ქალი და კაცი

გენდერი და სტატისტიკა

№19

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.05

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

გენდერული თანასწორობა საქართველოში თითქმის მიღწეულია. თუმცა საინტერესო სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს, თავად განსაჯეთ.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

• კაცების 30% და ქალების 16% მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები;

• ქალების 66%-ისა და კაცების 43%-ის აზრით, ქალებს, კაცებთან შედარებით, მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ კარიერული წინსვლისთვის;

• კაცების მხოლოდ 36%, ხოლო ქალების 83% მიიჩნევს, რომ მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის;

• ათიდან ოთხი გამოკითხული (41%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოში ქალების დისკრიმინაცია გავრცელებული პრობლემაა“.

• 56% ფიქრობს, რომ სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს;

• გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ მას ოჯახი ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელშეწყობაში ქალი და კაცი სხვადასხვა რამეს გულისხმობდნენ, მაგალითად, ქალისთვის ისიც ხელშეწყობაა, როცა ქმარი „არ გამოთქვამს პრეტენზიას დაულაგებელი სახლის ან გაუკეთებელი სადილის გამო“.

გამოკითხულები ეთანხმებიან, რომ:

• საბოლოო სიტყვა ოჯახში გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კაცს უნდა ეკუთვნოდეს – ქალების 5.9%, მამაკაცების 25.0%;

• კარგი ქალი არასდროს დააყენებს ქმრის აზრებსა და გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ, იმ შემთხვევაშიც, თუ არ ეთანხმება მას – ქალთა 7.7%, მამაკაცების 17.3%;

• კაცს სჭირდება სხვა ქალები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოლთან კარგი ურთიერთობა აქვს – ქალების 4.2%, მამაკაცების 11.0%;

• მარტოხელობას ცუდ ქორწინებაში ყოფნა სჯობია – ქალების 5.6%, მამაკაცების 9.7%.

ვინ არის, რა არის, რა უყვარს...

ვინ არის, რა არის, რა უყვარს... დიახ, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია და სხვათა შორის, მამაკაცები აღმერთებენ ჭირვეულ, კაპრიზულ ქალებს.

ვიღაცები სიყვარულს ტანჯვის დონით საზღვრავენ, ხოლო ჯანმრთელი სიყვარული ისაა, თუ რამდენად ხარ ბედნიერი ამ ურთიერთობაში.

მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „დედიკოს კალთაში ზის“, მხოლოდ იმასთან მიდის, ვისი თვალებიც მოწონების სიგნალს უგზავნის. ჯანმრთელი მამაკაციც ბავშვივითაა. ის მიდის ქალთან, რომელიც მას უღიმის და თვალებში უყურებს.

გახსოვდეთ: მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული.

ქალმა ურთიერთობებში არასდროს უნდა მოითმინოს ის, რაც არ მოსწონს. ამის შესახებ მაშინვე უნდა თქვას და თუ მამაკაცი არ იცვლება, მას უნდა დაშორდეს.

სერიოზულ და სანდო მამაკაცებს, როგორც ბავშვებს, მოსწონთ, როცა ქალს თავისი ხასიათი აქვს.

დაიმახსოვრეთ:

• თუ ერთი ადამიანი მეორეს მთელ სამყაროს უცვლის, ეს ნიშნავს, რომ თავისი სამყარო მას, უბრალოდ, არ გააჩნია;.

• მარტოობა – ეს ირგვლივ სიყვარულის არარსებობა არაა. ესაა ინტერესის არარსებობა საკუთარი თავის მიმართ, თანაც ბავშვობიდან;

• თუ გიყვართ, ღელავთ – მაშინ სხვა არაფერი აღარ არსებობს.

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანმრთელ ადამიანსა და „ნევროტიკს“ შორის? ჯანმრთელი ადამიანიც იტანჯება, მაგრამ რეალური ისტორიების გამო, „ნევროტიკი“ კი – მოგონილი ისტორიების გამო. და თუ ტანჯვა არ ჰყოფნის, ნარკოტიკს ან ალკოჰოლს იშველიებს.

თუ არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, მისი ქცევის გამართლების ძებნა არ ღირს.

ზედმეტი მოკრძალება და თავმდაბლობა ნამდვილად არ არის კარგი. სწორედ დაკომპლექსების, საკუთარ თავში ეჭვებისა და დაბალი თვითშეფასების გამო ცხოვრობს გოგონა სექსისა და ურთიერთობების გარეშე, თან არა იმიტომ, რომ ის შეუხედავია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ცუდად ექცევა.

თავდაჯერებული ქალი

თავდაჯერებულობა და თვითშეფასება დიდ როლს თამაშობს ცხოვრებაში. გეტყვით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს თავდაჯერებულ ქალს.

მაშ, ასე:

თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულ ქალს ყოველთვის სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. იცის, როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და გამოხატოს თავისი აზრები. მას, ასევე, სჯერა წარმატების მიღწევის, რაც მას ნებისმიერ სიტუაციაში თავდაჯერებულს ხდის.

თვითშეგნება

თავდაჯერებული ქალი ნათლად ხედავს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ესმის მისი მიზნები, საჭიროებები, სურვილები და მათზე თავისუფლად ლაპარაკობს. ასეთმა ქალმა იცის, ვინ არის და რისი მიღწევა შეუძლია.

დამოუკიდებლობა

თავდაჯერებულ ქალს აქვს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. მას არ ეშინია პასუხისმგებლობა აიღოს თავის გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე. სჯერა წარმატების მიღწევის.

ემოციური სიმტკიცე

ემოციების მართვის უნარი სავალდებულო თვისებაა. თავდაჯერებული ქალი არ აძლევს უფლებას ნეგატიურმა აზრებმა ან სიტუაციებმა გავლენა მოახდინონ მის შინაგან განწყობასა და დასახულ მიზნებზე. მას აქვს უნარი იპოვოს სტრესის მართვის გზები.

პრაგმატიზმი

ასეთი ქალი ცხოვრებას პრაგმატულად უდგება. მან იცის, რომ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილია და ახერხებს, მოერგოს ცვლილებებს. ეძებს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს, იყენებს თავის რესურსებს და ვერ აჩერებს დაბრკოლებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა