ყურადღება, ზრუნვა, გაგება...
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 12.05
პარტნიორთა ურთიერთობა რთული და დინამიკური პროცესია, რომელიც მუდმივ ყურადღებას, ზრუნვას და ურთიერთგაგებას მოითხოვს.
დავიწყოთ და მივყვეთ ეტაპობრივად:
• ფულის ნაკლებობა ყოველთვის სერიოზული გამოცდაა ნებისმიერი ქორწინებისთვის. როცა მამაკაცი ვერ უზრუნველყოფს ოჯახსა და შვილებს, ქალი იძულებულია, რამდენიმე სამსახური მოიძიოს და დრო სამუშაოებსა და ოჯახზე გადაანაწილოს. რა თქმა უნდა, ეს იწვევს სტრესს, შფოთვასა და კონფლიქტს. არავის მოსწონს დივანზე მწოლიარე ქმარი, თუნდაც ის სხვა ასპექტებში კარგი იყოს;
• დაბალი თვითშეფასება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ნელა, მაგრამ აუცილებლად დაანგრევს ქორწინებას. დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი თავს ყოველთვის უკანა პლანზე აყენებს, რაც ქმარს დომინირებისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს, ეს მუდმივ სტრესსა და უკმაყოფილებას იწვევს;
• ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ქალი ურთიერთობაში საკუთარ თავს კარგავს და მთლიანად პარტნიორზე ხდება დამოკიდებული. ამ დროს მას ავიწყდება საკუთარი საჭიროებები, სურვილები და ინტერესები, რაც არა მარტო ინდივიდუალობის დაკარგვას იწვევს, არამედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ გადაწვასაც. ეს ნიშნავს იმასაც, რომ საკუთარი ბედნიერება პარტნიორის ბედნიერებაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ვერცერთი მხარე ვერ უძლებს ამას და ურთიერთობა სრულდება.
გაზარდე წარმატების შანსი
არ არსებობს კონკრეტული ფორმულა ან ნუსხა კონკრეტული ქმედებებისა, რომლის შესრულებითაც მიიღებთ გარანტირებულ შედეგს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. თუმცა, ყოველთვის შეიძლება გაზარდო საკუთარი წარმატების შანსი. მოდი, დავიწყოთ ზოგადი რჩევებით.
საფეხურები:
არსებობს ადამიანების სხვადასხვა ტიპი. მათ აქვთ განსხვავებული ინტერესთა სფერო, ასევე გემოვნებაც. იმისთვის, რომ თქვენს რჩეულზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, საჭიროა გაცნობისთანავე დაიწყოთ მისი პიროვნების შესწავლა. დროთა განმავლობაში ინტუიციის დონეზე უნდა მიხვდეთ, რა ტიპს მიეკუთვნება ის, რა სურს და ასე შემდეგ.
იყავით ყურადღებით და შეგეძლოთ მოსმენა. უსმინეთ და დაიმახსოვრეთ, თქვენვე მიხვდებით, თუ როდის, რა სიტუაციაში გამოიყენოთ მოსმენილი ინფორმაცია.
იზრუნეთ საკუთარ გარეგნობასა და სტილზე. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული ტანსაცმელი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გეცვათ და ბრენდული აქსესუარები გეკეთოთ, რომ ეფექტის მოხდენა შეძლოთ.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ხალხში ტრიალებთ და ვისთან მეგობრობთ. გაცნობისას თუ არა, ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე მაინც აუცილებლად მოგიწევთ, გააცნოთ პარტნიორს მეგობრები. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. შეეცადეთ პირველად ისეთ მეგობრებს შეახვედროთ, რომლებიც არიან მოზომილები, დახვეწილები და რა თქმა უნდა, პატივს გცემენ. როდესაც კარგი მეგობრები გყავთ და ისინი გაფასებენ, ეს უდიდესი პლუსია.
გაიცანით მისი სამეგობროც. ეს დაგეხმარებათ უფრო მეტი გაიგოთ მის შესახებ. თუ გინდათ, გამონახოთ საერთო ენა ადამიანთან, რომელიც მოგწონთ, აუცილებელია, მის ახლო გარემოცვაზე მოახდინოთ დადებითი ეფექტი.
იყავით თავდაჯერებული! თითქოს ბანალურად ჟღერს, მაგრამ გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ, რატომ გსურთ, როდის გსურთ. მტკიცე და ჩამოყალიბებული ხასიათი აღფრთოვანებას იწვევს. არ იკამათოთ, უბრალოდ, მოკლედ თქვით საკუთარი აზრი, შეეცადეთ, არ გამოჩნდეთ თვითკმაყოფილი სულელივით. თუ არ ხართ დარწმუნებული რიგი თემების ცოდნაში, არ შეეხოთ მათ. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბებული გქონდეთ, რა ტიპის ურთიერთობა გსურთ იმ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ.
გაითვალისწინეთ, პოზიტიური ადამიანები, რომლებსაც ჯანსაღი იუმორის გრძნობა აქვთ და მოზომილად საჭირო დროს, საჭირო სიტუაციაში მოსწრებულად ახერხებენ კითხვა-პასუხს, ყოველთვის პოპულარობით სარგებლობენ. სწორად შეარჩიეთ დრო, ადგილი და სიტუაცია საკუთარი ტალანტის წარმოსაჩენად.
ძნელად აღსაწერი…
სიყვარული არის გრძნობა, რომლის აღწერა სიტყვებით რთულია. ეს შეიძლება, იყოს ნაზი და ვნებიანი, უპასუხო და ორმხრივი, წარმავალი და მარადიული... სიყვარულს შეუძლია აამაღლოს ადამიანის განწყობა, მისცეს მას სიხარულისა და ბედნიერების განცდა, მაგრამ ამავე დროს შეიძლება, იყოს ტკივილისა და იმედგაცრუების წყაროც.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა. სიყვარული არის საჩუქარი, რომელიც უნდა დაფასდეს. სიყვარული არის ის, რაც ჩვენს ცხოვრებას აზრს აძლევს და სრულყოფილს ხდის.
სიყვარულს ვერავინ გვასწავლის. აქამდე ასე იყო. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ სიყვარული რაღაც არამიწიერ ცნებად ან მთელი რიგი კლიშეების სახით წარმოვიდგინოთ, კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაც სიყვარულის სწავლისა და მისი განმტკიცებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაგვეხმარება.
სიყვარულის წესები:
* ერთმანეთის საჭიროებების გაგება და ზრუნვა;
* პარტნიორის მოთხოვნილებების საკუთარზე წინ დაყენების სურვილი;
* გათავისუფლება უკმაყოფილებისა და ბრაზისგან;
* ღიაობა და გულწრფელობა ურთიერთობაში;
* პარტნიორის აზრის გაგება და მიღება;
* პარტნიორის ნდობა და მისი განზრახვების რწმენა;
* ურთიერთობაში არსებული სიკეთის აღიარება და დაფასება.
სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, არამედ მოქმედებაა. ურთიერთობები მოითხოვს შრომას და ძალისხმევას. მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ პატიება და დაივიწყოთ წყენა. კომუნიკაცია ძლიერი ურთიერთობის გასაღებია. იმის მადლიერება კი, რაც გაქვთ, აძლიერებს სიყვარულს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან