ქალი და კაცი

მზაკვრული წვრილმანები

№50

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.12, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

გაითვალისწინეთ ეს, ერთი შეხედვით, წვრილმანები, ნელ-ნელა დაასრულებს თქვენს ურთიერთობას.

* პარტნიორის ინტერესების იგნორირება

თუ განსხვავებული გემოვნება და ინტერესი გაქვთ, ნუ უგულებელყოფთ თქვენი პარტნიორის გატაცებებს, მაშინაც კი, თუ მათ არ იზიარებთ. მაგალითად, მოუსმინეთ მის მიერ გაზიარებულ სიმღერას ან უყურეთ მის საყვარელ ფილმს მასთან ერთად.

* წვრილმანებზე მადლობას არ უხდით

ბევრი მიჩვეულია მადლობა გადაუხადოს პარტნიორს საჩუქრისთვის, მაგრამ სრულიად ავიწყდებათ მადლობა გადაუხადონ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში – იქნება დარეცხილი ჭურჭელი, დალაგება, ექიმთან გაყოლა თუ გადამწვარი ნათურის გამოცვლა... ეს ის წვრილმანებია, რაც ჩვენს ცხოვრებას აადვილებს.

* არ იცავთ ჰიგიენას

თავის მოვლის მარტივი წესების უგულებელყოფამ შესაძლოა, ურთიერთობაში უთანხმოება გამოიწვიოს. თუ თქვენ გაქვთ მოუწესრიგებელი გარეგნობა და დიდი ხანია, დაგავიწყდათ კბილების გახეხვა, შხაპის მიღება და არაფრის შეცვლას არ აპირებთ, თქვენს პარტნიორს შეიძლება, ბუნებრივად გაუჩნდეს კითხვები თქვენთან მიმართებაში.

* აკრიტიკებთ პარტნიორს, იმის ნაცვლად, რომ ერთად გადაწყვიტოთ პრობლემა

ეს მიდგომა არ გამოიწვევს კარგ შედეგს. თქვენი კრიტიკით ღირსებაშელახულად აგრძნობინებთ თავს პარტნიორს და აიძულებთ, დაიცვას საკუთარი თავი. თუ გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა სხვაგვარად გააკეთონ რამე, კი არ უნდა განვსაჯოთ, არამედ მივმართოთ კონკრეტული თხოვნით, რომ შეცვალონ ქმედებები.

* შეყვარებულზე გადაირიეთ

შეყვარებულის გაცნობამდე თქვენი ცხოვრება დუღდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აღარ დაგრჩათ არანაირი ინტერესი და ჩაციკულული ხართ რჩეულზე. ეს განგაშის სიგნალია. თქვენ მუდმივად უნდა განავითაროთ საკუთარი თავი და გაატაროთ დრო ცალ-ცალკე, იმოქმედოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. წაიკითხეთ წიგნი, შეხვდით მეგობრებს და მიეცით რჩეულსაც ამის უფლება.

* აძლევთ პირობას, მაგრამ ვერ ასრულებთ

პირობის შესრულება, თუნდაც წვრილმანებზე, პარტნიორის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს აყალიბებს და აღვივებს სიყვარულს. ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც თქვენს შეყვარებულს შეჰპირდით, შეახსენეთ საკუთარ თავს და წინასწარ გააფრთხილეთ, თუ დაპირებას ვერ შეასრულებთ.

ქალი შეიძლება ვერ გათხოვდეს

ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ქალი შინაბერად დარჩენის რისკის ქვეშაა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერში წარმატებულია. მისი მიზანდასახულობა პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ქმნის გარკვეულ პრობლემებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ნახეთ, რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, გაუთხოვარი დარჩეთ.

1. იკავებთ მაღალ თანამდებობას და მაღალი შემოსავალი გაქვთ.

ასეთ ქალს შეიძლება, ვუწოდოთ კარიერისტი, რომელიც ყოველთვის აშინებდა მამაკაცებს. პოტენციურ საქმროებს ეშინიათ კონკურენტის – „ოჯახის უფროსის“ პოსტზე, ამიტომ მათი უმეტესობა უფრო მოკრძალებულ გოგონას ანიჭებს უპირატესობას.

2. ზედმეტად სექსუალური იმიჯი გაქვთ.

ასეთი ქალი ყველგან და ყოველთვის იქცევს ყურადღებას. მამაკაცების უმეტესობა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის და მით უმეტეს, ოჯახის შექმნისთვის ასეთ ქალებს თავს არიდებს.

3. ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობთ საკუთარ გარეგნობას

მამაკაცებს აშინებთ ისეთ ქალებთან ურთიერთობა, რომლებიც მთელ დღეს სილამაზის სალონებსა და კოსმეტიკურ კაბინეტებში ატარებენ. ეს მხოლოდ დროებით ეფექტს იწვევს.

4. ზედმეტად წუნია ხართ

მკაცრი კრიტერიუმების არსებობამ, რომელსაც მისი რჩეული უნდა აკმაყოფილებდეს, ცუდ როლს თამაშობს. გადაჭარბებული მოთხოვნები ანადგურებს ურთიერთობას.

5. სულ სადღაც ხართ

მამაკაცს მიაჩნია, რომ მეორე ნახევარი პასუხისმგებელია ოჯახურ კერაზე და როდესაც ქალი გამუდმებით სადღაც იკარგება, დადის რაღაც კურსებზე ან მეგობრებთან ერთად ერთობა ან უცებ ნათესავები მოენატრება, პოტენციურ საქმრომ შეიძლება, ეჭვი შეიტანოს საკუთარ არჩევანში. ქალის არაოჯახური ინტერესები ხშირად უშლის ხელს სერიოზულ ურთიერთობას.

დაოჯახებული ქალებისთვის

ზღაპრული დასაწყისი საქორწინო მარშის შემდეგ ზოგჯერ გაცრუებული ოცნებებით მთავრდება, უარეს შემთხვევაში კი საქმე განქორწინებამდე მიდის.

სიყვარული ბრძოლის ველს ჰგავს, თქვენ კი ქორწინების შემდეგ ფიქრობთ, რომ ეს ომი მოიგეთ – აი, მთავარი შეცდომა. თქვენ მუდმივად შეყვარებული მეორე ნახევარი გჭირდებათ.

* ზრუნვა კარგია, მაგრამ მას დედიკო არ სჭირდება. მოიხსენით წინსაფარი, დაე, ცოტათი მიიწვას სადილი, დასაუთოებელი დაგრჩეთ მისი პერანგი... მთავარია, არასოდეს შეაქციოთ ზურგი საწოლში. იყავით თამამი, გამოიჩინეთ ინიციატივა და ნუ აქცევთ სიყვარულს მოვალეობად;

* ქორწინება საკუთარ თავზე უარის თქმას არ ნიშნავს. გათხოვდე, არ გულისხმობს, რომ ამიერიდან შენ ნაცვლად მან უნდა იფიქროს და მიიღოს გადაწყვეტილებები. განაგრძეთ განვითარება, გქონდეთ თქვენი საქმე და ეცადეთ, პატივი სცეთ საკუთარ თავს, რათა სხვების პატივისცემა დაიმსახუროთ;

* უნდა გქონდეთ თქვენი პატარა საიდუმლოებები, დაიცავით პირადი სივრცე და მასაც ნუ დაახრჩობთ, მიეცით სუნთქვის საშუალება. არ დაემსგავსოთ კომპლექსიან ქალებს, რომლებიც მუდამ ეჭვიანობენ. ნუ დაუსვამთ ზედმეტ კითხვებს, მაგრამ მზად იყავით მის მოსასმენად.

და ბოლოს – უთხრა თანახმა ვარ, არ ნიშნავს, რომ აღარ სჭირდება, ხშირად გაუმეორო, როგორი ძვირფასია შენთვის. სიყვარული ერთი მიმართულებით სვლა არაა, სიყვარული ერთმანეთისკენ მუდმივი სწრაფვაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი