ქალი და კაცი

გვიზიდავს ის, ვინც გვტკენს

№25

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ თავს ხშირად უსვამენ, განსაკუთრებით იმ ურთიერთობების შემდეგ, რომლებმაც ტკივილი დაუტოვეს: რატომ მიზიდავს ადამიანი, რომელმაც უკვე მატკინა?

ერთი შეხედვით, პასუხი მარტივი უნდა იყოს. ადამიანი ბუნებრივად გაურბის იმას, რაც ტკივილს აყენებს. მაგრამ როცა საქმე ემოციურ კავშირებს ეხება, ყველაფერი გაცილებით რთულდება. ხშირად სწორედ ის ადამიანები გვიზიდავენ ძლიერად, ვინც ყველაზე მეტ შინაგან არეულობას გვიქმნის.

რატომ ხდება ასე?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიზიდულობა ყოველთვის არ ნიშნავს ჯანმრთელ კავშირს. ზოგჯერ ის, უბრალოდ, ნაცნობი ემოციური სცენარის გამეორების მცდელობაა.

თუ ადამიანი ბავშვობიდან მიჩვეული იყო არასტაბილურ სიტუაციებს – სიყვარულს, რომელიც ხან იყო და ხან არა, ყურადღებას, რომელიც ხან უხვად მოდიოდა და ხან საერთოდ ქრებოდა — მისი ფსიქიკა სწორედ ასეთ მოდელს აღიქვამს „ნამდვილ გრძნობად“. ამის გამო ზრდასრულ ასაკში სიმშვიდე შეიძლება, მოსაწყენად ეჩვენოს. ხოლო ქაოსი – ვნებად.

ამ დროს ვუშვებთ დიდ შეცდომას:

ტკივილს ვეძახით სიყვარულს. ადამიანი თითქოს დამოკიდებული ხდება იმ მცირე მომენტებზე, როცა ყურადღებას იღებს. ეს ემოციური ატრაქციონია.

რეალურად კი, ხშირად საქმე გვაქვს არა სიყვარულთან, არამედ ემოციურ დამოკიდებულებასთან. ხშირად გვიზიდავს ის, ვინც შინაგანად რაღაც დაუმთავრებელს გვახსენებს. შეიძლება, ეს იყოს ბავშვობაში მიუღებელი აღიარება. დეფიციტური სითბო. განუსაზღვრელი სიყვარული. ასეთ დროს ადამიანი ქვეცნობიერად ცდილობს, პარტნიორთან „გამოასწოროს“ ძველი ტკივილი. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ასეთ ურთიერთობებში ხშირად ადამიანი საკუთარ ღირებულებას სწორედ იმ ადამიანის აღიარებით ზომავს, ვინც მას ყველაზე ნაკლებად აღიარებს. ის იწყებს ბრძოლას ყურადღებისთვის. ცდილობს, მეტად მოეწონოს მას, მეტი შექება დაიმსახუროს და ვერც კი ამჩნევს, როგორ გადადის სიყვარული თვითდამტკიცების პროცესში. ჯანსაღ ურთიერთობაში არ გჭირდება მუდმივად აღიარება. თუ ურთიერთობა მუდმივად გტკენს, მაგრამ მაინც ვერ შორდები, ღირს საკუთარ თავს დაუსვა რთული კითხვა: ეს სიყვარულია?

დიახ, ნამდვილი სიყვარული არ გაიძულებს, საკუთარ ღირებულებაში ეჭვი შეგეპაროს, არ გახდის შენს სიმშვიდეს მის განწყობაზე დამოკიდებულს.

სანამ ამას ვერ ვარჩევთ, ისევ და ისევ გვიზიდავს ის, ვინც გვტკენს.

რატომ იციან მათ შენზე ყველაფერი და ცოტა მეტიც

ყველა კაცს ერთხელ მაინც გაუგონია ფრაზა: „დაქალებს ვუთხარი“... და ამ მომენტში რაღაც უცნაური შფოთვა ჩნდება – თითქოს პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის თემად იქცა. მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ – ცოლის დაქალები არ არიან „ინფორმაციის გამტარები“. ისინი არიან ის ადამიანები, ვისთანაც ქალი საკუთარ თავს ფილტრების გარეშე აჩვენებს... და, სხვათა შორის, ეს ძალიან ჯანსაღია.

როცა ქალი დაქალებთან ზის, იქ არ არის საჭირო წარმოჩინდეს როგორც ძლიერი. გააკეთოს სწორი გადაწყვეტილებების იმიტაცია ან „ჩართოს“ მუდმივი კონტროლი. იქ შეიძლება, თქვა: „დღეს ყველაფერი არასწორად გავაკეთე“ – და პასუხად არ მიიღებ კრიტიკას, არამედ გაგებას.

იუმორით თუ შევხედავთ, დაქალები ერთგვარი „რეალობის სარკეა“ – ისინი შეგახსენებენ, რომ შენი იდეალური ისტორია ყოველთვის ისეთი იდეალური არ არის და ზოგჯერ სწორედ მათი ირონიული შენიშვნა უფრო მუშაობს, ვიდრე სერიოზული რჩევა.

ხშირად ამბობენ, რომ დაქალები „გავლენას ახდენენ“ ურთიერთობაზე. ეს სიმართლეა. მაგრამ ეს გავლენა ყოველთვის ნეგატიური არ არის. კარგი დაქალები გეხმარებიან, რომ საკუთარ თავთანაც და პარტნიორთანაც უფრო გულწრფელი იყო.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი — დაქალები ხშირად იმაზე მეტს ამჩნევენ, ვიდრე თავად ქალი. ისინი ხედავენ ცვლილებებს, ტონს, ემოციებს… და ზოგჯერ პირველები არიან, ვინც გეუბნებიან: „აქ რაღაც კარგად ვერ არის“.

შედეგად, ცოლის დაქალები არ ანგრევენ ურთიერთობებს – ისინი ან ამყარებენ მათ ან, უბრალოდ, გაჩვენებენ რეალობას ისე, როგორც არის.

ასე რომ, თუ ერთხელ მაინც გაგიჩნდათ კითხვა: „რატომ სჭირდება მას დაქალები“, პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ზოგჯერ ქალს სჭირდება ადგილი, სადაც, უბრალოდ, შეუძლია იყოს ის, ვინც არის… და ცოტა გაიცინოს კიდეც საკუთარ თავზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი