არჩევანი თუ ილუზია
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:01 03.05
თანამედროვე ქალი ხშირად დგას უხილავი, მაგრამ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე – იყოს დიასახლისი თუ იყოს საქმიანი ქალი. რომელ საქმეში იყოს წარმატებული და შემდგარი. იქნებ, ორივე საქმე ერთად გააკეთოს? საზოგადოება თითქოს არჩევანს აძლევს, მაგრამ სინამდვილეში, ორივე გზაზე მოთხოვნები ერთნაირად მაღალია.
დიასახლისი ქალი ხშირად აღიქმება, როგორც ის, ვინც „არ მუშაობს“. თუმცა რეალობა სრულიად სხვაა. სახლის მართვა, შვილების აღზრდა, ყოველდღიური პასუხისმგებლობები – ეს არის უწყვეტი შრომა, რომელსაც არც დასვენება აქვს და არც ოფიციალური აღიარება.
მეორე მხარეს კი დგას საქმიანი ქალი – კარიერა, ფინანსური დამოუკიდებლობა, პროფესიული ზრდა. ერთი შეხედვით, ძალიან მაცდუნებლად გამოიყურება, მაგრამ ამ გზასაც თავისი უარყოფითი აქვს: დროის ნაკლებობა, მუდმივი სტრესი და ხშირად – დანაშაულის განცდა ოჯახთან მიმართებაში. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ საზოგადოება კვლავ ცდილობს, ეს ორი როლი ერთმანეთს დაუპირისპიროს. თითქოს ქალმა უნდა აირჩიოს – სახლი, ან კარიერა.
სინამდვილეში კი საკითხი ასე არ დგას.
ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ როლში. ის შეიძლება, იყოს ორივეში. მთავარია, არჩევანი იყოს მისი და დანარჩენი თავისთავად გამოვა. ანუ, ქალმა უნდა იცხოვროს არა საზოგადოების, არა სტერეოტიპების, არამედ მისი შინაგანი სურვილის გავლენით. რადგან საბოლოოდ, არც დიასახლისობა და არც კარიერა არ განსაზღვრავს ქალის ღირებულებას. მას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ბედნიერია საკუთარ არჩევანში.
დიასახლისის როლი
ბევრ ქალს, რომელიც დიასახლისის როლს ირჩევს, დღემდე აწუხებენ ერთი შეკითხვით – „რატომ არ მუშაობ?“
ეს კითხვა თითქოს მარტივია და უწყინარი, მაგრამ მის უკან ხშირად იმალება შეფასება.
საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა წარმატების ერთადერთი საზომია. ხოლო ქალი, რომელიც სახლში რჩება, ხშირად „ჩამორჩენილად“ აღიქმება. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთულია.
ქალი-დიასახლისი არის ის, ვინც ქმნის სტაბილურ გარემოს. ის, ვინც მართავს რუტინას, ყოველდღიურობას, რომელიც სხვებისთვის შეუმჩნეველია.
მართალია, მისი შრომა არ იზომება ხელფასით, მაგრამ მისი გავლენა ხშირად გადამწყვეტია. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ეს არჩევანი არ არის თავისუფალი. არის შემთხვევები, როცა ქალი იძულებულია, დარჩეს სახლში – გარემოებების, პარტნიორის ან საზოგადოების ზეწოლის გამო.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: ეს არჩევანია, თუ შეზღუდვა?
რადგან თუ ქალი ბედნიერია ამ როლში, ანუ ის მისი რეალური არჩევანია, მაშინ ეს არის ძალა. მაგრამ თუ ის გრძნობს, რომ საკუთარი თავი დაკარგა სადღაც სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის – ეს უკვე პრობლემაა.
საქმიანი ქალი
საქმიანი ქალი თანამედროვე სამყაროში წარმატების სიმბოლოდ იქცა. ის ხომ დამოუკიდებელი, ძლიერი და მიზანდასახულია, ყველასთვის სამაგალითო, მისაბაძი... მას აქვს კარიერა, საკუთარი შემოსავალი და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი წესებით ცხოვრობს. მაგრამ ამ სურათს მეორე მხარეც აქვს. რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.
საქმიანი ქალი მუდმივად რაღაცის დამტკიცებას ცდილობს საკუთარ თავთან, გარემოსთან, ზოგჯერ ოჯახთანაც. ცდილობს, იყოს წარმატებული სამსახურში და იმავდროულად – სრულყოფილი სახლში. და სწორედ ეს ორმაგი დატვირთვა ქმნის მუდმივ დაძაბულობას. ამიტომაც ხშირად აწყდება კრიტიკას ორივე მხრიდან. მისი მისამართით ისმის: „ძალიან დაკავებულია, ოჯახისთვის ვერ იცლის“ ან „არ არის საკმარისად წარმატებული, მეტი შეეძლო“.
თითქოს, რაც უნდა გააკეთოს, საკმარისი არასდროს არის. ამ რეალობაში მთავარი გამოწვევა ბალანსია. თანაც, არ არის საჭირო იდეალური ბალანსი, არამედ ისეთი, რომელიც კონკრეტულ ქალს შეესაბამება.
საქმიანი ქალი არ ნიშნავს, რომ მან ოჯახზე აუცილებლად უარი უნდა თქვას. ისევე როგორც დიასახლისობა არ ნიშნავს, რომ უნდა უარყო საკუთარი სურვილები და ამბიციები.
რეალური თავისუფლება იწყება იქ, სადაც ქალი აღარ ცდილობს, მოერგოს მოლოდინებს და იწყებს ცხოვრებას საკუთარი წესებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





