ქალი და კაცი

ფსიქოლოგია იცვლება

№46

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 27.11, 2022 წელი

ადამი და ევა
დაკოპირებულია

ქორწინების შემდეგ ადამიანთა ფსიქოლოგია იცვლება. ოჯახური ცხოვრება ცვლის ჩვევებს, გატაცებებს, ცხოვრების წესს, პრიორიტეტებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწინების თანმხლებ სტრესზე. ოჯახური ბედნიერებისა და იდილიის შექმნაში მამაკაცის როლი განუზომლად დიდია. დაქორწინების შემდეგ ის ისევე უნდა მოეპყრას ცოლს, როგორც შეუღლებამდე. ქალს ყოველთვის სჭირდება მამაკაცის მზრუნველობა.

დაოჯახებულ კაცებს, სამწუხაროდ, სხვა ქალებისკენ გაურბით ხოლმე თვალი. ქმარმა ცოლს არაფრით არ უნდა აგრძნობინოს, რომ სხვა ქალი უფრო მიმზიდველი, ლამაზი და საინტერესოა. ქალს ისედაც მშვენივრად ესმის, რომ მჯობნის მჯობი არ დაილევა, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს, ქმრისთვის სწორედ ის არის საუკეთესო.

ბევრი კაცი არასათანადო ყურადღებას უთმობს ცოლს ოჯახს მიღმა, ქალი კი ამას ქმრის გულგრილობად აღიქვამს და სათანადო გულგრილობითვე პასუხობს. ეს დამოკიდებულება მეუღლეების სექსუალურ ურთიერთობებშიც ნეგატიურად ვლინდება. ამიტომ, ქმარი ყოველთვის უნდა ინტერესდებოდეს ცოლის ცხოვრებით, სამსახურში მისი მიღწევებით, სიახლეებით. მეუღლეებს ერთმანეთის წარმატება უნდა ახარებდეთ, მძიმე პერიოდში კი ერთმანეთი უნდა გაამხნევონ.

ზოგიერთი მამაკაცის აზრით, საშინაო საქმეები მხოლოდ ქალის ვალდებულებაა. ადრე ასეც იყო. მამაკაცი ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფდა, ქალი კი მეურნეობას უძღვებოდა. ახლა ქალი კაცივითაც შრომობს, იმავდროულად, საშინაო საქმეებიცა და ბავშვების აღზრდაც ისევ მის კისერზე რჩება. ასეთ დროს ქმრის დახმარება აუცილებელია, ამით კაცი ამტკიცებს, რომ უყვარს, აფასებს და ზოგავს ცოლს. სხვაგვარად, ქალი ყოველთვის დაღლილი და უხასიათო იქნება, რაც ოჯახური კონფლიქტის სათავედ იქცევა. თანაც ქალი დაკარგავს მიმზიდველობას და სწრაფად დაბერდება.

არის სფეროები, სადაც მამაკაცს აქტიურობა მოეთხოვება. მაგალითად, მამის ჩართულობა აღმზრდელობით პროცესში ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ერთობლივად უნდა გადაიჭრას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, მანქანის ან ბინის შეძენა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სხვადასხვაგვარი გარიგება და ასე შემდეგ.

ჯოხის ორი ბოლო

ქალისა და კაცის ურთიერთობა ჯოხივითაა, მხოლოდ ორი ბოლო აქვს: ერთად ყოფნა ან დაცილება. არც ისე ადვილია მონათესავე სულის პოვნა, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ქალები ჩივიან კაცებზე, კაცები კი – ქალებზე. ძნელია, გაარკვიო, რომელია მართალი, თუმცა თუ მამაკაცი ხართ და არ გსურთ მიტოვებული აღმოჩნდეთ, გაითვალისწინეთ რატომ შეძლება მიგატოვონ.

როდის ტოვებენ ქალები მამაკაცებს?

როცა კაცს არ შეუძლია არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება – თუ კაცს სიტყვა „პასუხისმგებლობაზე“ მუხლები ეკვეთება და არ იცის, საით გაიქცეს, თუ ყველა გადაწყვეტილების მიღებას ქალს ანდობს და თვითონ იმალება, ასეთ ურთიერთობაში დაცილება არც ისე შორსაა.

მამაკაცი არ აქცევს ქალს ყურადღებას – შემდეგ კი უკვირთ, საიდან გაჩნდა ყვავილები მაგიდაზე, საჩუქრები, ხშირი სატელეფონო ზარები, უმიზეზოდ გაბრწყინებული თვალები. ქალებისთვის ყურადღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ამას არ მიიღებს თავისი მამაკაცისგან, დროთა განმავლობაში ამის გვერდით ძებნას დაიწყებს – კოლეგებთან ფლირტი, ახალი ნაცნობი... კონკურენცია მაღალია. მხოლოდ ერთად ყოფნა არაა ერთგულების გარანტია. ურთიერთობა მალე იქცევა მოსაწყენ რუტინად, რადგან ქალი ვერ გრძნობს ყურადღებას – გამოდის, მამაკაცისთვის სულერთია, რას ფიქრობს ის, რით ცხოვრობს, ის არ არის მისი სულიერი დასაყრდენი.

ქალი ვერ გრძნობს, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია – ქალს უყვარს, როცა მას გამორჩეულად მიიჩნევენ, როცა ეუბნებიან, რომ ლამაზია, სექსუალურია, როცა მამაკაცი მის ღირსებებს ამჩნევს და აღნიშნავს. კომპლიმენტი ქალისთვის ისევეა, როგორც ყვავილისთვის წყალი. ზოგი მამაკაცი ფიქრობს, ის ხომ ჩემ გვერდითაა, ესე იგი, ის უნდა ხვდებოდეს, რომ გამორჩეულია და ამის თქმა ზედმეტია. ეს დიდი შეცდომაა! თუ ქალმა ეს თქვენი სიტყვებით, თქვენი ქცევით არ იგრძნო, რომ ის განუმეორებელია, საუკეთესოა, სავარაუდოდ, მალე მარტო დარჩებით. უახლოეს პერიოდში მიტოვების კანდიდატი ხართ და აუცილებლად დაკარგავთ საყვარელ ქალს.

არ იხსნება – თუ მამაკაცი დიდხანს ინარჩუნებს ზედაპირულ ურთიერთობას, საუბრობს ზოგადად საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, რა ფერის შარვალის ყიდვას აპირებს, რა ბრენდის კბილის პასტით იხეხავს კბილებს და ასე შემდეგ – დასასრული ახლოსაა. ადამიანი რომელიც გულს არ გადაგიხსნის, არაა მონათესავე სული.

ფიქრობს, რომ ურთიერთობები მხოლოდ ქალმა უნდა ააგოს – მართალია, ქალები უფრო სათუთი და მგრძნობიარენი არიან, უფრო მეტად ზრუნავენ ურთიერთობებზე, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება – ურთიერთობას ორივე აგებს. შესაბამისად, ქმარიც უნდა ზრუნავდეს და უფრთხილდებოდეს მეუღლეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქალს მეტი ემოცია და სითბო, ვნება და თავდავიწყება სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი