგმებს, ვეგუებით აბსოლუტურად ყველაფერს, გვჭირდება მუდმივი დარწმუნება, რომ მასაც ვუყვარვართ. ასეთი სიყვარული ხშირად სიცოცხლისუუნაროა და რამდენიმე თვეში კვდება;

👉 საუკეთესო მეგობარი – ანუ, ისეთი სიყვარული, როცა მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება. ერთი მხრივ, მსგავსი ურთიერთობა მომხიბლავია, ის შინაგან სიმშვიდეს, კომფორტს გვპირდება, რადგან თავბრუდამხვევი ტემპით არ ვითარდება, ნდობაზეა აგებული და მისთვის უცხოა მრავალფეროვანი სექსუალური აკვიატებები;

👉ლოგიკური სიყვარულისას პიროვნება ძალზე ფრთხილია პარტნიორის შერჩევისას. რადგან ეძებს არა მარტო ჰარმონიულ პიროვნებას, არამედ საერთო ფასეულობებს, ხანგრძლივ ინტერესებსა და მიზნებს. პროცესი განსაკუთრებით რთულდება, როცა ვცდილობთ, სულიერ მხარეს ფიზიკური იდეალიც მოვარგოთ;

👉ზოგჯერ სიყვარული აზარტული თამაშია. ამდენად, მოკლებულია ღრმა და სტაბილურ ემოციურ განცდას. მხიარულ, მომხიბლავ პარტნიორს მოსწონს ფეიერვერკული პაემანი, ყოველთვის მაცდური და ცვალებადია, მაგრამ არასდროს მალავს, რომ არ არის ხანგრძლივი ურთიერთობისათვის დაბადებული;

👉„მესაკუთრის“ გრძნობები სატანჯველია სიყვარულის ობიექტისთვის. სურვილი და მცდელობა, აკონტროლოს მეორე, დამღუპველია. როდესაც დაშორების საფრთხეს შეიგრძნობს, შეიძლება, ავადაც გახდეს ან უამრავი სისულელე ჩაიდინოს.

აღმოაჩინე, რომ ეს სიყვარულია

სიყვარული უნივერსალურია! ვზრუნავთ და მზრუნველობენ, უანგაროდ გავცემთ და ვიღებთ, წრფელი გულით გვიყვარს და ვუყვარვართ…

სასიყვარულო თამაშები ხომ მოულოდნელად იწყება – ხან უსაზღვრო ვნებათაღელვით, ხანაც გაწონასწორებული მეგობრობით შემოიჭრება ერთფეროვან ყოფაში. შემდეგ კი ურთიერთობაში ჩნდება მიჯაჭვულობა, კომფორტის შეგრძნება და უსაფრთხოების განცდა. თუმცა, დროთა განმავლობაში სიყვარულმა შესაძლოა, ხიბლი დაკარგოს. ვნება ნელდება, იკარგება ლტოლვა და ურთიერთობებში მოწყენილობა იბუდებს. მაგრამ, თუ საყვარელი ადამიანი შენი ცხოვრების მიზანსცენიდან გადის, ჩნდება ტკივილი, გრჩება განცდა, რომ სიყვარული მოკვდა.

თავბრუდამხვევ ცხოვრებისეულ რიტმს აყოლილებს, ალბათ, გვავიწყდება, რომ სიყვარულს სწავლა და შემდეგ მოვლა სჭირდება. ჩნდება საერთო ინტერესები, ყალიბდება საერთო მეგობრების წრე. ადამიანი ნელ-ნელა სწავლობს, როგორ აირჩიოს და მიიზიდოს ის მეორე, განსაკუთრებული! როგორ გამოხატოს სიყვარული, გაუზიაროს გრძნობა. დაშორდეს ისე, რომ არ წალეკოს ბრაზმა და საკუთარი უსუსურების განცდამ, გაუმკლავდეს მარტოობას.

როგორც წესი, ყოველი ახალი სიყვარული და ურთიერთობა უფრო ღრმა და რეალისტური უნდა იყოს. ამ გამოცდილების გარეშე კი ძალზე რთულია ცხოვრების თანამგზავრის არჩევა და მასთან ურთიერთობების ხანგრძლივი შენარჩუნება. სანამ ამას არ ვისწავლით, უმრავლესობის ჰორმონალური ქორწინებები ფიასკოთი დამთავრდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი