ეჭვიანობა - სიყვარულის სახელით
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.04
ის ამბობს, რომ უყვარხარ. გეკითხება სად ხარ, ვისთან ხარ, რატომ არ უპასუხე მაშინვე... თავიდან ეს ძალიან ჰგავს ზრუნვას, თითქოს ვიღაცას მართლა ადარდებ. მაგრამ მოდი, ვიყოთ გულწრფელები – სად მთავრდება სიყვარული და იწყება ეჭვიანობა?!
ერთი შეხედვით ყველაზე სასიამოვნო ფრაზა „უბრალოდ, მიყვარხარ“, ძალიან საშიშად შეიძლება იქცეს. ამას შემდეგ მოყვება:
•„არ მინდა, სხვამ შემოგხედოს“;
•„არ მომწონს, ასე რომ იცვამ“;
•„ვინ არის ის?“
და ეს ყველაფერი აუცილებლად სიყვარულის სახელით შეიფუთება – თითქოს ეჭვიანობა გრძნობის მტკიცებულება და მისი თანმდევი ნაწილია, თითქოს თუ არ ეჭვიანობს, არ უყვარხარ. მაგრამ ეს არის ყველაზე გავრცელებული ილუზია.
აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ სიყვარული არ გკეტავს, სიყვარული არ გაკონტროლებს. სიყვარული არ გაკარგვინებს საკუთარ თავს.
ეჭვიანობა არ არის სიყვარული – ეს არის შიში.
მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ:
ეჭვიანობა არის შიში. დაკარგვის შიში, მიტოვების შიში, საკუთარი თავის არასაკმარისობის შიში... როცა ადამიანი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული, ის იწყებს გარედან კონტროლის მცდელობას: ამოწმებს ტელეფონს, კითხულობს შეტყობინებებს, ეძებს „მტკიცებულებებს“...
სიყვარულის სახელით ჩადენილი პატარა ძალადობები:
•„ეს არ ჩაიცვა“;
•„მასთან ნუ იმეგობრებ“;
•„რატომ მოიწონე მისი ფოტო?“
მერე ეს ხდება წესი და ერთ დღეს ხვდები, რომ შენი ცხოვრება ვიღაცის შიშების მიხედვით არის მოწყობილი. შენ აღარ ხარ თავისუფალი... და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ამას სიყვარულს ეძახიან. სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად ამართლებს ეჭვიანობას. სიმართლე კი ერთია – ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, გენდობა.
ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, არ გაყენებს არჩევნის წინაშე: „მე თუ შენი თავისუფლება“.
სიჩუმე, რომელიც ბევრს ამბობს
ქალის გაბუტვა ხშირად აღიქმება როგორც ემოციური მანიპულაცია, მაგრამ სინამდვილეში ეს კომუნიკაციის ფორმაა. ეს არის მომენტი, როცა სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ განცდას, რაც ადამიანის შიგნით ხდება.
როდესაც ქალი იბუტება, იშვიათად ამბობს „მე გაბრაზებული ვარ“. უფრო ხშირად არაფერს ამბობს და სწორედ ამ „არაფერში“ იმალება მთავარი, რომლის გაშიფვრაც მამაკაცმა უნდა შეძლოს. ცოტას დაგეხმარებით.
გაბუტვა შეიძლება ნიშნავდეს:
* „მაწყენინე, მაგრამ, მინდა შენ თვითონ მიხვდე“;
* „მნიშვნელოვანი ვარ შენთვის?“;
* „ჩემი გრძნობები შენთვის ღირებულია?“;
ქალი გაბუტვით ხშირად ითხოვს არა ბოდიშს, არამედ ყურადღებას; არა სიტყვიერ ახსნას, არამედ ემოციურ ჩართულობას. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა დაინახოს არა მხოლოდ შემდგარი ფაქტი, არამედ მისი განცდებიც.
გაბუტვა იმედგაცრუების ჩუმი ფორმაა.
როდესაც ქალი იბუტება, ეს არის სიგნალი: „მომისმინე. შემამჩნიე. დამაფასე“.
ახლა რაც შეეხება სიტყვას – „არაფერი“, ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სიტყვაა ურთიერთობაში.
ქალს რომ ჰკითხო, „რა მოხდა?“ და პასუხად მიიღო „არაფერი“, იცოდე, სწორედ ახლა იწყება მნიშვნელოვანი დიალოგი მასთან.
გაბუტვა ხშირად არის დაუფასებლობის განცდის გამოხატულება. ხოლო იქ, სადაც ქალი სიტყვებით ვერ ახერხებს ახსნას, ჩნდება დისტანცია.
ქალი ხშირად არ ამბობს პირდაპირ:
* „დამაკლდა შენი მხარდაჭერა“;
* „მომენატრა შენი ყურადღება“;
* „მატკინა შენმა უყურადღებობამ“.
ის, უბრალოდ, ჩუმდება. ხშირად კაცები ფიქრობენ, რომ გაბუტვა ზედმეტი დრამაა. მაგრამ სინამდვილეში ეს არის დაუმუშავებელი ემოციის მშვიდი ფორმა.
ქალი გაბუტვით ამბობს:
* „მინდა, რომ შენ თვითონ შეამჩნიო“;
* „მინდა, კი არ გთხოვო, არამედ თვითონ მიხვდე“.
რადგან, სწორედ ეს „მიხვედრა“ არის ქალისთვის სიყვარულის გამოხატვის ყველაზე მაღალი ფორმა.
ღიმილი არ ნიშნავს ბედნიერებას
გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანს – სახლი დალაგებულია. ბავშვები – მოვლილი, სადილი – მომზადებული, ქმარი – კმაყოფილი და ისიც იღიმის. მაგრამ ეს ღიმილი ყოველთვის ბედნიერებას არ ნიშნავს.
ზოგჯერ ეს არის ნიღაბი, რომელსაც ქალი ყოველდღე ირგებს, რადგან ასეა „სწორი“, ამას ელიან მისგან, ასეა „კარგი ცოლის“ და „კარგი დედის“ სტანდარტი. მაგრამ მოდი, გულწრფელად ვიკითხოთ – რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა?
დავიწყოთ იმით, რომ ქალი არ იბადება მხოლოდ იმისთვის, რომ სხვისი ცხოვრება ააწყოს. ის იბადება საკუთარი სურვილებით, მიზნებითა და ამბიციებით.
მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი სადღაც ქრება. ყოველდღიურ რუტინასა და ვალდებულებებში იკარგება.
•„ახლა დრო არ მაქვს“;
•„ბავშვები მყავს“;
•„ოჯახი პირველ ადგილზეა“.
და ნელ-ნელა მისი „მე“ უკან იხევს. თავიდან თითქოს ოდნავ, მერე კიდევ ოდნავ… და ბოლოს – თითქმის მთლიანად. ერთ დღეს კი დგება სარკის წინ და ხვდება, რომ საკუთარ თავს ვეღარ ცნობს. სწორედ აქ იწყება ის, რაზეც ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. ქალი, რომელსაც საკუთარი ცხოვრება არა აქვს, იწყებს სხვის ცხოვრებაში ზედმეტად ჩაღრმავებას. ის ამოწმებს. კითხულობს. ეჭვობს.
•„ვინ მოგწერა?“;
• „სად იყავი?“;
•„რატომ დააგვიანე?“.
უცხო თვალით ეს ეჭვიანობას ჰგავს. მაგრამ რეალურად შიგნიდან შიშია. ეს არის ემოციური გადაღლა, ჩახშობილი სურვილები, გადავადებული ცხოვრება... ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდება და ერთ დღეს აუცილებლად იფეთქებს.
ქალი, რომელიც საკუთარ თავს კარგავს, ბედნიერი ვერ იქნება, რამდენად „იდეალურიც“ არ უნდა იყოს მისი ოჯახი, რადგან ბედნიერება მხოლოდ მოვალეობების კარგად შესრულება არ არის.
ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ნებართვა, რომ ჰქონდეს საკუთარი ცხოვრება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





