ქალი და კაცი

გაუფრთხილდით სიყვარულს

№25

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 02.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

საყვარელ ადამიანზე დაქორწინება დიდი ბედნიერებაა, თუმცა ძალზე საპასუხისმგებლო ტვირთიც. კარგია, თუ წინასწარ გეცოდინებათ, რა სირთულეები შეიძლება, შეგხვდეთ ცოლქმრული ცხოვრების რთულ გზაზე, ანუ როგორ გადაარჩინოთ თქვენი ოჯახური ბედნიერება. ეს რჩევები ახალბედებს უთუოდ გამოგადგებათ:

👉გაუფრთხილდით ოჯახს ისე, როგორც, მაგალითად, საკუთარ ჯანმრთელობას. ალბათ, არასოდეს იფიქრებთ ასე: „თუნდაც მძიმედ გავხდე ავად, საშიში არაფერია – ეს ხომ წვრილმანია”. გადაიტანეთ ეს პრინციპი ოჯახზეც. არასოდეს წამოიწყოთ საუბარი განშორებასა და განქორწინებაზე – ეს თქვენ და თქვენს მეუღლესაც ქვეცნობიერად ასეთი ნაბიჯისკენ გიბიძგებთ;

👉 ისეთ სერიოზულ საქმეში, როგორიც ოჯახური ცხოვრებაა, დიდ როლს ასრულებს ძალიან არასერიოზული ფაქტორი – იუმორის გრძნობა. ხოლო თუ შეძლებთ, საკუთარ თავს დასცინოთ, ეს მრავალი წყენისგან გიხსნით;

👉ზოგჯერ გვეჩვენება, რომ საყვარელ ადამიანს ისე კარგად ვიცნობთ, მისი ნებისმიერი საქციელის მიზეზი უფრო უკეთ გვესმის, ვიდრე თვითონ მას. „შენ ყველაფრით უკმაყოფილო ხარ, იმიტომ, რომ ძალიან დაიღალე“, „არ დამირეკე, იმიტომ, რომ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდა“ – ასეთმა ფიქრებმა რომ არ დაგიპყროთ და ორაზროვანი სიტუაციები არ შეიქმნას, უფრო ხშირად მოუსმინეთ მეუღლეს და ნაკლები გასაქანი მიეცით თქვენს ფანტაზიას;

👉თუ ოჯახური ცხოვრება დროდადრო რამით არ გამოაცოცხლეთ, სტაბილურობა თანდათან მოწყენილობად იქცევა. შემოიღეთ ახალი ტრადიციები, შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, ინტერიერი მაინც. ხშირად მიაწოდეთ მეუღლეს საკუთარი იდეები და მისიც აიტაცეთ. ინტერესების სრული თანხვედრა შესანიშნავია, მაგრამ, სამწუხაროდ, იშვიათი. ადამიანები სხვადასხვანაირნი არიან. ნუ დაივიწყებთ ამას. თუნდაც მეუღლის ჰობი არც ისე სასიამოვნო მოგეჩვენოთ, მაინც ნუ გააკრიტიკებთ – გატაცებას ხომ ადამიანის შინაგანი სამყაროს დიდი ნაწილი უჭირავს. სასიამოვნოა, როცა ახლობლებს ესმით ჩვენი და უხარიათ ჩვენი წარმატება. ეცადეთ, იპოვოთ ის, რაც გაგაერთიანებთ;

👉ოჯახური კეთილდღეობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი ხალხი დადის თქვენთან. იყავით თბილი, ხელგაშლილი და გულღია დიასახლისი, მაგრამ ფართოდ ნუ გაუღებთ თქვენი სახლისა და გულის კარს მათ, ვინც არ აფასებს ოჯახურ კერას. თუ თქვენს მეგობრებს ბედნიერი ოჯახი აქვთ, ეს პოზიტიურად განაწყობს მთელ თქვენს სამეგობროს, ხოლო თუ ზოგიერთი მარტოხელაა, ზოგიერთი კი – განქორწინების ზღვარზე, უნებურად შესაძლოა, არცთუ სასიამოვნო აზრები გაუჩნდეთ:

👉იდეალური ადამიანები არ არსებობენ – ეცადეთ, ხშირად გაიხსენოთ ეს უბრალო ჭეშმარიტება. როგორც არ უნდა გტკენდეთ გულს ახლობლების უტაქტობა, ეცადეთ, საღად შეაფასოთ მათი საქციელი, ნუ გააზვიადებთ. ასეთი ტაქტიკა დაგეხმარებათ, ოჯახში შეინარჩუნოთ ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი და თავიდან აიცილოთ უაზრო სკანდალები.

საიდუმლო ამოხსნილია

მარადიული ოჯახური ბედნიერების საიდუმლო ამოხსნილია. თუ ქმართან პრობლემები გაქვთ და თქვენი ქორწინება ბეწვზე კიდია, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

👉 არ სცადოთ ერთმანეთის შეცვლა – საყვარელი ადამიანი მიიღეთ ისეთი, როგორიც არის, მაშინაც კი, თუ სახლში შემოსვლისთანავე უმისამართოდ ისვრის ქურთუკს, ფეხსაცმლით დადის საძინებელში, არ ასუფთავებს სააბაზანოს, თავის ადგილას არ აბრუნებს ნივთებს და მოკლედ... წარმოუდგენელია, ბედნიერად იგრძნოთ თავი, თუ სიყვარულის გამო კომპრომისზე წასვლა არ შეგიძლიათ;

👉 მოთხოვნას თხოვნის ფორმა მიეცით – თუ გსურთ, რომ რაღაც დაავალოთ, მაგალითად, ონკანის შეკეთება, არ დაგავიწყდეთ სიტყვა „გთხოვ“. მოიშორეთ იმპერატიული ტონი და იყავით მოსიყვარულე. აგრძნობინეთ ცოლს/ქმარს რომ მადლიერი ხართ;

👉ხშირად გაიხსენეთ თქვენს ურთიერთობაში ბედნიერი მომენტები – სჯობს კონცენტრაცია პლუსებზე მოახდინოთ. მას ხომ თქვენი გაცინება შეუძლია, თქვენზე ზრუნავს, რთულ მომენტებში გვერდში გიდგათ, გისმენთ, რჩევას გაძლევთ, არასდროს ავიწყდება თქვენი დაბადების დღე, მის ცხოვრებაში პირველი ადგილი გიკავიათ... ასე არაა? არა უშავს, ნუ ცდილობთ, თქვენი ურთიერთობა იდეალური გახადოთ. სრულყოფილება მომაბეზრებელია;

👉 ყოველთვის მხარში დაუდექით – ყველას გვჭირდება საყრდენი, სანამ თქვენს ცოლს/ქმარს თქვენი იმედი ექნება, სიყვარული არ განელდება. არ დასცინოთ მის შიშებს, შფოთვა სისუსტეში არ ჩაუთვალოთ, უფლება მიეცით, იტიროს და ემოციებისგან გათავისუფლდეს;

👉არ მოდუნდეთ – თუ მოდუნდებით, ურთიერთობაში კრიზისი დაიწყება. იარეთ პაემნებზე, ერთმანეთი სიურპრიზებით გაახარეთ, ხშირად გაუმეორეთ ცოლს/ქმარს, რომ გიყვართ და ძალიან ძვირფასია თქვენთვის;

👉 არ დაგავიწყდეთ სიყვარულის გამოხატვა – დღეში რამდენჯერმე ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს. მსგავსი ფიზიკური კონტაქტი წყვილებისთვის სექსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...