ქალი და კაცი

რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული

№39

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 06.10

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული? ამ კითხვაზე ბევრი ადამიანი ვერ გაგცემთ პასუხს.

იმიტომ ხომ არა, რომ არასოდეს ჰყვარებიათ? იქნებ იმიტომ, რომ ბავშვობაში იყვნენ მოკლებული სიყვარულსა მზრუნველობას, რამაც ჩაკეტილობა და გრძნობების ბლოკირება გამოიწვია.

სხვა საქმეა, როცა ადამიანს უყვარს და არ აღიარებს ამას. კიდევ უფრო უარესი – როცა არ უყვარს და ცდილობს, საწინააღმდეგო დაამტკიცოს. დედამიწის ზურგზე უამრავ ადამიანს არა აქვს უნარი, გამოსცადოს სიყვარულის მშვენიერი გრძნობა, თუმცა ამას უპირობოდ ყველა იმსახურებს. სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, გრძნობით იწყება, რომელიც ზოგჯერ ადამიანის გულში ყველაზე წარმოუდგენელ მომენტში იბადება და მას არ შესწევს ძალა, წინ აღუდგეს ამ გრძნობას.

მართალია, გრძნობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიყვარულს, მაგრამ გულში გაჩენილ გრძნობას ლტოლვა მოჰყვება ხოლმე, ხოლო თუ ლტოლვა სიყვარულში გადაიზარდა, ადამიანს შეუძლია, უბედნიერესად მიიჩნიოს თავი.

სიყვარულია, როცა ვერ წარმოგიდგენია საკუთარი თავი მის გარეშე, ვინც გიყვარს და სიცოცხლეც მხოლოდ იმ ადამიანის გამო გიხარია, რომელიც ყოველ დილით გაძლევს მიზეზს, დაიწყო დღე ღიმილით და ყოველი წამი გიხაროდეს. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია, დაგანახვოს სიცოცხლის აზრი, მხოლოდ მისი ღიმილი და გამოხედვა აიძულებს გულს, აჩქარებით დაიწყოს ცემა.

სიყვარული თავგანწირვაა და არ არსებობს რამე უფრო სასიამოვნო დედამიწის ზურგზე, ვიდრე საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვა, როცა ყოველ გადალახულ სიძნელეს მოაქვს ათასჯერ მეტი სიხარული და ხელს გიწყობს მის უკეთ შეცნობაში.

თუ ადამიანი არ არის მზად ამგვარი მსხვერპლისთვის, ის ვერასდროს შეძლებს, სრულად დატკბეს სიყვარულის გრძნობით.

სიყვარულია, როცა გინდა, ბედნიერი გახადო სხვა ადამიანი. ეს არ არის ბრმა თაყვანისცემა, არამედ დაფასებაა და მისი სწორად შეფასების უნარი.

სიყვარულია, როცა გსურს არა საყვარელი ადამიანის ხშირად ნახვა, არამედ მასთან ერთად ცხოვრება. შეყვარებული ადამიანი არ შეიძლება, იყოს მრისხანე და არამიმტევებელი. იგი ლმობიერია, ლმობიერება წარმოშობს პატიებას და პატიება სწორედ ის კარია, რომლის უკანაც სიყვარული ცხოვრობს. სიყვარული ერთობლივი მომავლის განჭვრეტის სურვილია.

მეხის გავარდნა – ღალატი

ნებისმიერი ქალისთვის ურთულესი მისაღებია ფაქტი, რომ მის ქმარს ის აღარ უყვარს, მეტიც, სხვაზეა შეყვარებული. ეს მართლაც აუტანელი ტკივილია. მაგრამ ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია მამაკაცისთვის, თუ მის სიყვარულს გრძნობს.

ქალების უმეტესობა ხომ მიჩვეულია განსაზღვრული ცხოვრების წესს, გარკვეულ კომფორტის ზონას და უცებ ამხელა დარტყმა სწორედ ამ წესზე ხდება.

რა აიძულებს მამაკაცს ზურგი აქციოს ამ ყველაფერს, დათმოს და წავიდეს? სულაც არ არის აუცილებელი, ეს მუდმივი კონფლიქტების ფონზე მოხდეს. ხშირად ეს ყველაზე მოულოდნელად ხდება და როგორც წესი, გვევლინება, როგორც რამდენიმე შეცდომის მუდმივი დაშვების შედეგი.

განვიხილოთ ეს მიზეზები.

ბუნებრივია სიყვარული ათვლის წერტილია, უპირობოდ უნდა გიყვარდეთ და რაც მთავარია, გამოხატავდეთ. როცა გამოხატვაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აქ დღეში რამდენჯერმე სიტყვებით სიყვარულის ახსნა არ იგულისმება. ის უნდა გრძნობდეს თქვენს სიყვარულს. როგორც პატარა ბავშვების ნორმალური აღზრდისთვის აუცილებელია, თავი იგრძნოს სიყვარულის ობიექტად, ისე მამაკაცისთვის. ხშირად ისინი ეჭვიანობენ კიდეც პირველ შვილზე, რომელსაც ის ცოლის ყურადღებას უყოფს.

ამასთან, როგორც და რამდენჯერაც არ უნდა გამოხატოთ ეს გრძნობა, თუ შინაგან სიღრმეს მოკლებულია, ის ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. თქვენ უნდა იყოთ ამ გრძნობის წყარო, ის თქვენში გამუდმებით უნდა იბადებოდეს, ასეთ შემთხვევაში ყოველდღიური ვალდებულებები და რუტინა ვერ მოახერხებს მის ჩახშობას.

როცა წყვილს შორის ეს ნაპერწკალი იკარგება, ჩნდება გაუცხოების ნიშნები, ისინი გადადიან თავიანთი ცხოვრების სხვა ეტაპზე – ქალი დედაა, მისი ყურადღება და სიყვარული ვერ ნაწილდება, როგორც საჭიროა. სწორედ ეს ყველაფერი ამზადებს ნიადაგს ღალატისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა