რას ვერ აღიარებს კაცი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.04
ის არ გეტყვის, რომ სუსტია.
პირიქით — შეიძლება ძალიან თავდაჯერებულიც კი მოგეჩვენოს.
ლაპარაკობს, გეგმავს, ზოგჯერ კონტროლსაც ცდილობს. მაგრამ დააკვირდი – როდის იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს? როდის იღებს პასუხისმგებლობას?
სუსტი კაცი ყველაზე ხშირად იმალება აქტიურობის უკან.
ქმნის ილუზიას, რომ მართავს სიტუაციას, მაგრამ როცა საქმე სერიოზულ ნაბიჯამდე მიდის – ქრება. გადაწყვეტა გადადებულია, პასუხისმგებლობა გადატანილია, შედეგი გაურკვეველია.
ფსიქოლოგიურად ეს არის შიში – შიში შეცდომის, შიში მარცხის, შიში იმისა, რომ „არ გამოვა“. და რადგან ამ შიშის აღიარება უჭირს, ის ირჩევს მარტივ გზას – არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მაგრამ ურთიერთობაში ეს ნიშნავს ერთ რამეს –
შენ ცხოვრობ გაურკვევლობაში.
როცა კაცი სუსტია, ის ან გემორჩილება, ან გაკონტროლებს. შუა მდგომარეობა იშვიათია.
ფსიქოლოგიურად სუსტი კაცი ხშირად ვარდება ორ უკიდურესობაში:
ან ხდება ზედმეტად დამოკიდებული;
ან ცდილობს ყველაფრის კონტროლს.
პირველ შემთხვევაში ის ყველაფერზე გეთანხმება,
არ კამათობს, არ აქვს მკაფიო პოზიცია. თავიდან ეს შეიძლება კომფორტულადაც კი ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში შენ ხვდები: შენ გვერდით არ დგას ადამიანი, რომელიც რეალურად მონაწილეობს.
მეორე შემთხვევაში ის იწყებს კონტროლს. გეუბნება, რა არის სწორი, როგორ უნდა მოიქცე, რას უნდა აკეთებდე. მაგრამ ეს ძალა არ არის, ეს არის მცდელობა, დამალოს საკუთარი სისუსტე.
ფსიქოლოგიურად ორივე ტიპის ქცევის უკან დგას ერთი და იგივე რამ – შიდა არასტაბილურობა.
როცა კაცი სუსტია, ქალი ძლიერდება… და მერე იღლება
ურთიერთობა ყოველთვის ბალანსია, მაგრამ, როცა კაცი სუსტია, ეს ბალანსი ირღვევა. ქალი იწყებს მეტი პასუხისმგებლობის აღებას. აგვარებს პრობლემებს, მონაგარსაც კი ზოგჯერ მარტო უძღვება. თავიდან ეს შეიძლება ბუნებრივადაც კი მოხდეს, მაგრამ მერე იწყება გადაღლა.
ფსიქოლოგიურად ეს არის როლების გაცვლა და ეს ძალიან ძვირი ჯდება: ქალი აღარ გრძნობს დაცულობას. კაცი აღარ ასრულებს საყრდენის ფუნქციას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქრება პატივისცემა, რადგან პატივისცემა ყოველთვის მოდის ძალასთან ერთად, არა ძალადობასთან, არამედ პასუხისმგებლობასთან. და როცა ეს არ არსებობს, მარტო სიყვარული აღარ არის საკმარისი.
დასკვნა
სუსტი კაცი ყოველთვის თვალში საცემი არ არის. ის შეიძლება, იყოს მშვიდი, კეთილი, უპრობლემო, მაგრამ ფსიქოლოგიურად, სისუსტე იქ ჩანს, სადაც არ არის პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილება, ემოციური სტაბილურობა.
და ყველაზე რთული ის არის, რომ
სისუსტე ხშირად არ სტკივათ, ის ადამიანს პირდაპირ ღლის – ნელა, ჩუმად.
ურთიერთობის უხილავი საყრდენი
ურთიერთობა მხოლოდ სიყვარული არ არის. სიყვარული შეიძლება, გაჩნდეს სწრაფად, მოულოდნელად, გახდეს ძლიერი... და მაინც არ აღმოჩნდეს საკმარისი. ის, რაც ურთიერთობას რეალურად ამყარებს, არის ნდობა.
ნდობა არ არის ხმამაღალი სიტყვები ან მომხიბვლელი დაპირებები. ის ჩნდება ყოველდღიურობაში, პატარა დეტალებში – სიტყვაში, რომელიც სრულდება, ასევე, ქმედებაში, რომელიც ემთხვევა ნათქვამს და იმ სიმშვიდეში, როცა არ გჭირდებათ ერთმანეთის გადამოწმება. სადაც ნდობაა, იქ ნაკლები ეჭვია, ნაკლები შიში, ნაკლები დაძაბულობა. .. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ნდობა ერთხელ დაირღვევა? ის ძველ საწყისს აღარ დაუბრუნდება. ალბათ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნდობა არ მიდის ხმაურით ან სკანდალით. ის ნელ-ნელა იფიტება და როცა ის აღარ არის, ურთიერთობა არსებობას იწყებს ინერციით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ქრება. შეიძლება სიყვარული დარჩეს, მაგრამ სიმშვიდე ურთიერთობაში ნამდვილად აღარ იქნება. ამიტომ ნდობა ყოველდღიური არჩევანია – არჩევანი, რომ იყო გულწრფელი. არჩევანი, რომ არ დააზიანო ის, რაც სიტყვებზე მეტად ფასობს. რადგან საბოლოოდ ურთიერთობას გადაარჩენს არა ის, თუ რამდენად გიყვართ, არამედ ის, თუ რამდენად ენდობით ერთმანეთს.
კაცი სუსტია და ამას სიყვარულს ეძახის
ის ამბობს, რომ უყვარხარ, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ვერ დგას შენ გვერდით მაშინ, როცა საჭიროა... და შენ ფიქრობ, ეს ყველაფერი რთულია მისთვის. მაგრამ – არა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ხანდახან საქმე უფრო მარტივადაა. ის, უბრალოდ, სუსტია.
იდენტიფიკაციისთვის გეტყვით, რომ სუსტი კაცი ხშირად იმალება სიტყვების უკან:
* „მეშინია შენი დაკარგვის“;
* „უბრალოდ, ძალიან მიყვარხარ“;
* „არ მინდა, შეცდომა დავუშვა“...
მაგრამ სინამდვილეში, ის გტოვებს მარტო იმ სიტუაციებში, სადაც თავადაც უნდა იყოს.
არ ამბობს მკაფიოდ „კი“ ან „არა“. არ ქმნის სტაბილურობას. ყველაზე რთული კი ის არის, რომ შენ ნელ-ნელა მის გამართლებას იწყებ. ეძებ მიზეზებს, პოულობ ახსნას,
ელოდები ცვლილებას... მაგრამ სიმართლე ასეთია:
სუსტი კაცი იმიტომ კი არ გატკენს გულს, რომ ცუდი ადამიანია. არამედ იმიტომ, რომ ვერ უძლებს და როცა ურთიერთობაში ერთი ვერ ძლებს, მეორე იძულებულია, ორი ადამიანის ტვირთი ატაროს. რაც ქმნის არაჯანსაღ დინამიკას. მოკლედ, ან პასიურობა, ან გადაჭარბებული დომინირება. ორივე შემთხვევაში საფუძველი ერთია – შინაგანი არასტაბილურობა.
უნდა გვახსოვდეს, რომ რეალური ძალა არ ნიშნავს ყველაფრის კონტროლს. რეალური ძალა ნიშნავს საკუთარი თავის მართვას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





