სიხარულის ყოველდღიური დოზა
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.10

სიხარულის ყოველდღიური დოზა, ანუ პატარა სიამოვნებები, რაც ქალებს ბედნიერებას ანიჭებს, ემოციური ბალანსის გარანტია. ბედნიერება ყოველთვის დიდი მიზნების მიღწევა ან საგანგებო მოვლენები არ არის. ხშირად სწორედ პატარა დეტალებია, რომლებიც ქალებს ძალას აძლევს და დღეებს უფრო ნათელს ხდის. ერთია ყავის სუნი, საყვარელი მუსიკა დილაობით ან ბავშვების ღიმილი – ეს ის პატარა რიტუალებია, რომლებიც ემოციური ბალანსის საწვავად იქცევა.
ფსიქოლოგების აზრით, ყოველდღიურობაში სიხარულის მცირე დოზები უფრო ეფექტურად ახდენს გავლენას ჩვენს განწყობაზე, ვიდრე იშვიათი, მაგრამ დიდი წარმატებები. სწორედ ისინი ქმნიან სტაბილურ, მშვიდ ფონს და გვიცავენ ემოციური გადაღლისგან.
რა გვხდის ქალებს ბედნიერს ყოველდღე
•დილის ყავა, ან ჩაი... ასევე, საკუთარი ფანჯრიდან დანახული მზით განათებული ხედი;
•პატარა საჩუქარი, თუნდაც, საკუთარი თავისთვის – აქსესუარი, ყვავილი ან კოსმეტიკა;
•მეგობართან ხანმოკლე „წაჭორავება“ ტელეფონით;
•დრო საკუთარ თავთან – სიჩუმეში და საყვარელი სერიალის ყურება;
•შვილების ან საყვარელი ადამიანის ღიმილი;
•ლამაზი ტანსაცმლის ყიდვა და ჩაცმა – უბრალოდ, საკუთარი ბედნიერებისთვის.
რატომ არის ეს ყველაფერი ემოციური ბალანსის გარანტი?
როცა ყოველდღე პატარა სიხარულს ვპოულობთ, ჩვენი ტვინი „ბედნიერების ჰორმონებს“ – სეროტონინსა და დოფამინს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონები კი გვიცავს სტრესისგან, გვაძლევს ძალას და გვახსენებს, რომ ცხოვრება არა მხოლოდ სერიოზული ვალდებულებებია, არამედ სიხარულიც.
ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყოველდღე ჰქონდეთ პატარა ბედნიერებების წყარო. ეს არ არის პრივილეგია, ესაა ემოციური ჯანმრთელობის ნაწილი.
სიჩქარე და სიჩუმე
სიჩქარე და სიჩუმე, ანუ რატომ უჭირთ ქალებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და როგორ შეიძლება, სიჩუმე ნამდვილ ძალად იქცეს.
თანამედროვე ქალი მუდმივ მოქმედებაშია – სამსახური, ოჯახი, შვილები, ურთიერთობები და საკუთარი სურვილებიც კი. ამ უწყვეტ ორომტრიალში ყველაზე რთული სწორედ სიჩუმეა ხოლმე – საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი, მაგრამ ვერ განხორციელებული.
რატომ გვიჭირს სიჩუმე?
•სიჩუმე გვაიძულებს საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენას. ხოლო, როცა ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი ხშირად გვაშინებს, ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ ყველაფერს;
•ქალებს ხშირად ასწავლიან, რომ მათ სხვებისთვის უნდა იცოცხლონ. ამიტომ, მარტო დარჩენა „უფუნქციოდ ყოფნად“ შეიძლება აღიქმებოდეს.
•შინაგანი კრიტიკის ხმა სიჩუმეში უფრო ძლიერად ისმის და დისკომფორტს ქმნის.
თუმცა, სიჩუმე შეიძლება, ძალად იქცეს:
* სიჩუმე გაძლევს შესაძლებლობას, მოუსმინო საკუთარ თავს და გაიგო შენი საჭიროებები;
* ის ამცირებს სტრესს, რადგან ნერვული სისტემა ხმაურითა და მუდმივი ინფორმაციით ისედაც გადატვირთულია;
* სიჩუმეში იბადება კრეატიულობა – სწორედ მაშინ გვიჩნდება საუკეთესო იდეები;
* მარტო ყოფნა გვასწავლის, რომ ჩვენი ღირებულება სხვებზე დამოკიდებული არ არის.
ისწავლეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. გაატარეთ 10 წუთი ყოველდღე ტელეფონისა და სხვა მოწყობილობების გარეშე.
რეკომენდებულია სეირნობა მუსიკის გარეშე, მხოლოდ გარემოს მოსმენა.
დაიწყეთ დღიურის წერა, სადაც საკუთარი ფიქრების მატერიალიზაციას ისწავლით.
ასევე, უთხარით „არა“ იმ ხმაურს, რომელიც ემოციურად გვძაბავს.
გახსოვდეთ: სიჩუმე არ არის მარტოობა, სიჩუმე არის შინაგანი დიალოგი, რომელიც გვაძლევს ძალას.
პირველი პაემანი – პირველი ტესტი
ფინანსები ხშირად ხდება უხილავი „რენტგენი“ წყვილის ურთიერთობაში. პირველ პაემანზე ანგარიშს ვინც იხდის – თითქოს „ლიდერი“ ხდება ურთიერთობაში. თუ ბიჭმა გადაიხადა – ეს განიხილება როგორც მისი სერიოზული დამოკიდებულება ურთიერთობის მიმართ.
თუ გოგომ ან ნახევარი-ნახევარზე – მაშინ ჩნდება კითხვა: ეს რა არაკაცური საქციელია?
მაგრამ, რეალურად, ფულის გადახდა ყოველთვის სიყვარულის საზომია? თუ ადამიანი გულითაა შენთან, მაგრამ ჯიბე ცარიელი აქვს, მაშინ ეს ნაკლები სიყვარულია?
თუმცა, თუ ერთს სულ გადახდა უწევს, ის მალე იწყებს ფიქრს – მიყვარს თუ უბრალოდ, სპონსორი ვარ?
თუ მეორე მხარე მხოლოდ სიყვარულს აყენებს წინ, მაგრამ არაფერს აკეთებს, ჩნდება კითხვა – „სიყვარული საკმარისია, თუ მაინც საჭიროა სტაბილურობა?“
ბევრი ადამიანის აზრით, სიყვარულის მინიმალური გამოვლინება, მაინც პატარა ყურადღებაა: ჭიქა ყავა, ყვავილები, სიურპრიზები.
ეს შეიძლება, იყოს არა ფუფუნება, არამედ ელემენტარული ზრუნვის ნიშანი.
თუმცა, ზოგჯერ ეს მინიმუმიც კი ხდება დიდი დისკუსიის თემა: „თუ ეს მინიმუმიც არ გააკეთა, მერე რას გააკეთებს?“
დიახ, ფულით ვერ ყიდულობ სიყვარულს, მაგრამ შეძლებს კი სიყვარული გადარჩეს ფინანსური პრობლემების ფონზე?
უფრო მეტად გვიყვარს ის, ვინც გვერდით დგას და იხდის თუ ის, ვინც მხოლოდ „გულით გვიყვარს“ და მეტი არაფერი? თუ არჩევნის წინაშე დგახართ – ფული, თუ სიყვარული. შეეცადეთ ჯერ ამ ორ შეკითხვას უპასუხოთ გულწრფელად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან