საყვარელი და სათუთი...
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 29.10

ქალების უმრავლესობას აღელვებს, რომ მამაკაცები ხშირად მალავენ თავიანთ გრძნობებს. ყველა ქალს უნდა, საყვარელი მამაკაცი ალერსიანი და ყურადღებიანი იყოს და ეს ბუნებრივია.
მაგრამ კაცებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ ქალი სათუთი და მგრძნობიარეა, უყურადღებოდ ის თავს დაუცველად და მიტოვებულად იგრძნობს. მათ ერთგვარად ერიდებათ კიდეც სინაზის გამოვლენა საყვარელი ქალის მიმართ, თითქოს ეს მათ ვაჟკაცობას შელახავს.
ბევრ კაცს მიაჩნია, რომ ქალებს უხეში მამაკაცები მოსწონთ და ცდილობენ, მათ „იდეალს“ შეესაბამებოდნენ. ისინი ემოციებს ხშირად სწორედ ამ იმიჯის შესანარჩუნებლად ფარავენ. სინამდვილეში, კაცები ქალებზე ნაკლებ მგრძნობიარენი არ არიან.
მამაკაცები ზოგჯერ სიყვარულის აღიარებისგან იმიტომაც იკავებენ თავს, რომ ამით საკუთარი გრძნობის დაფარვა სურთ. არსებობს აზრი, თითქოს შეყვარებული მამაკაცი სუსტი მამაკაცია, ასევე მიიჩნევა, რომ ქალი მამაკაცის ძლიერი გრძნობის შეტყობის შემდეგ მის მიმართ ინტერესს დაკარგავს. ამიტომ გრძნობათა შენიღბვით მამაკაცები ქალებს ინტერესს უმძაფრებენ, ცნობისმოყვარეობას უღვივებენ და იდუმალების საბურველში ახვევენ. სწორედ ამ ტაქტიკის ნაწილია, რომ საყვარელ ადამიანებს არ სწერენ, არ ურეკავენ, არ უკითხავენ ლექსებს და არ უმღერიან სერენადებს.
ასეთ ვითარებაში ქალებსაც მართებთ გონივრული ქმედება. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, ნუ შეზღუდავთ საყვარელ ადამიანს, ნუ შეაწუხებთ ზედმეტი კითხვებით: „გიყვარვარ?“, „რამდენად ძლიერად?“. დროთა განმავლობაში კაცებს ბეზრდებათ ასეთი დაჟინებული ურთიერთობა და შეიძლება, გულსატკენი სიტყვებიც კი გითხრათ.
მამაკაცისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, საყვარელ ქალს საქმით დაუმტკიცოს ერთგულება. საალერსო სიტყვების თქმა ყველას შეუძლია, საქმე წრფელი გრძნობების ღირსეული ქცევით გამოხატვაა.
განგაში თუ მხოლოდ მითი
მამაკაცებს მართლა დაემართათ რაღაც. ოდესღაც მამონტებზე მონადირემ ფემინიზაცია განიცადა, ლიდერობა დათმო, აღარ არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი.
ქალების პრობლემებს რომ ეხებოდეს საქმე, პასუხის გაცემა გაცილებით გაადვილდებოდა. თანამედროვე მამაკაცის პრობლემები თითქმის შეუსწავლელია. თანამედროვე მამაკაცი კი, როგორც სპეციფიკური მოვლენა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის არ არსებობს.
ვცადოთ, პასუხი გავცეთ კითხვას – „რა დაემართა მამაკაცს?“
დავიწყოთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებით: ქალებმა შეავიწროვეს მამაკაცები საქმიანობის მრავალ ტრადიციულად „მამაკაცურ“ სფეროში.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საოჯახო ურთიერთობებში. აქაც დაკარგა ძლიერმა სქესმა ლიდერობა.
რას აკეთებს კაცი მაშინ, როცა მისი ცოლი საოჯახო გემზე კაპიტნის ადგილას დგას და გამჭრიახი მზერით გასცქერის შორეთს? ის დაღლილი ზის სავარძელში და ტელევიზორს უყურებს. და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამაკაცი ოჯახში ადვილად უთმობს მთელ ძალაუფლებას ქალს და ამჯობინებს, დატკბეს დაქვემდებარებულის უპირატესობით – უზრუნველობითა და უპასუხისმგებლობით. სინამდვილეში ასე არ არის. დივანზე წამოწოლილი უსაშველო ეგოისტიც კი განიცდის დისკომფორტს, როცა მისი ცოლი სამზარეულოში ტრიალებს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს ცოლი უხსნის, რასაც ფიქრობს მასზე და თანაც მამაკაცური თავმოყვარეობისთვის არცთუ სასიამოვნო ფორმით.
მამაკაცმა დაკარგა ოჯახში ლიდერობა და, როგორც ჩანს, ეს მისი საბედისწერო შეცდომა იყო. თანამედროვე ადამი იტანჯება და ხშირად ვერც კი ხვდება საკუთარი ტანჯვის მიზეზს. სწორედ ეს დისკომფორტი და არაბუნებრიობის მტანჯველი განცდა უმოკლებს დღეს, იწვევს ლოთობას, ადრეულ ინფარქტს და სხვა ავადმყოფობებს.
რეალურად როლი, რომელიც თანამედროვე ქალებს ასე მოსწონთ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამის საფასური კი სასტიკია – ქალურობის, ნამდვილი სიყვარულის იმედის დაკარგვა.
ორივე მხარე იტანჯება. გამარჯვებული არავინაა.
ოჯახური ურთიერთობის სპეციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ სიყვარულით მივაღწევთ გასაოცარ ცვლილებებს. ეს ყველაზე რთულია, რაც ქალმა უნდა გააკეთოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან