როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.05

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ქალი და მამაკაცი განსხვავებულ ენებზე საუბრობენ: ქალი – სიტყვებით, მამაკაცი – ქმედებებით.
ქალი გრძნობებში ეძებს ძალას, მამაკაცი კი – სიჩუმეში. მაგრამ, როცა მართლა ხვდებიან ერთმანეთს – იქ იბადება სიმშვიდე, თანასწორობა და ერთობა.
ქალი ელის გულწრფელობას – მაშინაც კი, როცა ის რთულია.
მამაკაცი ელის ნდობას – მაშინაც კი, როცა ბევრი რამ ჯერ გაურკვეველია.
ისინი ერთად სწავლობენ, როგორ არ უნდა ეშინოდეთ ერთმანეთის ემოციების. ისინი ერთად ქმნიან სივრცეს, სადაც არავინ თამაშობს როლს – ორივე არის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
შეყვარებული ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა – ეს არის კავშირი, სადაც ქალი არ აიძულებს, არამედ შთააგონებს.
სადაც მამაკაცი კი არ თრგუნავს, არამედ აფართოებს სივრცეს ორივესთვის.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ისინი ერთმანეთს არ ცვლიან, არამედ ემსგავსებიან და ავსებენ.
სიყვარულის ენა
ქალი სიყვარულს დეტალებით ხედავს. მისთვის საკმარისი არ არის სიტყვები — ის გრძნობს, აკვირდება და შენს მზერაშიც კითხულობს სიმართლეს. შეყვარებული ქალის გვერდით ყოფნა ნიშნავს შენს ემოციებზე ზრუნვას — გულწრფელად და ყოველდღე.
მამაკაცს უყვარხარ მაშინ, როცა მის ჩუმ მზრუნველობას გრძნობ. მან შეიძლება, სიტყვით ვერ გითხრას — მაგრამ დაგიცავს, დაგელოდება, გაგიხსნის კარს და დარჩება შენთან მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება.
როცა ისინი – შეყვარებული ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან, ისინი არ ცვლიან ერთმანეთს, არამედ ისინი იკვლევენ როგორ ემსგავსონ ერთმანეთს სიყვარულში… და ეს გზა – კვლევის პროცესი ორივეს აბედნიერებს. სწორედ იქ იწყება თანხვედრა — როცა განსხვავებული ენებით მოსაუბრე ადამიანები გულით გრძნობენ ერთმანეთს.
მამაკაცი სიყვარულში – მოქმედების ენა
მამაკაცი ხშირად სიტყვებით ნაკლებს ამბობს, მაგრამ ბევრს აკეთებს. ეს სწორედ ასე უნდა იყოს. მისი სიყვარული სიჩუმეშია, მოქმედებაშია, ჩუმ მზრუნველობაში. ის ხშირად არ გეტყვის „მიყვარხარ”, მაგრამ წყალს დაგიტოვებს ღამით საწოლთან და ქუჩაზე გადასვლისას ხელს შეგაშველებს – ეს არის მისი ენით ვერ ნათქვამი სითბო.
ქალებს კი უნდა გვახსოვდეს, მამაკაცი ურთიერთობაში ეძებს:
•პატივისცემას – მის შესაძლებლობებსა და ზრუნვაზე;
• ნდობას – რომ საკმარისია ისეთი, როგორიც არის;
• სივრცეს – გადატვირთვისთვის. ემოციების თავისებურად გამოსახატავად.
გახსოვდეთ, საყვარელი მამაკაცი ის ადამიანია, ვინც ჩუმად დგას შენს ზურგს უკან, თითქოს უყურადღებოდ, მაგრამ მყარად. და როცა გრძნობ, რომ ყველაფერი „ინგრევა“, ის იქ არის – ხმაურის გარეშე, მაგრამ ძალით სავსე.
შეიყვარე მისი სიჩუმე, შეიყვარე მისი ის ფორმა, რომლითაც გიცავს – ხშირად სწორედ ამაშია ყველაზე დიდი სიყვარული.
ქალი ურთიერთობაში – გრძნობებისა და სიღრმის ენა
ჭეშმარიტი ქალი არ ითხოვს ბევრს – მას სურს მოსმენა, თანაგრძნობა და ყოველდღიური, თუნდაც პატარა, ყურადღება. ქალისთვის ურთიერთობა ემოციის გარეშე არ არსებობს.
ის დეტალებში ხედავს — როგორ გაიღიმე, როგორ მოექეცი სხვას, როგორ მოუსმინე საკუთარ თავს.
მამაკაცისგან ქალი ითხოვს:
•სიტყვებს, რომლებიც დაადასტურებს მის ფასს და არსებობის საჭიროებას;
•გულწრფელ ინტერესს მის შინაგან სამყაროზე;
•სიმშვიდეს, რომელსაც ურთიერთობაში უნდა პოულობდეს.
მამაკაცებო, უნდა გახსოვდეთ: ქალი ურთიერთობაში ჰგავს სახლს – თბილს, მყუდროს, მაგრამ საჭიროებს მოვლას. როცა მისი ემოციები უყურადღებოდ რჩება, ნელ-ნელა იკეტება. მაგრამ თუ თავს დაფასებულად და უსაფრთხოდ გრძნობს – იქმნება საოცარი, მზრუნველი სივრცე, სადაც ურთიერთობა ყვავის და ყველას აბედნიერებს.
ქალი და რომანტიკული სურვილები
მამაკაცები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ ქალს მხოლოდ ძვირფასი თეთრეული, საიუველირო ნაწარმი, კრუიზი, ბრილიანტები ან ფუფუნების სხვა ნივთები სჭირდება. ბრიტანელი ფსიქოლოგები გაისარჯნენ და შეადგინეს ქალების სურვილების რეიტინგი. სხვათა შორის, მათი სურვილები ძალიან რომანტიკული და არამატერიალური აღმოჩნდა. მაგალითად, ბევრ ქალს უნდა, რომ:
* მამაკაცმა ისეთ ადგილას წაიყვანოს, სადაც სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება;
* რაც შეიძლება ხშირად უთხრას, რომ ის ყველაზე მშვენიერია მათ შორის, ვინც კი ოდესმე შეხვედრია;
* გაუგზავნოს რომანტიკული წერილი ელექტრონული ფოსტით ან ღია ბარათი;
* კოცნით გააღვიძოს და საუზმე საწოლში მიართვას;
* როცა მას სცივა, საკუთარი პიჯაკი შესთავაზოს;
* სამსახურში გაუგზავნოს თაიგული ან შოკოლადის ნაკრები;
* კომპლიმენტებით შეამკოს მისი გემოვნება;
* იცოდეს, რომელია მისი საყვარელი სასმელი;
* ხანდახან, სრულიად უმიზეზოდ უთხრას, რომ უყვარს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან