ქალი და მამაკაცი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.09

მამაკაცს სჭირდება ხიფათი და თამაში. ქალი კი მას სჭირდება, როგორც სახიფათო სათამაშო, – ამბობდა ნიცშე.
როცა ადამიანი გიყვარდებათ ან, უბრალოდ, მოგწონთ, ბუნებრივია, მისი მოხიბვლაც გინდათ. ცდილობთ, როგორმე მისი ყურადღება მიიპყროთ. და აი, მთავარი კითხვა, მაინც როგორი ქალები იზიდავთ კაცებს ყველაზე მეტად?
მათ ძალიან ხიბლავთ გამოუცნობი, საინტერესო, არაპროგნოზირებადი ქალები. თუნდაც, ურთიერთობა უკვე წლებს ითვლიდეს, არ დაკარგოთ ენთუზიაზმი და კვლავ შეეცადეთ, მასზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. სხვაგვარად ურთიერთობა ჩვეულებრივი და მოსაწყენი გახდება. გაუფერულდება ის შეგრძნებები და ვნებები, რომლებიც ადრე ამ კავშირს ალამაზებდა. თქვენ კი, უბრალოდ, მოგიწევთ, გაახმოვანოთ ის ცნობილი აზრი, რომ არაფერია მუდმივი და სიყვარული ძალიან მალე ვალდებულებაში გადადის. მოხიბლეთ და დააინტრიგეთ ისევ და ისევ, რაც იქნება გარანტი, რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ.
ზოგჯერ არც ისე მარტივია მამაკაცის ცნობისმოყვარეობის მრავალჯერადად გაღვიძება, მაგრამ თუ თქვენ გაითვალისწინებთ რჩევებს და გამოიყენებთ მათ, თქვენს ურთიერთობას დრო და ყოველდღიურობა ვერაფერს დააკლებს.
თვალებით კონტაქტი
მზერა ყოველთვის გაცილებით სრულყოფილად გამოხატავს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს, ვიდრე საათობით საუბარი. ამიტომ, როცა ვინმე მოგწონთ, პირველ რიგში, ეს მზერით აგრძნობინეთ.
როდესაც ფსიქოლოგები შეისწავლიდნენ თვალებით კონტაქტის ძალას, ჩაატარეს ერთი ექსპერიმენტი: ქალსა და მამაკაცს რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთმანეთისათვის თვალები უნდა გაესწორებინათ. 1-2 წუთი საკმარისი აღმოჩნდა პირველი შეგრძნებების გასაჩენად. საქმე ისაა, რომ როცა ვინმე დაჟინებით გიყურებთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონებს. სწორედ ამიტომ, თვალებში ცქერა ყველაზე ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოსახატავად. ასე შეძლებთ, სასურველ ადამიანს გაუღვიძოთ ინტერესი თქვენ მიმართ. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი: მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ეუხერხულება პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, თქვენ კი შეგიძლიათ, ის მზერით წაახალისოთ. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ბუნებრივად? მაგალითად, როცა ვინმეს ესაუბრებით, თითქოს შემთხვევით რამდენჯერმე „გაუყარეთ თვალი თვალში“. ამას მართლაც შესამჩნევი ეფექტი ექნება.
ყოველთვის მოუსმინეთ ყურადღებით
სულაც არ არის აუცილებელი, რომ მის მიერ გამოთქმული ნებისმიერი აზრით მოხიბლული დარჩეთ, აქ მთავარია, იგრძნოს თქვენი ყურადღება და ინტერესი დეტალების მიმართაც კი. თუ რამდენიმე თვის შემდეგ ამ დეტალებს გაახსენებთ, თქვენ მის გულს საბოლოოდ მოიგებთ.
მოსმენის ხელოვნებას ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს, მაგრამ თუ ჯანსაღი ურთიერთობა გსურთ, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მისი განვითარება. გამოიყენეთ თქვენი სხეული იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ყურადღებით უსმენთ – ოდნავ დააქნიეთ თავი, როცა ეთანხმებით, ასევე ჟესტით მიანიშნეთ, რომ თანაუგრძნობთ.
გადამწყვეტია დისტანციაც – საუბრის დროს ზედმეტი სიახლოვე ცოტა აგრესიულად აღიქმება, დიდი დისტანცია კი ინდიფერენტულობას უსვამს ხაზს, ამიტომ აირჩიეთ ზომიერი პოზიცია.
იყავით საქმიანი და ცოტათი მიუწვდომელი
აგრძნობინეთ, რომ მის გარდა სხვა გეგმებიც გაქვთ. არც ის იქნება კარგი, თუ მის ზარებსა თუ ტექსტურ შეტყობინებებს ყოველ ჯერზე დააიგნორირებთ. ასე ის ნელ-ნელა დაკარგავს ინტერესს თქვენ მიმართ და იპოვის ვინმე სხვას, ვისთანაც კომუნიკაციის დამყარება არ გაუჭირდება. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება, დაუგვიანოთ პასუხის გაცემა მესიჯზე ან მაშინვე არ უპასუხოთ სატელეფონო ზარს.
მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად შეგიძლიათ, გამოიყენოთ მოგზაურობის დროს შეგროვილი ნადავლი – სხვადასხვა სუვენირები, ახალი ფოტოები… მას შეექმნება აზრი, რომ თქვენ საინტერესო და აქტიური ადამიანი ხართ.
ნუ გაუზიარებთ ყველაფერს. უმჯობესია, ისაუბროთ ნაკლებად და დააკვირდეთ მეტად.
უმჯობესია, თუ ბოლომდე არ გაიხსნებით, ნუ გამოფენთ თქვენი ცხოვრების ყველა დეტალს. ნაცვლად ამისა, ისაუბრეთ ორივე თქვენგანისთვის საინტერესო თემებზე, რაიმე ზოგად საკითხზე – ცხოვრებაზე, ჰობიზე, პრობლემებზე, სპორტზე, პოლიტიკაზე. შეხედულებები სხვადასხვა თემაზე გაცილებით ღირებულ ინფორმაციას მოგაწვდით ერთმანეთის შესახებ, ვიდრე თქვენი ინდივიდუალიზმის სიტყვიერი აღწერა.
ნუ გასცემთ ბევრ ინფორმაციას საკუთარ თავზე. ეს მას დააინტრიგებს, თანაც, თუ მოახერხებთ, ბუნებრივად ისე გაწყვიტოთ წინადადება, რომ აზრი არ დაასრულოთ ან ორაზროვანი იყოს, ისე დაინტერესდება, რომ კითხვებს ვერ აუხვალთ. თქვენი იდუმალება მის ცნობისმოყვარეობას აღძრავს.
საკმაოდ დიდი გამოწვევაა, დააინტერესო მამაკაცი, თანაც ისე, რომ მას არასოდეს გაუქრეს ეს ინტერესი. ყველაფერი, რაც ამისათვის დაგჭირდებათ, არის საკუთარი თავის პოვნა და ინდივიდუალიზმის განვითარება.
გაითვალისწინეთ ყველა ეს რჩევა და თქვენ ნამდვილად მოახერხებთ ბედნიერი ურთიერთობის აშენებას თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...