ქალი და კაცი

ყველა კაცი ერთნაირია

№46

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.11, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველა კაცი ერთნაირია, მათ არ შეუძლიათ ერთგულება, ღალატობენ ყველაზე ღირსეულებსაც კი, არ გააჩნიათ გრძნობები, არ აინტერესებთ რომანტიკა და პირადულ ურთიერთობებში მძაფრად არ გამოხატავენ ემოციებს, იმიტომ რომ ეს ემოციები საერთოდ არ გააჩნიათ... – ეს ის ბრალდებებია, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მამაკაცების მისამართით, მაგრამ არის კი ეს სიმართლე? ვიდრე სამყაროს ძლიერ მეორე ნახევარს განაჩენს გამოვუტანდეთ და იარლიყებს მივაწებებდეთ, აუცილებლად უნდა ვნახოთ, სადაა პრობლემის ფესვები

ის ფაქტი, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ გრძნობები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ გრძნობები საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში მათ გრძნობებს სიღრმე არ აკლია.

უბრალოდ, არსებობს მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი – ანუ, როგორ გავუგოთ მათ.

დავიწყოთ იმით, რომ ბიჭები გაცილებით სოციალური არსებები არიან. მათთვის ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას, სწორედ, სხვისი აღქმიდან ცდილობენ. ბავშვობიდან ესმით, რომ ბიჭები არ ტირიან, რომ ზედმეტი მგრძნობელობა არამამაკაცურია, სამარცხვინოა და ისინი პატარაობიდანვე ეჩვევიან ნამდვილი ემოციების დაფარვას, რადგან ამით მათ ავტორიტეტს საფრთხე ემუქრება.

იმის გამო, რომ მამაკაცები საკუთარ თავში ახშობენ ბევრ შეგრძნებასა და ემოციას, მათ სუსტად აქვთ განვითარებული უნარი გაუმკლავდნენ მათ. ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებს საკუთარი ემოციების გამოსახატავად.

მამაკაცები მხოლოდ იქ გამოავლენენ თავიანთ თავს სრულად, სადაც ამისათვის უსაფრთხო პირობები არსებობს და დარწმუნებულნი იქნებიან, რომ მათ გრძნობებს შესაბამისად აღიქვამენ. ნახეთ როგორ იქცევიან ისინი სპორტულ ღონისძიებებზე – ეხუტებიან ერთმანეთს, ულოცავენ წარმატებას, ამხნევებენ. ფეხბურთის, კალათბურთისა თუ ჰოკეის დროს სრულიად მისაღებია ემოციების გამოხატვა. იგივე მამაკაცი სხვა გარემოში, სავარაუდოდ, არასოდეს იქნება ამდენად გახსნილი.

ყველა კაცისთვის თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღიქვამენ სხვები მას, რა შთაბეჭდილებას ახდენს მათზე. წარუმატებელობა მამაკაცებს იმაზე მეტად ანადგურებს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ. ამ შიშის გამო ერიდებიან გონიერ ქალებსაც – მათზე ხომ შთაბეჭდილების მოხდება არც ისე მარტივია, შესაბამისად, პატივისცემის მოპოვებაც და როცა მამაკაცს ამის პირობები არ გააჩნია, გარბის კიდეც საყვარელი ადამიანისგან.

სიყვარული თვალებით

ყველას სმენია გამონათქვამი: მამაკაცს უყვარს თვალებით, ქალს კი – ყურებითო. შეესაბამება კი ეს გამონათქვამი სინამდვილეს?

ცნობილია, რომ ქალის ნაკვთები და მისი სხეულის უზადო ფორმები მხოლოდ 50 პროცენტით თუ განსაზღვრავს ქალის მიმზიდველობას, დანარჩენი მის სურვილზეა დამოკიდებული – იყოს ლამაზი და მამაკაცისთვის სასურველი თუ არა. ქალის გარეგნობის პიკანტური დეტალების შემჩნევის უნარი მამაკაცის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებაა. მიმზიდველად და მაცდუნებლად შემოსილი ქალი არცერთ მამაკაცს უყურადღებოდ არ დარჩება. ზოგიერთმა შესაძლოა, მასთან ნაცნობობაც კი მოინდომოს. ანუ მამაკაცის რეაქცია მართლაც მხედველობით შთაბეჭდილებებზეა დამოკიდებული. ქალისთვის უფრო სხვა თვისებებია შესამჩნევი, მაგალითად, ზნეობრიობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა და მოკრძალება.

ქალი მამაკაცისთვის დედის ხატებასთან ასოცირდება, რომლის შექებასა და წახალისებას მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, წარმატების მიღწევისას, მამაკაცებს მთელი ცხოვრება აქვთ ქალის შექების მოთხოვნილება.

გაგიკვირდებათ და, ბევრ კაცს ეშინია ლამაზი ქალების, რადგან ფიქრობს, რომ ასეთი ქალი უარყოფს მის სიყვარულს და დასცინებს. ამიტომ ბევრი მამაკაცი წინააღმდეგია იმისა, რომ მისი ქალი მიმზიდველი და ლამაზი იყოს, ჩაიცვას ეფექტური ტანსაცმელი და გაიკეთოს მკვეთრი მაკიაჟი. ამიტომაცაა, რომ ლამაზი, მიმზიდველი, თანამედროვე ქალები ხშირად მარტო რჩებიან.

ქალის თანაგრძნობა კაცს მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს და შეიძლება, მასთან დასაახლოებელი პირველი ნაბიჯიც კი გადადგას. ამიტომ მამაკაცები „უბრალო“ ქალების თაყვანისცემას ამჯობინებენ.

მამაკაცებს თვალებითაც თავისებურად უყვართ. თუ ზოგს ქალის მინიატურული ფორმები ხიბლავს, სხვები სრულ ქალებს ამჯობინებენ. ზოგს ახალგაზრდა გოგონები მოსწონს, ვიღაცებს კი – ბალზაკის ასაკის ქალები. შავი კოლჰოტი და ტანზე მომდგარი ჯინსი ზოგიერთი მამაკაცის აღფრთოვანებას იწვევს, სხვებს კი ეს უხამსობად და ცუდი ტონის მანიშნებლად მიაჩნიათ. მამაკაცების გემოვნების ასეთი მრავალფეროვნება კი ყველა ქალს აძლევს შანსს, იმ ერთადერთი მამაკაცის ყურადღება მიიპყროს, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი