ქალი და კაცი

ოჯახური ცხოვრება

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 06.11, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ ქალის ოჯახური ცხოვრება და ცოლქმრული ურთიერთობა ბედნიერებით იყოს გაბრწყინებული, თან წარმატებული კარიერაც ჰქონდეს, დიდი მონდომებაა საჭირო, რადგან ყველაფერი სწორედ მასზეა დამოკიდებული. ქალი უნდა ეცადოს, მისი გრძნობა და გონება ჰარმონიაში იყოს. ის ხან გულდაწყვეტილი, დაღლილი, დასტრესილი იქნება და ხან ბედნიერი. ცხოვრების ამ კანონზომიერებას ვერავინ შეცვლის, მაგრამ მთავარია, ქალმა იზრუნოს და იბრძოლოს ბედნიერებისთვის. მარტივად არაფერი მოდის. სხვა საქმეა, ვინ რაში ხედავს ბედნიერებას. ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ქალის მთავარი დანიშნულება ოჯახური კერიის დაცვაა; რომ ქალი უნდა იყოს, უპირველესად, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი. ასე სწამდა ჩვენი დედებისა და ბებიების თაობას და ისინიც თავს მთლიანად ოჯახს უძღვნიდნენ. მთელი ძალ-ღონის სამუშაოსკენ მიმართვა მამაკაცთა პრეროგატივად იყო მიჩნეული. დღეს ასე აღარაა და ეს კარგია. ბევრი ქალის ოცნებაა წარმატებული კარიერის შექმნა, ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, ბანკის ან რომელიმე ფირმის ხელმძღვანელობა მაინც. ქალი რადიკალურად შეიცვალა. ის სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში და წარმატებით მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში. დღეს ყველა საზოგადოებრივი პროცესი იქით არის მიმართული, რომ ქალი გახდეს მთავარი ოჯახშიც და მის გარეთაც. რა თქმა უნდა, მამაკაცი ჯერ კიდევ ძლიერია ფიზიკურად, სექსუალურად და ეკონომიკურადაც. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მაინც ქალი ლიდერობს. ირკვევა ისიც, რომ მამაკაცთა უმრავლესობა წინააღმდეგი არ არის, გაუყოს ისტორიული ლიდერის როლი ქალს. უფრო მეტიც – მათი ნაწილი მზად არის, მთლიანად დათმოს პოზიცია. უბრალოდ, ქალმა ამის სურვილი და მზაობა უფრო მკაფიოდ უნდა გამოთქვას.

წესები ქალებისთვის

არსებობს სტერეოტიპი – თუ მამაკაცი ძალიანაა ქალზე შეყვარებული, აღმერთებს მას და მზადაა მისი ნებისმიერი კაპრიზი შეასრულოს, მას ხშირად აბულინგებენ, ამბობენ, რომ ის ქალის მონაა. ამიტომ, მსგავსი დამოკიდებულების დამალვა ხშირად უწევთ ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცებს, რადგან აქვთ კომპლექსი, რომ „მონის“ სტატუსი არ დაიმსახურონ. ქალებს კი ამ შემთხვევაში ხელში უჭირავთ „კოზირი“ და კარგად იციან, როგორ მართონ საყვარელი მამაკაცი.

იშვიათად თუ შეხვდებით ქალს, რომლის გვერდითაც ქმარი ცხოვრების ბოლომდე ერთგული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფაქტორი, თუ მასალა არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქორწინება ბედნიერი და ეს ქალების უმრავლესობამ, ალბათ, იცის, მაინც ცოტას თუ შეხვდებით ისეთს, ვინც ამ ცოდნას პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებს.

არსებობს რამდენიმე, უბრალო წესი, რომლებიც ნამდვილად გაჭრის და თქვენს რჩეულ მამაკაცს ჭკუიდან გადაიყვანს.

👉 პატივი ეცით საკუთარ თავს, რომ მამაკაცმაც გცეთ პატივი;

👉 ნუ შეგრცხვებათ საკუთარი სხეულის, პირიქით, შეიყვარეთ ის. იყავით თავისუფლები, ეს მნიშვნელოვანია;

👉მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის. მამაკაცებს აქვთ ბევრი სისუსტე და თავისებური შიშები, ამიტომ ნუ გაამახვილებთ მათზე, პირიქით, განმუხტეთ;

👉აუცილებლად მისწერეთ და მოიკითხეთ მაშინ, როდესაც მეგობრებთან ერთად წახვედით გასართობად წვეულებაზე, ლაშქრობაში, დაბადების დღეზე და ასე შემდეგ, მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ, უბრალოდ, მოიკითხეთ. ეს დადებითად იმოქმედებს და თქვენი ერთი თბილი, მცირე გზავნილით ის თქვენზე მთელ დღეს იფიქრებს და დიდხანს ვეღარ ამოგიგდებთ თავიდან.

როგორ არ დავკარგოთ თავი

ყველაფერი იწყება საკუთარი თავიდან – ესაა ამოსავალი წერტილი. თუ თავს ვკარგავთ ოჯახის წევრებისთვის, ეს ნიშნავს, კი არ ვემსახურებით, კი არ ვზრუნავთ, არამედ მონებად ვიქცევით. როდესაც ახლობელ ადამიანებს შეგნებულად ემსახურები, მათზე ზრუნავ, ეს შენ გავსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ითგრუნავ და ამაოდ იხარჯები...

გაცნობიერებული უნდა იყოს ყველაფერი, აზრი ჰქონდეს იმას, რასაც აკეთებთ. უაზროდ და უმიზნოდ არაფრის კეთება არ შეიძლება, იფიქრეთ იმაზე, რომ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც, რადგან ასეთ ზრუნვას ბედნიერება მოაქვს. თუ თქვენი ყოველდღიური შრომა გაუბედურებთ, მუდმივად დაქანცული ხართ, ეს არც თქვენთვის არის კარგი და არც გარშემო მყოფებისთვის.

არასწორია ფორმულირება – მე ყველაფერს ვაკეთებ ქმრისთვის, მთელი ჩემი ფიქრები, აზრები, ქმედებები მისთვისაა ან შვილებისთვის. წარმოიდგინეთ, ასეთი „შეწირული“ ქალი რას მოითხოვს ქმრისგან, შვილებისგან? ასევე თავგანწირვას, რაც არასწორი მიდგომაა. ეს ადამიანებს თრგუნავს.

სჯობს, ნაკლები გავაკეთოთ, მაგრამ გაცნობიერებულად და სიამოვნებით. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ იმისთვის იღვწის, რომ შეაქონ, დააფასონ, მოეფერონ, შეიყვარონ. რაღაც საკუთარი თავისთვისაც გააკეთეთ, გამოყავით დრო, რომ დარჩეთ მარტო საკუთარ თავთან, მიხედოთ გარეგნობას. ხანდახან რეცხვა-ხეხვის ნაცვლად, უბრალოდ, მიდით ქმართან და სთხოვეთ, მოგეფეროთ. თუ ეს ერთხელაც არ გაგიკეთებიათ, ძალიან ცუდია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი