ქალი და კაცი

როგორ გავუმკლავდეთ შეყვარებულთან დაშორებას

№40

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 17.10, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

შეყვარებულთან დაშორება სტრესია, რასაც ხშირად თან ახლავს უძილობა, აკვიატებული აზრები და იმუნიტეტის დაქვეითებაც კი. შეყვარებულთან დაშორება ტვინის იმავე რეგიონებს ააქტიურებს, რომელსაც ფიზიკური ტკივილი და ქრონიკული დეპრესია.

ცხადია, დრო გვეხმარება პრობლემის დაძლევაში, ასევე, მეგობრების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია თავად გადავდგათ, რათა შევამსუბუქოთ ემოციური ტკივილი.

დაშორების შემდეგ ადამიანები ხშირად ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც სიყვარულის გრძნობას აძლიერებს – მუდმივად შედიან ყოფილი შეყვარებულის სოციალურ ქსელში, იხსენებენ ურთიერთობის საუკეთესო მომენტებს, ძველი, ბედნიერი პერიოდის ფოტოებს და ვიდეოებს ქექავენ. მთავარი სტრატეგია კი გულისხმობს ყურადღების გადატანას სრულიად სხვა თემებზე

ურთიერთობის დასასრულთან გამკლავების ერთადერთი ეფექტური სტრატეგია ყოფილი პარტნიორისა და მასთან ურთიერთობის უარყოფითი შეფასებაა. არსებობს ორი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო თავისუფლები ვიყოთ ყოფილი პარტნიორის უარყოფითად შეფასებაში. პირველ რიგში, უნდა გავითავისოთ, რომ როცა გულგატეხილები ვართ, ჩვენი გონება მიდრეკილია, თავი მოუყაროს იდეალიზებულ წარმოდგენებს, მოგონებებს და აზრებს ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ასეთ დროს მხოლოდ ურთიერთობის საუკეთესო მომენტები და ყოფილი პარტნიორის საუკეთესო თვისებები გვახსენდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი გონება უკვე ქმნის გაუწონასწორებელ, არაზუსტ აღქმებს, რომლებიც არარეალისტურად დადებითია. ასე რომ, ჩვენი უარყოფითი შეფასება არ წარმოქმნის დისბალანსს, არამედ უკვე არსებულის მცდარ აღქმას ასწორებს.

იმისთვის, რომ ეს მეთოდი ეფექტური იყოს, აუცილებელია შეფასება შეეხებოდეს არა მხოლოდ ყოფილ პარტნიორს, როგორც ადამიანს, არამედ მთლიანად ურთიერთობას. სასარგებლო იქნება, თუ თქვენი ყოფილი შეყვარებულის შეცდომებსა და ურთიერთობის უარყოფით მხარეებს ტელეფონში ჩაიწერთ და როდესაც ურთიერთობის შესახებ იდეალიზებული მოგონებები გექნებათ, ამოიღებთ ტელეფონს და გაიხსენებთ, რომ თქვენი ურთიერთობა და ყოფილი შეყვარებული იდეალური არ ყოფილა.

გახსოვდეთ, გულგატეხილობის განცდა გლოვის ნაირსახეობაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს უძილობა, მადის ცვლილება, შფოთვები, სუიციდური აზრები და სხვა ბევრი რამ, რასაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ. თუ არ დავუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომლებიც უკან დაგვაბრუნებს, ტკივილი გაქრება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია კი დაჩქარდება.

ვის შეუძლია სიყვარული

ურთიერთობები ყოველთვის დადებითი ემოციებით იწყება. თავდაპირველად ბედნიერების განცდა არ გტოვებს ადამიანს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში კრიზისი 3 წლის შემდეგ იწყება, რასაც ბევრი ვერ უძლებს და ერთ დროს ძლიერი გრძნობაც ნელ-ნელა ქრება.

ვის უფრო უჭირს დაშორება კაცს თუ ქალს და, საერთოდ, რომელს უფრო შეუძლია სიყვარული?

ქალებს კი არ სჯერათ, მაგრამ ფაქტია, მამაკაცსაც შეუძლია ნამდვილი, გულწრფელი, უღალატო სიყვარული.

დაშორებული ადამიანების რეაქციები ყოველთვის განსხვავებულია. ზოგი მეგობრებთან ტირილს არ ერიდება, ზოგი ჩუმად ტირის სახლში, ზოგი, თითქოს, ყველაფერს მეორე დღესვე ივიწყებს.

მიეცით თავს ცოტა მეტი დრო და დაიჯერეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიყვარული ისევ მოვა და თქვენთან დარჩება.

ოთხი განსხვავებული რეაქცია ქალსა და მამაკაცს შორის დაშორების შემდეგ:

1. კაცები თავიდან კარგად გრძნობენ თავს, ქალები – პირიქით.

2. მამაკაცები მალავენ თავიანთ გრძნობებს, ქალები გამოხატავენ.

3. მამაკაცებს არავინ ჰყავთ, ვისაც ამაზე დაელაპარაკებიან, ქალებს კი, პირიქით, ბევრი ჰყავთ ასეთი.

4. კაცები უიმედოდ უყურებენ ახალ ურთიერთობებს, ქალებს მეტი ვარიანტი ეძლევათ.

გამართლება არა აქვს

ის, რაც ერთ ქალს ადვილად შეუძლია, აპატიოს მამაკაცს, შესაძლოა, სხვისთვის სრულიად მიუღებელი იყოს.

მაგალითად, ავიღოთ ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება, მოხდეს წყვილის ურთიერთობაში.

არავინ ფიქრობს, რომ ღალატი კარგი ან მისაღებია. თუმცა, მაშინაც კი, როცა თითქოს არ უნდა აპატიო და შენში წყენისა და რისხვის გროვაა, შეიძლება, აპატიო. თანაც, ასეთი მიტევება არ ნიშნავს სისუსტეს.

ვიღაცებს სჯერათ, რომ არსებობს განსაკუთრებული, ნამდვილი სიყვარული, ამ შემთხვევაში ღალატი ან სკანდალები შეუძლებელია. დიახ, იდეალური სიყვარული ნამდვილად არსებობს… მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს შეცდომები, რომლებსაც ურთიერთობაში ვუშვებთ.

ჩვენ ხშირად ძალიან გვინდა, რომ სამყარო შავ-თეთრ ფერებად დავყოთ. რომ ყველაფერი დღესავით ნათელი იყოს. თუ ადამიანი შეიცვალა, ნიშნავს, რომ პარტნიორი აღარ უყვარს. თუ იგი უხეშად მოიქცა, ესე იგი, პატივს აღარ სცემს. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ნაბიჯი მკაფიო და გასაგები იყოს. მაგრამ სამყარო ასე არ მუშაობს. ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან იმპულსური ქმედებებისკენ, რასაც შემდეგ ნანობენ. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

ყველას შეუძლია ურთიერთობაში საკუთარი პირობები დაადგინოს. უთხარით თქვენს პარტნიორს ამის შესახებ. მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ერთადერთი გამოსავალი საკუთარ თავთან გულწრფელობაა. თუ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა არაერთხელ გადალახა ის საზღვარი, რომელიც თქვენ გვნებთ, ასეთი ურთიერთობა აღარ უნდა გააგრძელოთ. თქვენ თავად მიხვდებით ამას. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, განასხვავოთ ის გადასაჭრელი პრობლემები და სიტუაციები, რის შემდეგაც ღირს ადამიანთან დამშვიდობება. თუკი ურთიერთობა ტოქსიკურია პარტნიორი არ უნდა შეინარჩუნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი