ქალი და კაცი

რჩეულთა ხვედრი

№43

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.11, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ორმხრივი სიყვარული მხოლოდ რჩეულთა ხვედრია!.. რა უნდა ქნათ, თუ სიყვარული არ გეწვიათ, ან გეწვიათ და ისიც ცალმხრივად?.. ბოლოს და ბოლოს, ოჯახი ხომ უნდა შექმნათ - როგორ უნდა გააკეთოთ არჩევანი?

ბებიების რჩევა გახსოვთ? – „უნდა გათხოვდე არა მასზე, ვინც გიყვარს, არამედ მასზე, ვისაც უყვარხარ”. თითქოს ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე ბედნიერია: ცოლი იმით, რომ მამაკაცს თავის ნებაზე „ატრიალებს”, ქმარი კი იმით, რომ მისი თაყვანისცემის ობიექტი მის გვერდითაა.

ერთი შეხედვით დამაინტრიგებლად ჟღერს, მაგრამ...

დღესაც ბევრი ქალი თხოვდება უსიყვარულოდ, ანგარებით, ან უბრალოდ იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეს. ხშირია შემთხვევა, როცა ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს, უყვარდეს; ერთი კოცნის, მეორე ლოყას უშვერს... რა შეიძლება, მოჰყვეს ასეთ კავშირს?

ვაღიაროთ, რომ ქალებს ყოველთვის გვსიამოვნებს მამაკაცის არსებობა, რომელსაც ვუყვარვართ, რომლისთვისაც ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი ვართ, რომელიც მზადაა, ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს. ზოგჯერ მნიშვნელობა არა აქვს „ის” დაბალი იქნება, მაღალი, მსუქანი, გამხდარი, მელოტი თუ დიდცხვირა - მთავარია, რომ არსებობს და მზადაა, ნებისმიერი ჩვენი გამოხდომა აიტანოს!

რისკი რაშია? - თანაცხოვრებისას იშვიათად თუ ვინმეს გამოსვლია საკუთარ თავში სიყვარული „გამოიმუშაოს” და ის, რაც ამ მამაკაცში მოგწონდათ ქორწინებამდე, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაგაღიზიანებთ და თანდათანობით ის დადებითი მხარეები, რის გამოც თქვენი ქორწინება შედგა, უარყოფითად შეიცვლება.

მოქმედება შეიძლება რამდენიმე სცენარით განვითარდეს. უარეს შემთხვევაში ოჯახური დაპირისპირებები შეიძლება გადაიზარდოს ურთიერთსიძულვილში. მოძულე ადამიანთან ცხოვრება კი სულაც არაა ადვილი.

უკეთეს შემთხვევაში შეიძლება, ორივე მხარე, ბოლოს და ბოლოს, შეურიგდეს იმ აზრს, რომ გაზიარებული სიყვარული არასოდეს ექნებათ და შეეცადონ, თანაცხოვრება მეგობრულ ატმოსფეროში განაგრძონ. ეს ორი საღად მოაზროვნე ადამიანის საერთო გადაწყვეტილება იქნება, რომლებიც წინ წამოსწევენ ბავშვების ინტერესებს. ეს ოჯახი შეიძლება იყოს მშვიდი, მაგრამ არა ბედნიერი.

ოჯახში, სადაც სიყვარული ცალმხრივია, კითხვა - „ვუღალატო, თუ არა?”- უფრო მარტივად წყდება. ქალს, რომელიც ისეთი მამაკაცის გვერდით ცხოვრობს, რომელიც არ უყვარს, შეიძლება უცბად სხვა შეუყვარდეს და მრავალი წლის განმავლობაში ორმაგი ცხოვრება ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, არც ორმხრივი სიყვარული იძლევა ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახის შექმნის მყარ გარანტიას, მაგრამ ის საძირკველია და მასზე რასაც ააგებთ, ეგ უკვე მხოლოდ თქვენ ორმა იცით!

კეკლუცი და მომხიბვლელი

ყველა მამაკაცი ოცნებობს მომხიბვლელ პარტნიორზე. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებენ ისინი ქალს. ქალ-მეგობარზე ოცნებობენ, თავიანთი მომავალი შვილების იდეალურ დედაზე, დედის მსგავს მზრუნველ ქალზე, თუ უბრალოდ, უნაკლო გარეგნობის მქონე კეკლუც მანდილოსანზე.

გამოკითხვა ჩაატარეს მამაკაცებში. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ფიზიკური სილამაზე პირველ ადგილზე არ დასახელდა. მათ უამრავი საინტერესო მოსაზრება გამოთქვეს, რომელთა ცოდნაც ბევრ ქალს დააინტერესებს და გამოადგება კიდეც.

✔️იდეალურმა ქალმა მამაკაცის გასაცნობად ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოს, რადგან მამაკაცი თვითონ ოცნებობს ქალის მონადირებაზე.

✔️ იდეალურმა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ მოუაროს თავს, უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი, იყოს ხალისიანი, შეეძლოს სიამოვნების მიღება პატარ-პატარა ცხოვრებისეული სიკეთეებით, როგორიცაა: პარკში გასეირნება, მზიანი დღე, ან, თუნდაც, გემრიელი დესერტი, რომელსაც თავად მოამზადებს.

✔️ ქალი არ უნდა ელოდოს არაჩვეულებრივ, იდეალურ პრინცს ცხოვრების დასაწყებად და ზემოდან არ უყურებდეს „ჩვეულებრივ მოკვდავ მამაკაცებს”.

✔️იდეალურ ქალს უნდა შეეძლოს, იცინოს მამაკაცის ხუმრობებზე და ბრწყინავდეს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში.

✔️მამაკაცი ვერ იტანს დაძალებას და თავისუფლების შეზღუდვას. არ ღირს დღეში რამდენჯერმე დარეკვა და უცოდველი კითხვის დასმა - „სად ხარ?”. მომავალ თანაცხოვრებაზე შეკითხვებიც გამაღიზიანებელია მისთვის. მას არ სიამოვნებს ანგარიშების ჩაბარება და გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედება.

✔️ქალი უნდა იყოს სექსუალური, მაგრამ ზედმეტობების გარეშე, თუმცა ეს კონცეფცია ურთიერთობის განვითარებასთან ერთად იცვლება. როცა ურთიერთობა უფრო სერიოზული ხდება - სიყვარულის უფრო ინტიმური გამოხატვა კაცისთვის უკვე სრულებით მისაღებია.

✔️მამაკაცები ისეთ ქალს აფასებენ, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. თუ ის შეძლებს, მამაკაცს ჩხუბისა და დაძალების გარეშე აგრძნობინოს, რომ მისი ღალატი მიუღებელია, მამაკაცი მეტად დააფასებს ამ ქალს.

✔️ნამდვილ ქალს უნდა შეეძლოს, აირჩიოს ღირსეული მამაკაცი - სერიოზული და საიმედო, რომელიც მასთან პატიოსანი და გულწრფელი იქნება. მასთან უნდა აკავშირებდეს საერთო შეხედულებები ცხოვრებაზე, განათლებაზე, კულტურაზე, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთნაირი დამოკიდებულება ფულთან მიმართებით. ბევრი ფიქრობს, რომ განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ, მაგრამ, სანამ მფლანგველ ადამიანს დაუკავშირებთ ცხოვრებას, უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი