მამაკაცური ცხოვრების ეტაპები
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.11
დიახ, მამაკაცების ცხოვრების ეტაპები ნამდვილად არსებობს, ანუ არის რაღაცები, რაც მათთვის ხაზგასმულად მნიშვნელოვანია. რა უნდა იცოდეს ქალმა? ის, რომ ამ ყველაფერში უხეშად არ ჩაერიოს.
• სპორტი
ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, რომ კომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარ სხეულში. სპორტი ეხმარება ადამიანებს, გაიღიმონ უფრო ხშირად. თუ შენი მამაკაცი გატაცებულია სპორტით, მხარი დაუჭირე მას.
• მეგობრები
მამაკაცებს მეგობრები ისევე სჭირდებათ, როგორც ჩვენ – გულახდილი საუბრებისთვის და განტვირთვისთვის. რომ ერთად დალიონ ლუდი, უყურონ ფეხბურთს ან უბრალოდ, დაისვენონ, ეს მათ ენერგიას აძლევს. ქალები განიტვირთებიან ქალების გარემოცვაში, მამაკაცები კი – მამაკაცების. ასე რომ, ნუ დაუშლით მათ მეგობრებთან დროის გატარებას.
• პირადი ზრდა
დღეს სწავლა არ მთავრდება სკოლის ან უნივერსიტეტის დასრულებისთანავე. ინფორმაცია ბევრია და ადვილად ხელმისაწვდომი. მამაკაცებს უყვართ ცოდნის მიღება, ისინი სიამოვნებით უყურებენ ლექციებს ინტერნეტში, სწავლობენ რაღაც ახალს, რისი დრო და საშუალებაც ადრე არ ჰქონდათ. კითხულობენ სტატიებს, არჩევენ გლობალურ საკითხებს. მაგრამ ხშირად წუწუნებენ რომ სიმშვიდის პოვნა მხოლოდ ტუალეტშია შესაძლებელი, სწორედ ამიტომ ხშირად შეაქვთ თან მობილური ტელეფონები. მიეცით მამაკაცს სიმშვიდე და პირადი სივრცე, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი თქვენთან.
• შინაგანი ბიჭის შენარჩუნება
ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ბავშვი, ის ბავშვი, რომელიც ოდესღაც ვიყავით. მნიშვნელოვანია ბავშვობასთან კონტაქტი. მამაკაცებს კი უფრო ხშირად აქვთ ნოსტალგია ბავშვობისდროინდელ ფილმებსა და სიმღერებზე. დაე, ისინი ჟღერდნენ თქვენს სახლში.
• მომავალი ცვლილებების მოლოდინი
მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის განსაკუთრებულია, რომ ის წინ მიიწევს და ეს ესაა რაიმე ძალიან დიდსა და მნიშვნელოვანს გააკეთებს, რომ გაიუმჯობესებს გარეგნობას, იშოვის მეტ ფულს ან ჩასწვდება ყოფიერების არსს. მხარი დაუჭირეთ მას და მოიხიბლეთ მისი ნებისმიერი მიღწევით, მაშინაც კი თუ ეს მიღწევა ჯერ მხოლოდ მის ფანტაზიაშია.
ეს ასე უნდა იყოს
როგორია ქალისა და მამაკაცის ცხოვრება თანამედროვე სამყაროში?
მამაკაცი არის მოქმედება და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც ის აკეთებს, იყოს წარმატებული, რათა სხვებმა აღიარონ. ყველასთვის ცნობილია, რომ მამაკაცური წარმატება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. კარიერული ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ გრძნობს თავს მამაკაცი. თუ გინდათ, „თქვენს არწივს ფრთები შეაჭრათ“, ხშირად გააკრიტიკეთ მისი საქმე; იწუწუნეთ, რომ ის ბევრს მუშაობს და ცოტას შოულობს; იყავით უკმაყოფილო იმით, რომ ის ძალიან დაკავებულია.
მამაკაცს ქალი კვებავს ენერგიით. ის ამას აკეთებს არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, არამედ მატერიალურ, მენტალურ, ემოციურ და სულიერ დონეზეც, ანუ ქალის აზრები და გრძნობები პირდაპირ აისახება მამაკაცზე, მის წარმატებებსა და წარუმატებლობებზე. თქვენი ცუდი განწყობა, დაქვეითებული თვითშეფასება, საინტერესო ჰობის/საქმის არქონა ძალებს ართმევს თქვენს მამაკაცს. აკონტროლეთ თქვენი აზრები და ბედნიერება აუცილებლად მოვა.
მამაკაცები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ მოსიყვარულე ოჯახი და ჩახუტება აბედნიერებთ. ქალური მოვალეობაა არ გადატვირთოთ. მიეცით საყვარელ ადამიანს დასვენების საშუალება.
ხშირად მამაკაცები იმის იმედით მუშაობენ, რომ მერე მისცემენ თავს დასვენების საშუალებას. ამბობენ, რომ უნდათ კონკრეტულ ადგილზე დასვენება და რომ ეს მათ მთელი წლის ენერგიას მისცემდა. დაეხმარეთ მას ამაში. თუ მას ზღვა უყვარს, ნუ წაიყვანთ მთაში და პირიქით.
ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: მამაკაცი, რომელსაც აინტერესებდა მრავალი რამ, იყო გატაცებული თავისი ჰობით. თქვენ ის ასეთი შეგიყვარდათ. ახლაც, როცა მისი ცოლი ხართ, არ აიძულოთ დათმოს თავისი საყვარელი საქმიანობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ მოვაკლებთ მამაკაცს იმას, რაც მას უყვარს ჩვენ ვამსხვრევთ მის მამაკაცურობას. შემდეგ კი თავად ვიტანჯებით ამის გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან