განუმეორებელი სიყვარული
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 23.03

არ არსებობს ერთი და განუმეორებელი სიყვარული. ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც უნდა იბრძოლო. მაგრამ, თუკი თქვენ არ ხართ მზად, იბრძოლოთ მისთვის, ეს სიყვარული ნამდვილი არ არის. თუკი თქვენ ხელების გასვრა არ გინდათ, შანსის გამოყენებისთვის მსხვერპლის გაღება არ გსურთ, ეს სიყვარული არ არის. თუკი თქვენ მთელი გულით არ გსურთ რაღაც, მაშინ თქვენ მას არ იმსახურებთ.
ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ვუყვარდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენზე ზრუნავდნენ. ჩვენ გვინდა, რომ ვგრძნობდეთ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ.
ვერავინ შეძლებს, სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, თუ ჩვეულებრივობის ჩარჩოებს ვერ დააღწევს თავს. ამიტომ ყველას გვჭირდება ადამიანი, ვინც ამ ჩარჩოებიდან გაგვაძევებს. თქვენ გჭირდებათ გრძნობებით, ემოციებით, მოვლენებით მდიდარი ცხოვრება. თუკი ვერ იაზრებთ, რომ მუდმივად გჭირდებათ მისი მოპოვებისთვის ბრძოლა, მაშინ ძალიან მალე მოგწყინდებათ.
დიახ, სიყვარული შეიძლება, ხანდახან ძალიან მომაბეზრებელ საქმედაც მოგვეჩვენოს, დიახ, ხანდახან ურთიერთობა მეორე სამსახურს ემსგავსება, დიახ, ის ხანდახან ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით მძიმდება და ჩვენგან ძალიან ბევრ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ამად ღირს. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ მშვიდ, წყნარ, ვითომ ჰარმონიულ ცხოვრებას, მაგრამ თუ თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ, სხვა პრობლემის წინაშე დგებით – ცხოვრება დუნე და ერთფეროვანი ხდება. ეს თქვენი ბრალი არ არის. ჩვენ ასე ვართ მოწყობილი, როცა რაღაც უპრობლემოდ გვეძლევა, მისგან ნაკლებ სიამოვნებას ვიღებთ, არაფრად ვაგდებთ. იმას, რისთვისაც არ გვიბრძოლია, არ გვიწვალია, არ გვიომია, არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ და სიხარულსაც არ გვგვრის. საქმე ისაა, რომ თუკი არ ვიბრძოლეთ, თუკი არ გადავიხადეთ, თუკი არ გავიღეთ, ვერასოდეს გავიგებთ მის ფასს. ამიტომ თუკი ჯერ არ გიპოვიათ ადამიანი, ვის გამოც მზად ხართ, გეტკინოთ, ძებნა განაგრძეთ.
შეყვარებული ადამიანები ერთად გეგმავენ ცხოვრებას, ერთად ცდილობენ; გააკეთონ ყველაფერი, რომ სიყვარული შეინარჩუნონ. არავინ იმსახურებს უსიყვარულო ცხოვრებას.
სიმართლე ის არის, რომ ყველა გატკენს, შენ, უბრალოდ, ის უნდა იპოვო, ვისთვისაც ტანჯვა ღირს.
რისკები, რისკები...
უფულობა და მატერიალური პრობლემები ოჯახში სტრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. დაბალი შემოსავლის, გადასახადებისა და დასაფარი ხარჯების გამო ჩხუბი ყოველთვიურად გარდაუვალი ხდება. ურთიერთობა ფუჭდება და ერთობლივ ბედნიერ ცხოვრებას დიდი საფრთხე ექმნება. ამასთან, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე უფრო ხელგაშლილი მხარჯავია, ვიდრე მეორე, განქორწინების შანსი 45 პროცენტს აღწევს. ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორი მუშაობს ან მეორეზე საგრძნობლად მაღალი ხელფასი აქვს, ან ერთ-ერთი უფრო პრაქტიკულია, მეორე კი ხელგაშლილი მხარჯავია.
თუ წყვილი დაქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა, ისინი მეტ-ნაკლებად ერთმანეთთან კარგად არიან მორგებული. ამ პრაქტიკამ განქორწინებათა ტენდენცია მკვეთრად შეამცირა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი ურთიერთობა ყოველთვის ამართლებს.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი პროფესიის შემთხვევაში განქორწინების შანსი გაცილებით მაღალია – და ეს არა მხოლოდ პოლიციელებს ან სამხედრო მოსასმახურეებს ეხებათ. ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მაგალითად, მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების შემთხვევაში ქორწინების წარუმატებლად დასრულების შანსი 45 პროცენტსს აღწევს; ბარმენების შემთხვევაში – 38 პროცენტს, მედდების, ფსიქიატრებისა და სხვა მედმუშაკების შემთხვევაში კი – განქორწინების მაჩვენებელი 29 პროცენტია. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ღირებულებებში სხვაობა და ურთიერთობაში ძალაუფლების დისბალანსია.
ფიქრობთ, რომ თქვენ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე თქვენი პარტნიორი? განქორწინების უმთავრესი მიზეზები ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებებში იმალება. ცნობილი მკვლევარი ჯონ გოთმენი ამბობს, რომ ოთხ საკვანძო ფაქტორზე დაყრდნობით, განქორწინების წინასწარმეტყველება 93 პროცენტიანი სიზუსტით შეიძლება. ამ ოთხი ფაქტორიდან ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებულია – გამუდმებით თავდაცვით როლში ყოფნა და კრიტიციზმი. მისი თქმით, პირდაპირ მომაკვდინებელია, როდესაც რომელიმე მიიჩნევს, რომ პარტნიორზე ბევრად მეტია. ამის გამოხატულება კი არის მუდმივად აგრესიისა და ზიზღის გამომხატველი მზერით ყურება, ასევე, ყვირილი. კვლევები აჩვენებს, რომ თუ თქვენ ამას გამუდმებით აკეთებთ, დიდი შანსია, თქვენი თანაცხოვრება განქორწინებით დასრულდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან