ქალი და კაცი

პატივისცემა უფრო მეტია

№15

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 27.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

პატივისცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა „გთხოვთ“ და „გმადლობთ“. ის უფრო მეტია, ვიდრე მაგიდასთან კარგი მანერები და ოფიციანტებთან თავაზიანად საუბარი.

პატივისცემაა დღესასწაულზე დედისთვის ყვავილების მირთმევა. ეს სახლში გაცილების შეთავაზებაა, როცა ადამიანი ხედავს, რომ დაღლილი ხართ. ეს დარეკვაა და არა მიწერა, როცა მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი არის საჭირო.

პატივისცემაა, როცა მეუღლე გწერთ, როცა იცის, რომ მოსვლა დააგვიანდება და თქვენ არ ინერვიულოთ.

პატივისცემა ისაა, როცა კამათის დროს პარტნიორი თქვენს აზრს ითვალისწინებს მაშინაც კი, თუ არ ეთანხმება. იმის ნაცვლად, რომ ყვირილი დაიწყოს და გითხრათ, რომ არასწორი ხართ, გაძლევთ საშუალებას, გამოხატოთ თქვენი აზრი. ეს დაპირება და კომპრომისია.

პატივისცემაა კამათში მკაცრი სიტყვების თქმისგან თავშეკავება. ეს ნიშნავს თქვენთან ადამიანურად მოპყრობას სიტუაციის მიუხედავად.

პატივისცემაა იმის აღიარება, რომ სექსის განწყობაზე არ ხართ და ამის გამო დანაშაული არ გაგრძნობინოთ. თუ არსებობს რაღაც, რაც თქვენ თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებთ, მაშინ ამის გაკეთება არ უნდა გაიძულოთ.

პატივისცემა ნიშნავს, თქვენ მიმართ გულწრფელი იყოს, მაშინაც კი როცა სიმართლე მწარეა. ეს მომხდარზე საუბარია მაშინაც კი, თუ თქვენ მოსმენილი არ მოგეწონებათ.

პატივისცემა თანასწორულად საუბარია და არ აქვს მნიშვნელობა, ჯინსები გეცმევათ თუ კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ეს იმის გაცნობიერებაა, რომ ქალი არა გარეგნობით ან ტანსაცმლით, არამედ მისი პიროვნებით განისაზღვრება.

ეს წვრილმანების გაკეთებაა, რომლებიც ძალიან ბევრს ნიშნავს.

პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიყვარული.

თუ ის შეურაცხყოფას გაყენებთ, ყოველღამე გატირებთ და გღალატობთ, ის პატივს არ გცემთ.

თუ ის პატივს არ გცემთ, თქვენი ღირსი არაა!

როცა ვინმე მოგწონთ...

როცა კაცი ხვდება ქალს, რაღაც ძალიან საინტერესო იწყება. მთავარია, მამაკაცი ამ ქალით დაინტერესდეს. ზოგადად, კაცებს ძალიან ხიბლავთ გამოუცნობი, საინტერესო, არაპროგნოზირებადი ქალები. არ უნდა დაკარგოთ ენთუზიაზმი და კვლავ და კვლავ ეცადოთ მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. სხვაგვარად ურთიერთობა ჩვეულებრივი და მოსაწყენი გახდება.

ზოგჯერ არც ისე მარტივია მამაკაცის ცნობისმიყვარეობის მრავალჯერადად გაღვიძება. მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

როცა ვინმე მოგწონთ, უპირველესად, ეს მზერით აგრძნობინეთ. მამაკაცების უმეტესობას ეუხერხულება პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, თქვენ კი შეგიძლიათ, ის მზერით წაახალისოთ. თუ რამდენიმე თვის შემდეგ ამ დეტალებს გაახსენებთ, თქვენ მის გულს საბოლოოდ მოიგებთ. ყურადღების ხაზგასასმელად დაუსვით კითხვებიც, მაგრამ თუ იგი თავს არიდებს პასუხების გაცემას, ძალიანაც ნუ ჩააჯინდებით.

მოსმენის ხელოვნებას ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს, მაგრამ თუ ჯანსაღი ურთიერთობა გსურთ, გამოიყენეთ თქვენი სხეული იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ყურადღებით უსმენთ. როდესაც უსმენთ გადაიხარეთ ოდნავ წინ და, რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ რაზე საუბრობს.

სასურველი ადამიანის ინტერესების სტიმულირებისთვის, ზოგჯერ შეიძლება, დაუგვიანოთ პასუხის გაცემა მესიჯზე ან მაშინვე არ უპასუხოთ სატელეფონო ზარს. მცირე დოზებით ამის კეთება თქვენ შეგძენთ საქმიანი და დამოუკიდებელი ადამიანის იმიჯს მის თვალში. მას შეექმნება აზრი, რომ თქვენ ხართ საინტერესო და აქტიური ადამიანი.

ცნობილი ფაქტია, რომ ქალები განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობენ, თან, მეტწილად საკუთარ პირად ცხოვრებაზე, მაშინ, როცა კაცებს სულაც არ აღაფრთოვანებთ ქალების ეს თვისება. ისაუბრეთ ორივე თქვენგანისთვის საინტერესო თემაზე, რაიმე ზოგად საკითხზე – ცხოვრებაზე, ჰობიზე, სპორტზე, პოლიტიკაზე...

სასურველია, თქვენ ბევრი საერთო გქონდეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება, მეტი გაიგოთ მისი ცხოვრების შესახებ. ამას აუცილებლად დაგიფასებთ – კაცებსაც აქვთ ცდუნება, ისაუბრონ საკუთარ თავზე და გამოიყენეთ ეს სისუსტე.

და… როცა ყვავილების ზღვას გჩუქნით, სიხარულისგან გული ნუ წაგივათ, თბილად გაუღიმეთ და მადლობა გადაუხადეთ. არც მისი შეცვლა სცადოთ. დააფასეთ ყველაფერი, მაგრამ არ გადააჭარბოთ. ეს იქნება საუკეთესო მოტივატორი მისთვის – ეცდება, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და კიდევ მეტად გაგანებივროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა