ქალი და კაცი

რაოდენობა თუ გამარჯვება

№28

ავტორი: ნინო წულუკიძე 54 წუთის წინ

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ერთ დღეს ყველა ქალი ხვდება, რომ რაოდენობა აღარ არის გამარჯვება.

არსებობს ასაკი, რომელიც დაბადების მოწმობაში არ წერია. ის არ მოდის 30, 40 ან 50 წლის შესრულებასთან ერთად. მოდის იმ დღეს, როცა ქალი პირველად ამბობს: „აღარ მინდა ბევრი. მინდა კარგი.“

მანამდე თითქოს ყველაფერი რაოდენობით იზომება. ბევრი მეგობარი, ბევრი ტანსაცმელი, ბევრი მოწონება სოციალურ ქსელში, ბევრი გეგმა, ბევრი ნაცნობი, ბევრი შეხვედრა. თითქოს რაც მეტია, მით უკეთესია. შემდეგ კი რაღაც იცვლება.

ქალი ხვდება, რომ ასი ნაცნობიდან შეიძლება, მხოლოდ ორი იყოს ის ადამიანი, ვისთანაც დუმილიც კი კომფორტულია.

გარდერობში, ორმოცდაათი კაბის ნაცვლად, ხუთი ისეთი ურჩევნია, რომელსაც სიამოვნებით ჩაიცვამს.

კოსმეტიკური საშუალებებით სავსე თაროების ნაცვლად აბაზანაში, რამდენიმე ხარისხიან პროდუქტს ირჩევს, რომლებიც ნამდვილად „მუშაობს“.

რესტორნების დაუსრულებელი სია აღარ იზიდავს. უფრო დიდი ბედნიერებაა ერთი ადგილი, სადაც ყოველთვის გემრიელი ყავა და ნაცნობი ღიმილი ელოდება.

ეს ცვლილება სიღარიბე კი არა, სიმდიდრეა. როდესაც ქალი არჩევნის ფუფუნებას იძენს, ის რაოდენობაზე აღარ ნადირობს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ეტაპზე ცხოვრება თითქოს უფრო მსუბუქიც ხდება. აღარ არის საჭირო ვინმესთვის რამის დამტკიცება, აღარ არის საჭირო მუდმივად რაღაცის დაგროვება, აღარ არის საჭირო ხმაური.

რადგან ქალს უკვე ესმის, რომ ცხოვრების ხარისხს ნივთები კი არა, ემოციები ქმნის.

და ეს არის ყველაზე კომფორტული.

აღარ მსურს არაფერი ზედმეტი

ოდესღაც გვეგონა, რომ ბედნიერება ტანსაცმლითა და აქსესუარებით სავსე კარადაში „ცხოვრობდა“, ახალ ჩანთაში, კიდევ ერთ წყვილ ფეხსაცმელში, კიდევ ერთ კოსმეტიკურ პროდუქტში. მაგრამ დრო გადის და ქალი ერთ დღეს აუცილებლად აღმოაჩენს, რომ ზედმეტი ნივთები ხშირად ზედმეტ დაღლილობასაც ნიშნავს. ერთხელაც კარადას ალაგებს და ხვდება, რომ მთელ გროვაში მისი საყვარელი ტანსაცმელი მხოლოდ რამდენიმეა. დანარჩენი, უბრალოდ, ადგილს იკავებს. ზუსტად ასევე ხდება ადამიანებთანაც. ვიღაცები მხოლოდ იმიტომ რჩებიან ცხოვრებაში, რომ წლების წინ შემოვიდნენ, არა იმიტომ, რომ დღესაც ბედნიერებას გვანიჭებენ. ქალი, რომელიც ცხოვრების ხარისხს ირჩევს, აღარ აგროვებს – ის არჩევს.

არჩევს წიგნს, რომელსაც ნამდვილად წაიკითხავს. არჩევს მოგზაურობას, რომელიც დაამახსოვრდება. არჩევს მეგობარს, რომელიც გულწრფელია და რომელთანაც თამაში არ სჭირდება.

არჩევს პარტნიორს, ვის გვერდითაც სიმშვიდეა. რაოდენობას ყოველთვის ხმაური ახლავს, ხარისხს – სიმშვიდე. და სწორედ ამ სიმშვიდეში იწყება ნამდვილი კომფორტი.

როცა საკუთარი თავის ფასი ვიცით

საკუთარი თავის სიყვარული უცნაურ ცვლილებებს იწვევს ადამიანში. ერთ-ერთი პირველი ცვლილება კი ის არის, რომ ქალი აღარ არის თანახმა ყველაფერზე. აღარ უნდა ყველა წვეულებასა თუ მიწვევაზე, წასვლა, ყველასთან შეხვედრა, აღარ უნდა (და რეალურად არც სჭირდება) ყველა ადამიანის მოწონება.

როდესაც ქალი საკუთარ თავს აფასებს, ის დროსაც აფასებს. ხვდება, რომ დღე 24 საათზე მეტი ვერასოდეს გახდება. ამიტომ იწყებს არჩევას: რა წაიკითხოს, ვის შეხვდეს, რა შეჭამოს, სად იმოგზაუროს, რას უყუროს, რაში დახარჯოს ფული. სწორედ ამ დროს იბადება ცხოვრების ხარისხი, რომელიც ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი აღარ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის ხდება, რაც ბედნიერებას ქმნის. ამიტომაც, ასაკთან ერთად, ქალის სურვილებიც იცვლება. მას უკვე სჭირდება ნაკლები ნივთი, ნაკლები დრამა, ნაკლები ხმაური, მეტი სიმშვიდე, მეტი ჯანმრთელობა, მეტი სიყვარული და, რაც მთავარია, მეტი საკუთარი თავი. ეს არც სიბერეა და არც რამის დასასრული. პირიქით – ეს ჩვენი ხარისხიანი, ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია.

ბედნიერების საზომი

არსებობს ფუფუნება, რომელიც ფასით არ იზომება. მაგალითად, ქალის ცხოვრების ფუფუნება – ეს არის დილა, როცა მშვიდად სვამ ყავას, გაქვს მშვიდი ოჯახური ვახშამი, მიირთმევ საკვებს, რომელიც მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოცაა, ჩანთაში მუდმივად დევს საყვარელი სუნამო, კარადაში კი – ხარისხიანი ტანსაცმელი, რომელიც წლების შემდეგაც ისეთივე ლამაზია. გყავს ერთი ნამდვილი და გულწრფელი მეგობარი, აქვს ურთიერთობა, სადაც არაფრის დამტკიცება არ უწევს.

ქალი, რომელმაც ცხოვრების ეს ეტაპი გაიარა, უკვე სხვანაირად ყიდულობს, სხვანაირად მეგობრობს, სხვანაირად უყვარს, მას აღარ უნდა ბევრი კომპლიმენტი, ერთი გულწრფელი საკმარისია. აღარ უნდა ათასი გამომწერი, რამდენიმე ერთგული ადამიანი ურჩევნია. აღარ უნდა სავსე კარადა, ურჩევნია რამდენიმე, მაგრად იდეალურად შერჩეული ლუქი.

როდესაც ქალი რაოდენობიდან ხარისხზე გადადის, სინამდვილეში ის საკუთარ თავთან უფრო ახლოს მოდის. ეს არ არის ასაკის შედეგი, არამედ გამოცდილების. ბედნიერება არასოდეს იზომება იმით, რამდენი გაქვს. ბედნიერება იზომება იმით, რამდენად ღირებულია ის, რაც გაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი