ქალი და კაცი

გზა მის გულამდე

№32

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 22.08, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

პაემანზე წასვლის წინ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე არავინ მიდის. თუმცა, ალბათ, შეგინიშნავთ, ზოგიერთი ქალი უფრო ადვილად რომ ახერხებს კაცების გულის მონადირებას და ხშირად – მასზე ბევრად უფრო ლამაზ ქალებზე ადვილადაც კი. ეს იმიტომ, რომ ისინი კარგად ერკვევიან წესებში.

თავის შეყვარების სამ ეტაპს გამოვყოფთ – ჯერ ყურადღება უნდა მიიქციო, მერე დააინტერესო და ბოლოს თქვენთან ურთიერთობის სურვილი გაუჩინო.

ჩვენ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ და უკვე ბევრჯერ ნაცად გზებს გთავაზობთ, რომლებიც აუცილებლად მიგიყვანენ თქვენი რჩეულის გულამდე:

სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე არავინ ინტერესდება საპირისპირო სქესის მომხიბლავი აზრებით, მიზიდულობა სხეულებრივ დონეზე ხდება. ჩვენ ერთმანეთთან გარკვეულ იმპულსებს ვგზავნით.

სანამ რამეს ეტყოდეთ, არავერბალურ ენაზე სცადეთ გაესაუბროთ. განსაკუთრებით ეფექტურია თვალებით თამაში. ამბობენ, დიდხანს თვალებში ყურებით შესაძლოა, ადამიანი შეგიყვარდესო, გამოიყენეთ ეს მაგია.

ფსიქოლოგების აზრით, მსგავსება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანით მოხიბვლის საქმეში. „მსგავსები ერთმანეთს იზიდავენ“ – ეს კოსმიური კანონია. ჩვენ გვიყვარს ჩვენნაირები. ვეძებთ ჩვენნაირებს. როცა ვინმესთან ძალიან ბევრ საერთოს ვპოულობთ, მუცელი პეპლებით გვევსება.

პირველი შეხვედრისას ქამელეონის ეფექტი სცადეთ: აითვისეთ მისი მოძრაობები, ჟესტები, ტერმინები, მიმიკები და მერე მასთან საუბრისას გამოიყენეთ. ოღონდ ეცადეთ, არ „დაიწვათ“. რასაც უნდა აკეთებდეს, აჰყევით. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მის აჩრდილს უნდა დაემსგავსოთ.

ყველაზე მეტად საერთო ინტერესები წაგადგებათ. თუკი ორივე დადიხართ ბიბლიოთეკაში, საცურაო აუზზე ან, უბრალოდ, ერთსა და იმავე კაფეში... შესანიშნავი ვარიანტი იქნება. თუმცა ზომიერება აქაც დაიცავით, სადაც „დაჩექინდება“, ყველგან თავზე თუ დაადგებით, აუცილებლად დაფრთხება. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და „შემთხვევითი“ უნდა იყოს.

საიდუმლოს გამხელა, გულის გადაშლა, ნდობა უკვე შეიძლება, ურთიერთობის დაწყების საფუძვლად ჩაითვალოს. ძალიან უბრალო რამეებით დაიწყეთ – თქვენი ოჯახით, მეგობრებით, მერე კი პიროვნების გახსნაზე გადადით, ისაუბრეთ იმაზე, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ… დაუსვით შეკითხვები და ეცადეთ, ორივემ ისაუბროთ.

სულ მასზე ფიქრობთ, მასთან ყოფნა გინდათ, მაგრამ ეს ეიფორია დიდხანს არ გრძელდება და ერთ ორ თვეში სულ სხვა რეაქციები ჩაანაცვლებს. თუ გინდათ, ის ქიმია ცოტათი მაინც შეინარჩუნოთ, ხშირად ჩაეხუტეთ.

საინტერესო ადამიანი ნიშნავს ადამიანს, ვისთან ყოფნაც საინტერესოა. აკეთეთ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიხარიათ, რაც ბედნიერებას განიჭებთ. ბედნიერი ადამიანი ძალიან მომხიბლავია.

როცა შეგიყვარდებათ

როცა ადამიანი შეგიყვარდებათ, ბუნებრივია, მისი მოხიბვლაც გინდათ. ცდილობთ, როგორმე მისი ყურადღება მიიპყროთ.

მაინც როგორი ქალები იზიდავთ კაცებს ყველაზე მეტად? – სწორედ, ესაა მთავარი შეკითხვა, რომელზეც შევეცდებით ვუპასუხოთ.

კაცებს ძალიან ხიბლავთ გამოუცნობი, საინტერესო, არაპროგნოზირებადი ქალები. ამიტომ, თუნდაც თქვენი ურთიერთობა უკვე წლებს ითვლიდეს, მაინც ყოველთვის უნდა ეცადოთ, მასზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. სხვაგვარად ურთიერთობა მოსაწყენი გახდება. თქვენ კი, უბრალოდ, მოგიწევთ გაახმოვანოთ ის ცნობილი აზრი, რომ არაფერია მუდმივი და სიყვარული ვალდებულებაში გადადის. მოხიბლეთ და დააინტრიგეთ ისევ და ისევ, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ ის არასოდეს მიგატოვებთ.

თუმცა, ზოგჯერ არც ისე მარტივია მამაკაცის ცნობისმოყვარეობის მრავალჯერადად გაღვიძება, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე რჩევას და გამოიყენებთ, თქვენს ურთიერთობას დრო და ყოველდღიურობა ვერაფერს დააკლებს.

✔️თვალებით კონტაქტი

მზერა ყოველთვის გაცილებით სრულყოფილად გამოხატავს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს, ვიდრე საათობით საუბარი. ამიტომ, როცა ვინმე მოგწონთ, პირველ რიგში, ეს მზერით აგრძნობინეთ. საქმე ისაა, რომ როცა ვინმე დაჟინებით გიყურებთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონებს. სწორედ, ამიტომ თვალებში ცქერა ყველაზე ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოსახატავად, ასე შეძლებთ, სასურველ ადამიანს გაუღვიძოთ ინტერესი თქვენ მიმართ.

✔️ყოველთვის მოუსმინეთ ყურადღებით

იყო კარგი მსმენელი ნამდვილი ხელოვნებაა. ეს უნარი თქვენ მოგცემთ საშუალებას მიიზიდოთ და მოხიბლოთ სასურველი ადამიანი. მთავარია დაინახოს თქვენი ყურადღება და ინტერესი დეტალების მიმართაც კი. ამ დროს აქტიურად გამოიყენეთ სხეულის ენა.

✔️იყავით ცოტათი მიუწვდომელი

ნუ გაიქცევით სიხარულით მის პირველივე დაძახებაზე, აგრძნობინეთ, რომ მის გარდა სხვა გეგმებიც გაქვთ. ეს ტაქტიკა შეგიძლიათ, გამოიყენოთ დროდადრო, ისიც სასურველი ადამიანის ინტერესების სტიმულირებისთვის. ზოგჯერ მესიჯზე პასუხის გაცემაც კი დაუგვიანეთ, ან მაშინვე არ უპასუხოთ სატელეფონო ზარს. მცირე დოზებით ამის კეთება მის თვალში საქმიანი და დამოუკიდებელი ადამიანის იმიჯს შეგძენთ.

✔️ნუ გაუზიარებთ ყველაფერს. ისაუბრეთ ნაკლებად და დააკვირდით მეტად

ქალები ბევრს ლაპარაკობენ და მეტწილად საკუთარ პირად ცხოვრებაზე. მაშინ, როცა კაცებს სულაც არ აღაფრთოვანებთ ქალების ეს თვისება. უმჯობესია, თუ ბოლომდე არ გაიხსნებით, თქვენი მოსაზრებები ძირითად საკითხებზე უნდა კვეთდეს ერთმანეთს, რომ საერთოდ შედგეს ურთიერთობა. ეცადეთ, რაც შეიძლება, მეტი გაიგოთ მისი ცხოვრების შესახებ.

✔️ნუ გამოხატავთ გრძნობას გადაჭარბებული ფორმებით

თუ მუდმივად აღფრთოვანებული ხართ თქვენი ინტერესის ობიექტით და ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე აგრძნობინეთ, იგი დაკარგავს აზარტს და მოტივაციას თქვენს მოსანადირებლად. არ აჩვენოთ საკუთარი აღტაცება, უბრალოდ, დაუფასეთ და იყავით მადლიერი. ანუ, დააფასეთ ყველაფერი, მაგრამ არ გადააჭარბოთ ნორმას. ეს იქნება საუკეთესო მოტივატორი მისთვის – ეცდება თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და კიდევ მეტად გაგანებივროთ.

მთავარი წესი კი ისაა, რომ იყოთ გულწრფელი და ნამდვილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი