რა უნდათ ქალებს მამაკაცებისგან
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 22.10, 2023 წელი

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რა სურთ ქალებს და მათი გაგება უჭირთ. სწორედ ამიტომ, ბევრი მათგანი მარტოობას ამჯობინებს. ახალი კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალისათვის უკვე სულერთია, მისი მეორე ნახევარი ქერა იქნება თუ შავგვრემანი, რამდენი აქვს შემოსავალი ან რა მანქანა ჰყავს. თანამედროვე ქალისთვის მთავარია ურთიერთგაგება! ქალს სწორედ ემპათია ანიჭებს ბედნიერებას.
აღნიშნული საკითხი ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა გამოიკვლიეს. მკვლევრებმა ის 156 წყვილი შეისწავლეს (აქედან 102 ახალგაზრდების, ხოლო 54 უფროსი ასაკის იყო), რომელთაც ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ, მათი 56 პროცენტი დაოჯახებული იყო.
კვლევის მონაწილეები პასუხობდნენ კითხვებს, რომელთა უმეტესობაც ეხებოდა იმას, თუ რატომ ცხოვრობენ კონკრეტულად ამ პარტნიორთან და არა სხვასთან.
შედეგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ქალებს, რომელთა მეორე ნახევარს შეეძლო, გაეგო, თუ რატომ ბრაზდება მისი პარტნიორი, ურთიერთობით კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. საინტერესოა, რომ ურთიერთგაგება მამაკაცსაც ანიჭებს ბედნიერებას. ვისაც მეგობარი ქალის ემოციის გამოცნობა შეეძლო, ამ ურთიერთობით თავად უფრო მეტად კმაყოფილი იყო, ვიდრე სხვები.
რჩევები:
კომპლიმენტების მიღება ქალებისა და კაცებისათვის ერთნაირად სასიამოვნოა, თუმცა მათ განსხვავებულად აღიქვამენ, რაც ერთს სიამოვნებს და უხარია, მეორეს შესაძლოა, ეწყინოს. ალბათ, გაგიგიათ, ქალებს ყურებით უყვართ, მამაკაცებს კი – თვალებითო. მაგრამ თბილი სიტყვა ვის არ ესიამოვნება?
კომპლიმენტები მამაკაცებისათვის:
* ყველაფერი გამოგივა! – უთხარით ეს თქვენს მამაკაცებს, როდესაც საქმე მის შესაძლებლობებს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, სად უწევს ამ შესაძლებლობების გამოვლენა: სამზარეულოში, ავტოფარეხში, სამსახურსა თუ საწოლში. კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ და ენდობოდნენ. ეს მოტივაციას ზრდის;
შენთან თავს დაცულად/ბედნიერად ვგრძნობ! – დიდი გრძნობით ნათქვამი სიტყვები, რომლის მოსმენაც ყველა მამაკაცისათვის ბედნიერებაა. ეს ნიშნავს, რომ მისი საქციელი მართლაც მნიშვნელოვანია და ქალი ამას ხედავს, აფასებს.
კომპლიმენტი გარეგნულ მხარეზე – როგორც ქალს, ასევე მამაკაცს თვითშეფასებას უზრდის ისეთი კომპლიმენტები, რომლებიც მის გარეგნობას ეხება. შეუქეთ თვალები, მამაკაცური მხრები, კუნთები ან ნებისმიერი რამ, რაც კომპლიმენტს იმსახურებს.
* მიყვარს, როდესაც შენთან ერთად ვარ! – ეს სიტყვები მამაკაცს უჩვენებს, რომ მისი სტატუსი, ფული და ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაგანი სამყარო;
* მომწონს შენი პერანგი! – ჩაცმის სტილს ყველა მამაკაცი არ უთმობს დიდ დროს, თუმცა, ყველას სურს კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, თუ მართლაც აცვია ის, რაც უხდება, ამის აღნიშვნა აუცილებელია.
* კარგად იცი შენი საქმე! – ამგვარი კომპლიმენტი მამაკაცისთვის ნიშნავს, რომ ქალი მის ძალისხმევას, მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს ამჩნევს;
* შესანიშნავი ოჯახი/მეგობრები გყავს! – მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარი მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატივს სცემდეს და მოსწონდეს.
გახსოვდეთ, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც კომპლიმენტებს საჯარო სახე და მოფერებითი ფორმა აქვს. „ჩემო ფუმფულა“, „კნუტო“ და „ზევსო“ ინტიმური გარემოსათვის შემოინახეთ. საჯაროდ ამას თუ ეტყვით, შეურაცხყოფად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპლიმენტად.
თანამედროვე ქალი
ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერი რომ იყოს, კარიერა კი – წარმატებული, თავად უნდა მოინდომოს. ცხოვრება საკმაოდ რთულია, ქალი ხან ბედნიერია, ხან უბედური, მაგრამ ბედნიერებისკენ სწრაფვა არ უნდა შეწყვიტოს. სხვა საქმეა, რა არის ბედნიერება. ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველესად, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრეალიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა. დღეს კი ქალები წარმატებულ კარიერაში მამაკაცებს ეცილებიან.
ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურად, სექსუალურად და ეკონომიკურადაც უფრო ძლიერია, ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობა წინააღმდეგი არაა ლიდერის როლი ქალს გაუყოს ან საერთოდ გადაულოცოს მას ეს პოზიცია.
თანამედროვე ქალიშვილები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი სამსახური და კარიერაა. მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც „შემომტანი“ მამაკაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთვის მოეხმარებინა. ჰოდა, ბუნებრივია, უკვირთ თავისი ქალიშვილების ცხოვრების წესი.
გოგონები ჯერ კიდევ სწავლისას ეძებენ შესაძლებლობას, იმუშაონ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს, დაეუფლონ უცხო ენებს. შრომისმოყვარეობას სასურველი ნაყოფი მოაქვს – პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი...
ცხოვრება თანდათან რბოლას ემსგავსება: მიზანი-წარმატება-ახალი მიზანი-კვლავ წარმატება... მშობლები წუწუნებენ, რომ შვილები პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიან. სამაგიეროდ, თვითონვე არიან საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ერთადერთი მიზანი არ არის. ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რომ პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ რეალიზდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან