ქალი და კაცი

სიყვარული და ქორწინება

№40

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 13.10

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თითქმის ყველა დროში და ხალხში ადამიანები ქორწინდებოდნენ არა მხოლოდ სიყვარულით, არამედ სხვადასხვა უცნაური წეს-ჩვეულებებით, ანგარებით, ანგარიშიანობით... ქორწინება მყარია იმ შემთხვევაში, თუ ის მყარ ფუნდამენტზე დგას, მაგრამ თუ ქორწინების ფუნდამენტი მხოლოდ ლტოლვა, ვნება და ჟინის დაკმაყოფილებაა, გატაცება სწრაფად გაივლის ხოლმე და ასეთი ოჯახი მალე დაინგრევა. მყარი, წარმატებული ქორწინების საფუძველი უნდა იყოს ორი ძირითადი პუნქტი: შვილები და საოჯახო მეურნეობა.

მეორე პუნქტი საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ორი ადამიანი ოჯახურ საქმეებს ერთობლივი ძალებითა და კაპიტალის გაერთიანებით უფრო მარტივად მოაგვარებს, ვიდრე ერთი. დღესდღეობით, თანამედროვე ქორწინება აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, თუნდაც, 100 წლის წინ. ეს განსაკუთრებით დიდ ქალაქებს ეხება.

სულ უფრო მეტი ქალი და მამაკაცი აღარ წარმოადგენს ერთმანეთისთვის ერთადერთ ქალს ან ერთადერთ მამაკაცს და გადადიან მთავარი ქალის ან მთავარი მამაკაცის რანგში. მიმდინარეობს ცხოვრების წესების ღრმა ლიბერალიზაციის პროცესი, ფართოვდება ადამიანის თავისუფლების სფეროები, მათ შორის სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობის სფეროებიც.

როცა ოჯახი და ცოლქმრული მოვალეობა ტვირთად გადაიქცევა, იქ სიყვარულის ადგილი აღარ რჩება.

სიყვარული ქორწინების აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა ერთადერთი. ქორწინებისთვის სხვა აუცილებელი პირობებიცაა საჭირო: საცხოვრებელი, ფინანსური, ერთობლივი მიდგომა ბავშვების მიმართ, ადამიანური ურთიერთგაგება.

არ არის ოჯახის დანგრევა მარტივი და უმტკივნეულო საქმე, მაგრამ გაცილებით და გამოუსწორებლად მტკივნეულია ასეთი ოჯახის შენარჩუნება. მამაკაცები ამას უფრო მარტივად ახერხებენ, მაგრამ ქალები? დასანგრევი დროზე უნდა დაინგრეს და არც ზედმეტად ტირილი და მოთქმაა საჭირო.

არავინ ამბობს, რომ არ უნდა განიცადო, მაგრამ არა ისე, რომ შენი განცდები ყველასთვის მომაბეზრებელი გახდეს. ადამიანმა წინ უნდა იყუროს. მაღალი ოპტიმიზმით აღიჭურვოს და შეეცადოს, შეცდომები აღარ გაიმეოროს.

სიყვარულის არსი...

ადამიანების უმრავლესობას დღესაც არასწორად ესმის სიტყვა „სიყვარულის“ მნიშვნელობა და ვერ არჩევს მას ლტოლვისგან. ეს კი სხვადასხვა ცნებებია.

ლტოლვა – უფრო ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მხოლოდ ჰორმონების თამაში. სიყვარული კი – სულიერი მდგომარეობა.

როცა ადამიანი შეყვარებულია, მისი ქცევის ძველი მოდელი აბსოლუტურად იცვლება, იგი შეიგრძნობს იმავეს, რასაც გრძნობს მისი სიყვარულის ობიექტი და მისი ყველა ტკივილი თუ სიხარული საკუთარ თავზე გადააქვს.

სიყვარული, გარკვეულწილად, თვითმკვლელობაა, დიახ! ეს არის გარკვეულწილად საკუთარი „მესა“ და საკუთარი ინდივიდუალურობის მკვლელობა.

და მაინც, როგორ შეიძლება, ლტოლვა გავარჩიოთ სიყვარულისგან? ლტოლვა და გატაცება ყოველთვის არ გადადის სიყვარულში, თუმცა ძალიან ხშირად მას სწორედ სიყვარულად მიიჩნევენ ხოლმე. თუ სიყვარული – რაღაც ამაღლებულია, ლტოლვა, გატაცება და ვნება – ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია, ზუსტად ისეთი, როგორიცაა - შიმშილი, ძილი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

დიახ, ლტოლვა, სინამდვილეში, ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, რომელიც ჰორმონალური აფეთქებითაა გამოწვეული.

ცნობილია, რომ როცა ერთ ადამიანს უყვარდება მეორე, მისი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონს – ოქსიტოცინი, რომელიც იწვევს რომანტიკულ მიზიდულობას, აძლიერებს ადამიანურ ნდობას, ამაღლებს რწმენას, ამცირებს შიშის განცდას და ზოგადად, ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას სხვა ადამიანებთან.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ოქსიტოცინი გამოიყოფა არა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს, არამედ მამაკაცებს შორის ურთიერთობის დროსაც.

სიყვარულს ხშირად მიაწერენ ხოლმე სექსუალურ ლტოლვას, თუმცა ის არ განისაზღვრება სექსუალური ლტოლვის ხარისხით. შესაძლოა, ადამიანის მიმართ არ განიცდიდე არანაირ ინტიმიური სიახლოვის სურვილს, ამ დროს კი გიყვარდეს ის და პირიქით.

აი, მაგალითად: ზოგიერთი ქალი ამბობს – „მას აღარ ვუყვარვარ“, „მან სხვაზე გამცვალა“. სინამდვილეში მამაკაცს ის არასოდეს ჰყვარებია. უბრალოდ, გრძნობდა მის მიმართ ლტოლვას, რომელიც გაქრა, გაიარა... ასე ხდება ხოლმე, როცა ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურ ლტოლვას აქვს ადგილი და არა სიყვარულს.

ნამდვილი სიყვარული არამც და არამც არ არის დაკავშირებული მხოლოდ სექსუალურ ლტოლვასთან! სიყვარული არის ნიჭი, მსხვერპლად გაიღო ვინმეს მიმართ ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნია. ყველაზე ძვირფასი კი ადამიანისთვის არის საკუთარი სიცოცხლე. შესაძლოა, გულწრფელად გჯეროდეს, რომ გძულს სხვა ადამიანი, მაგრამ რთულ სიტუაციაში თავი გაწირო მის გამო – და ეს სიყვარულია. სხვა ყველაფერი ტყუილი ენის მოჩლექა და ვარდისფერი სათვალეებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა